Site icon მოიისფრო

ის, ვინც ას წლიანი მარტოობისთვისაა განწირული.

“ის, ვინც ას წლიანი მარტოობისთვისაა განწირული, აღარასოდეს მოვა ამ ქვეყნად.”

სევდამ და მარტოობამ იმდენად გაიდგა ფესვები ჩემში, რომ შემაძრწუნებლად ბუნებრივია უკვე ეს ყველაფერი. ალბათ ამიტომ ვერ ვჩერდები აქ, ამიტომ მეცოტავება ჰაერი და ამიტომ აღარ აქვს დღეებს არც ერთი ფერი, აღარც შენს სიტყვებს აქვს გვიმრის გასრესილი ფოთლების სუნი და გემო.
ცოტა კი მიკვირდა, როგორ შეიძლებოდა ამდენი ადამიანის გარემოცვაში მარტო ეგრძნო თავი ვინმეს, მაგრამ როცა ზუსტად ისინი აღმოჩნდებიან უცხოების როლში, ვისგანაც ყველაზე მეტად ელოდი დახმარებას, ვის გამოც არ გეშინოდა მარტოობის და ვისი იმედიც ყველაზე მეტად გქონდა, ხვდები, რომ მართლაც სამუდამო მარტოობისთვის ხარ განწირული მილიონობით ადამიანით გარშემორტყმული.
ჰო, ლამაზი ხარ, მხიარული, აქტიური, ყველას უყვარხარ თითქოს და ამ დროს მარტოობა ისეთი შემაძრწუნებელი ხდება, ისეთი ცივი და საშინელი, რომ გგუდავს, სუნთქვის საშუალებას არ გაძლევს და არ იცი როგორ დააღწიო თავი მისჯილი სიცოცხლის ეკლიან მარწუხებს.
რა გინდა რომ ქნა, როცა რეალურად არავის აინტერესებ და არავის სცალია შენთვის?
გგონია ვინმეს ეყვარები? გგონია, ვინმე იბრძოლებს? არა, საყვარელო.
მწარედ შეცდი.
იმდენად მწარედ, რომ ახლა, მიწაზე დანარცხებული, უკვე გადამტვრეული ფრთების ტკივილს გრძნობ.
არ გინდა ცრემლები, არც იმის გახსენება ღირს რას იხსენებდა დასახვრეტ კედელთან მდგომი პოლკოვნიკი აურელიანო ბუენდია. ისედაც მშვენივრად ვიცით, რომ ანალოგიურ სიტუაციაში მხოლოდ ის გვექნება გასახსენებელი, როგორ დაგვტოვა ყველამ მაშინ, როცა ყველაზე მეტად ვსაჭიროებდით მათ.
ასე, მარტივად.

Exit mobile version