Site icon მოიისფრო

"ვითამაშებთ, კიდევ ბევრ სპექტაკლში ვითამაშებთ და ვიჯამბაზებთ, სანამ შეგვეძლება!"

ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ნიკა წულუკიძემ საგამოცდოდ რომელიმე მსახიობისგან ინტერვიუს აღება დაგვავალა.
მაშინვე ვიფიქრე, ბატონ ჯემალ ღაღანიძესთან წავალ – მეთქი, მაგრამ ვერანაირი საკონტაქტო საშუალება ვერ ვნახე.
ბოლოს გამახსენდა, რომ გაგას (ჩემი პირველი კურსის პედაგოგს) თავის სპექტაკლში “გონზაგოს მკვლელობა” ყავდა დაკავებული ბატონი ჯემალი.
ვთხოვე რამე მიშველე-მეთქი 😀
საოცრად კარგი ადამიანია, მარტო კონტაქტები კი არ გამიგო, თავად დაურეკა, შეხვედრაც დამიგეგმა და ასე მოვხვდი სრულიად დაუგეგმავად რუსთაველის თეატრის საგრიმიოროში.
ზუსტად ნახევარ საათში გადაწყდა, რომ იქ უნდა მივსულიყავი. 2 წუთში გავამზადე კითხვები, ავიღე დიქტოფონი, ჩავიცვი და წავედი.
ძალიან ვნერვიულობდი, არანაირი პრაქტიკა არ მქონია ამ სფეროში.
დაგეგმილზე ნახევარი საათით ადრე მივედი, თუმცა თავადაც ადრე მოვიდა და ინტერვიუც ადრე დავიწყეთ.
აჟიტირებული ვიყავი!!! წარმოიდგინეთ, იმ შესასვლელით ვსარგებლობდი, საიდანაც მხოლოდ მსახიობები შედიან თეატრში, სულ მაკანკალებდა.
მივდიოდი ასეთი დიდი მსახიობის გვერდით ერთი ციცქნა გოგო. როგორც ფიზიკურად, ისე პროფესიულად 😀 მე ხომ ჯერ მეორე კურსზე ვარ თეატრში.
ექსპერიმენტულ სცენასთან საოცარი სიმშვიდე სუფევდა. მარტო თეატრში რომ შეიძლება იყოს, ისეთი სიმშვიდე.
იქვე საგრიმიოროში ჩავწერეთ ინტერვიუ, რომელსაც დაბლა შემოგთავაზებთ ^_^

პირველ რიგში მინდა გკითხოთ, რამ გადაგაწყვეტინათ მსახიობობა?

ახლა რომ ჩემი სკოლის მეგობრებს ვხვდები, მეუბნებიან ყველაზე ბედნიერი კაცი ხარო. არადა თავის მხრივ ყველა კარგ ადგილასაა, ზოგი უნივერსიტეტში, ზოგი სად ზოგი სად. რომ ვეკითხები რატომ – მეთქი, მპასუხობენ იმიტომ, რომ შენი გაიტანეო. სადღაც მე-7 კლასში ვიყავი როცა მსახიობობის ჭია გამიჩნდა. იმ პერიოდში მშობლებმა ქვიშხეთში არსებულ პიონერთა ბანაკში გამიშვეს. ამ ბანაკის პიონერთა ხელმძღვანელები თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები აღმოჩნდნენ, მათ შორის გურამ საღარაძეც იყო. მთელი ზაფხული ერთად გავატარეთ. გურამი მთელი ზაფხული მაკვირდებოდა, აქტიური ვიყავი, ვარტისტობდი ცოტას და მითხრა, შენ მგონი ჩვენი ინსტიტუტის კაცი ხარო. მე კიდევ ეს მინდოდა? უფრო გამიღვივდა სურვილი. რომ ჩამოვედით გურამმა თავის საკურსო სპექტაკლზე დამპატიჟა. „ფიგაროს ქორწინება“ დაიდგა. გურამი, რამაზ ჩხიკვაძე, ლეილა აბაშიძე – უძლიერესი ჯგუფი იყო. ამან კიდევ ცეცხლზე ნავთი დამისხა, ისეთი კარგები იყვნენ მტკიცედ გადავწყვიტე, რომ მეც მათთან უნდა ვყოფილიყავი.

იცოდით თუ არა იმ სირთულეების შესახებ რაც მსახიობის ცხოვრებას ახლავს თან?

ვიცოდი, თანაც მე ორმაგი სირთულე მქონდა. როგორც გითხარით საინგილოში დავამთავრე სკოლა და იქ არანაირი ქართული ლიტერატურა არ იყო. რაღაც კომუნისტური ლექსი მოვამზადე გამოცდისთვის, ბელიაშვილის მოთხრობიდან რაღაც ნაწილი და ასე მოუმზადებელი გავედი გამოცდაზე. ის ლექსი რომ ვთქვი, მკითხეს ეგ ახლა შენ მოგწონსო? არა – მეთქი. გაეცინათ, აბა რამ გაიძულა ამის წაკითხვაო. მოვუყევი.
კი, უამრავი სირთულეა ამ პროფესიაში, მაგრამ თუ მართლა გინდა ამ საქმის კეთება, მაშინ ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს.
მენდო თეატრი და მეც არ მინდოდა ამ ნდობის გაცრუება. ალბათ ამიტომაცაა რომ ბევრ ფილმზე ვთქვი უარი, თეატრი ვარჩიე.

თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ ის გრძნობა რაც პირველად თამაშს ახლავს?

როგორ არა, როგორ არა… რა დამავიწყებს!
ჩემი სადებიუტო სპექტაკლი იყო „ფილოსოფიის დოქტორი“, თუმანიშვილმა დადგა. რომ გითხრა, ბევრი ტექსტი არ იყო ჩემ როლში, ძირითადად პლასტიკა. ვნერვიულობდი ბუნებრივია, ეგ გრძნობა არ ქრება, ახლაც, ამდენი წლის მერე, პრემიერაზე კვლავ ვნერვიულობ. ეგაა სწორედ თეატრი, ამითაა ბედნიერება.
რომ ვითამაშე ეს სპექტაკლი, ერთი კულისიდან მეორეში მქონდა გადასვლა. სანამ სცენას გამოვივლიდი, ტაში არ შეწყვეტილა, საოცარი გრძნობა იყო.

ასაკში მყოფი ადამიანისთვის რთულია სცენაზე დგომა?

რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია, ბევრ რამეში უკვე ხელს გვიშლის. ახლაც კარგი შემოთავაზება მაქვს ფილმის, მაგრამ რომ წავიკითხე სცენარი, ზოგან ცხენზე ჯდომა, ხმალაობაა საჭირო და ბუნებრივია შევფიქრიანდი, შეიძლება ვერ შევძლო. ესაა სიბერე.

მსახიობის გზა სავსეა წინააღმდეგობებით, თქვენ შემთხვევაში როგორ იყო? სულ გიმართლებდათ?

ეგ კარგი სიტყვა მითხარით, მიმართლებდა ნამდვილად. ზოგადადაც მსახიობის ცხოვრებაში გამართლებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ყოფილა შემთხვევები, უბრალო დუბლიორობიდან პირდაპირ პრემიერა მითამაშია, „ბახტრიონში“ წიწოლას როლი მაგალითად. შემდეგ ეს როლი ჩემი საუკეთესო როლი გახდა, გამართლებაა, აბა რა არის.

თქვენ საკმაოდ ახალგაზრდამ მიიღეთ დამსახურებული არტისტის წოდება. ეს დიდ აღიარებასთან ერთად ალბათ დიდი პასუხისმგებლობა იყო.

როგორც გითხარით, მე შევატყვე, რომ თეატრი მენდობოდა. ამიტომ ყველანაირად ვცდილობდი ეს ნდობა გამემართლებინა. მოსკოვში ტარდებოდა ახალგაზრდობის მსოფლიო ფესტივალი. ხელოვნების ყველა დარგის საუკეთესო ნომრები გაქონდათ. ბიჭიკო ჩხეიძის წყალობით გადაწყდა, რომ თეატრის სახით ჩხიკვთა ქორწილი წაეღოთ და ყველა თეატრიდან თითო არტისტს ეთამაშა. აიყვანეს უდიდესი მსახიობები: დოდო აბაშიძე, ეროსი მანჯგალაძე, რას მოვიფიქრებდი, რომ მეც მოვხვდებოდი იქ, მაგრამ ამიყვანეს ჩხიკვი ზაქარას როლზე. ეს მართლაც უდიდესი ნდობა იყო მათი მხრიდან და ჩემი მხრიდან უდიდესი პასუხისმგებლობა. ამის გამო მე თეატრის მიტოვება და სხვაგან გადასვლა არც მიფიქრია.

ახლა რომ გითხრათ ვინმემ, ცხოვრებას თავიდან იწყებთო, რა გზას აირჩევდით? ისევ მსახიობი იქნებოდით?

რას ამბობთ, აბა რა! რაზეა ლაპარაკი. იმიტომაცაა ჩემი შვილიშვილი მსახიობი. იგივეა, ჩემი შვილიშვილი დავტოვე აქ, რომ ჩემი გზა გააგრძელოს.

ალბათ ყველა მსახიობს აქვს თავის თავში რაღაც, რაც მას თამაშში ეხმარება. ზოგის შემთხვევაში რწმენა და .. თქვენთვის რა იყო ეს?

ნიჭი ისეთი რამეა, რაც არ ისწავლება. პროფესია შეიძლება ისწავლო, ნიჭი – არა. ღვთისგანაა ეს ბოძებული და ეტყობა მართლა ღმერთმა მიკარნახა რაღაც, რომ მე-6 კლასიდან მეუბნებოდა ყველა ეს არტისტი უნდა იყოო. ამანაც მომცა ბიძგი, რომ მსახიობი უნდა ვყოფილიყავი, ჩემ თავში დავრწმუნდი. ალბათ ეს დამეხმარა ძალიან.

როგორ შეაფასებდით განვლილ ცხოვრებას?

ყოველთვის, თუკი ამ კითხვას მისვამენ, პასუხს ვიწყებ იმით, რომ ბედნიერი კაცი ვარ. ჩემი მეუღლე სულ მეუბნება არ გიწყინოს ღმერთმა, გაჩერდიო. რაღა უნდა მიწყინოს (იცინის). მე ვარ უბედნიერესი კაცი, რომ მოვხვდი აქ, თანაც მთელმა ჩემმა მოღვაწეობამ ჩაიარა რუსთაველის თეატრში. აქ ვამთავრებ ჩემს მოღვაწეობას.

რა რჩევას მისცემდით მსახიობების მომავალ თაობას?

აი, შენც აქ ხარ და გირჩევ, როგორც მსახიობს. თუ ირჩევ ამ პროფესიას, უნდა თავი გადადო მისთვის. ძალიან რთულია. პირველ რიგში შენი თავის რწმენა უნდა გქონდეს. შენი თავი უნდა იპოვო, შენი საქმე. იმ შტანგის აწევა არ უნდა მოინდომო, რომელსაც იცი, რომ ვერ აწევ. იმან აწიოს, ვინც შეძლებს. შენ შენი საქმე აკეთე კარგად, ეგაა მთავარი. შენი შენად უნდა დარჩეს, სხვისი – სხვისად. ამას ვურჩევ მომავალ თაობას.

თამარ ლალიაშვილი.

უზომოდ ავჟიტირდი 😀
შევხვდი უდიდეს მსახიობს, ვესაუბრე საათნახევარი და ყველაზე მეტად რაც გამიხარდა, წარმატებები მისურვა და შენი სპექტაკლი არ გამომაპაროო – ესეც დამიბარა.
მოკლედ, უფრო მეტი სტიმული მომეცა, რომ ორმაგი ძალებით გავაკეთო ის, რასაც ვაკეთებ. <3

Exit mobile version