Site icon მოიისფრო

ვარდისფერი აუდიტორია

ჩემს უნივერსიტეტში ერთი აუდიტორიაა, სადაც ყოველთვის სიხარულით შევდივარ… უფრო სწორად, ჩავდივარ… სარდაფშია.
მოდით, ყველაფერს დალაგებულად მოგიყვებით. მე ამ აუდიტორიაში მსახიობის ოსტატობა მიტარდება. პირველად, იქ რომ ჩავდიოდი, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს საწამებელ ოთახში ჩავყავდით, რადგან აუდიტორიასთან მისასვლელი გზა საკმაოდ ბნელი იყო.. ნელ-ნელა ჩავდიოდი კიბეზე და საწამებელ ოთახზე ფიქრი არ მტოვებდა… კარს მივუახლოვდით.. შიგნითაც სიბნელე დაგვხვდა.. სიბნელეში უაზროდ ვაცეცებდი თვალებს, ვცდილობდი რამე დამენახა, მაგრამ მხოლოდ ჩრდილებს ვხედავდი და ხმები მესმოდა.. საწამებელი ოთახის იდეა ხმამაღლა გამოვთქვი, ძალით არა, თავისთავად გამოვიდა ასე… ალბათ ემოცია ვერ დავიტიე, ვიღაცამ გაიცინა.
ყურსასმენი მოვიხსენი, მაინც არაფერს ვუსმენდი, ჩანთა მივიხუტე და გვერდით მდგარ ნუკას ხელი მოვკიდე.

ამასობაში თვალიც მიეჩვია სიბნელეს და უცნაურად მოხატული იატაკი გავარჩიე… საწამებელი ოთახის იდეა მსხვერპლშეწირვის აღსასრულებელმა ოთახმა შეცვალა. ისევ ხმამაღლა გამოვთქვი ვარაუდი… ისევ სიცილი… უცებ შუქი აინთო. უეცარმა ნათელმა თვალი მომჭრა და თვალები ოდნავ მოვჭუტე. როცა საგნების ნორმალურად გარჩევა შევძელი, დავინახე, რომ მწვანეკედლებიან აუდიტორიაში ვიდექით. აქ ადრე კაფე ყოფილა… დიდი სივრცე იყო, უამრავი ოთახით და „ლაბირინთით“…
იქაურობას თვალი მოვავლე და თმა გავისწორე, ახლა ხომ უკვე კარგად ვჩანდი… ჩანთასაც გავუშვი ხელი.. ჩანთა თავისუფლად დამეკიდა მხარზე. ნუკა, რომელიც მთელი ეს დრო ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით ჩაბღუჯული მყავდა, გავათავისუფლე. აბნეული ნაბიჯით დავიწყე აუდიტორიაში ბოდიალი…
ვათვალიერებდი ყველაფერს, აუდიტორიის ყველა კუთხე-კუნჭულს, სადამდეც კი თვალი მიმიწვდებოდა, სტუდენტების, მომავალი ჯგუფელების სახეებს… ალბათ კიდევ დიდ ხანს ვიბოდიალებდი, ვარდისფერი აუდიტორიიდან ლექტორს რომ არ დაეძახა… იმ აუდიტორიიდან, რომლის გამოც ამდენი ვწერე..
ჩემ სკამს ხელი დავავლე და ვარდისფერკედლებიანი აუდიტორიისკენ წავედი. სკამი მგონი ჩემზე დიდი იყო, შესაბამისად მძიმეც, შედეგი – ისევ არეული ნაბიჯი…
სკამი იატაკზე დავდგი და დავჯექი, ალბათ ეს ქმედება უფრო წარმატებული იქნებოდა, ყურსასმენის შნურებში და ჩანთის გადასაკიდში რომ არ გავხლართულიყავი… რა მოუხერხებელი ვარ…
დავჯექი და აუდიტორიას თვალი მოვავლე, უფრო თბილი გარემო იყო, ვარდისფერი კედლები, პატარა ნათურები ჭერზე, ნახევარწრეზე მსხდომი სტუდენტები და უსაზღვრო ინტერესი ლექტორის მიმართ… ვარდისფერი აუდიტორია გახდა ჩვენი ცხოვრების ნაწილი და ალბათ სულ კარგად გამახსენდება… მიუხედავად იმისა, რომ საშინლად ამატკია თავი ვარდისფერმა ფერმა 😀
მიუხედავად იმისა, რომ ამ აუდიტორიაში მუდამ რაღაცას ვეჯახები, კედლების ფერი თავს მატკიებს და მერე ტკივილი მთელი დღე მიმყვება, მაინც სიხარულით ჩავდივარ იქ…
^^
<3

Exit mobile version