Site icon მოიისფრო

თებერვლის 15-ს.

სპეციალურად ვწერ ამ პოსტს 15 თებერვალს. ანუ მაშინ, როცა ე.წ. “სიყვარულის დღე” აღარაა.
ყოველთვის აღვნიშნავდი ამ დღეს. მნიშვნელობა არ ქონდა მეგობრებთან, თუ შეყვარებულთან ერთად და ყოველთვის მეცინებოდა იმ ტიპებზე, რომლებიც ამბობდნენ, ყოველი დღე სიყვარულისაა და თარიღები საჭირო არ არისო. მეგონა ამით ამართლებდნენ თავიანთ მარტოხელობას, ან რაიმე სხვა მიზეზი ქონდათ.
ამ წლის 14 თებერვალს მივხვდი, რომ თურმე მართლა არანაირი მნიშვნელობა არ ქონია ამ თარიღს.
მე შენ მიყვარხარ, ჰო.
მიყვარს შენთან ერთად დაუსრულებელი ბოდიალი, კითხვა, ფილმების ყურება.
ცხელი შოკოლადით და შენით გამთბარი არსებობა, ფოტოების გადაღება, მათი გამჟღავნების და დაბეჭდვის მოლოდინი.
ჩვენი ჩხუბებიც მიყვარს (რომლებიც ასე იშვიათია), შერიგებები – კიდევ უფრო მეტად მიყვარს.
შენთან ერთად Pink Floyd-ის მოსმენა და მუსიკის სამყაროში გადასვლა.
მიყვარს ჩვენი მსგავსებები და განსხვავებები.
შენს თბილ ოთახში ჩაის დალევა მიყვარს, კიდევ შენს სამზარეულოში ერთობლივად მომზადებული საჭმელი.
მე ვიცი, რომ ფერებით, სითბოთი და სინათლით გავსებ. ისიც ვიცი, რომ შენც იცი – როგორ ვფერადდები შენთან.
ჰო, ჩვენ ერთმანეთს ვაფერადებთ,  ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით.
რომელ თარიღებზეა საუბარი, როცა ყოველ დღე ერთმანეთი ახლიდან, უფრო მეტი სიმძაფრით გვიყვარდება?
რომელი თარიღი შეედრება შემოდგომის ოქროსფერ დღეებში ერთმანეთში ახლართულ თითებს და გაორმაგებულ გულისცემას?
რომელი თარიღი შეედრება ერთმანეთისთვის მოულოდნელად გაკეთებულ საჩუქრებს?
და ჩვენ გაზაფხულს – ყველაზე თბილს, ლამაზს და ჩვენეულს.
რომელი თარიღით აღინიშნება ზამთრის ცივ დღეებში ერთმანეთით ავსებული არსებობა და ხედი შენი ფანჯრიდან?
ვერც ერთი “14 თებერვალი” ვერ იქნება სიყვარულის დღე ჩვენთვის. ზუსტად იმიტომ, რომ ყოველი ახალი დღე სიყვარულისაა. (და აი, ფრაზა, რომელზეც სულ მეცინებოდა).
მე შენ არ გილოცავ 14 თებერვალს. გილოცავ თებერვლის 15-ს – დღეს, როცა ერთმანეთი გუშინდელზე მეტად გვიყვარს.
მინდა ყველა თვის ყველა დღე სიყვარულის იყოს ჩვენთვის. და ასე, დაუსრულებლად.

Exit mobile version