Site icon მოიისფრო

მაგრამ არა ეს წამი და არა ეს გრძნობა…

დღე I

 

გათენდა.

დრო- 7:30.

სრული მზადყოფნა დღის დასაწყებად.

უშაქრო ყავას ვსვამ და ფანჯრიდან ვიხედები. არავინაა ქუჩაში. აივნის კარს ვხსნი და გავდივარ. სიმშვიდეა. უპატრონო ძაღლების ხმა ისმის.

შემოვდივარ ჩემს ოთახში, ვხსნი მეილს და დღის განრიგს ვუყურებ. უნივერსიტეტი, პრეზენტაცია, ტრენინგი, ბატონ ავთოს უნდა შევხვდე, თეატრშიც უნდა შევიარო.

ჯანდაბა, ეს რაღაა. რა დროს პაემანია, თანაც უცნობთან.. კარგი,  დღეს მოვიფიქრებ რამეს და ალბათ უვადოდ გადავდებ ამ ბიჭთან შეხვედრას. დაქალებთან დროის კარგვა მეყოფა…

ჯანდაბა… ნინიც უნდა ვნახო დღეს.

ნანას პრობლემები აქვს, უნდა ვნახო.

ნატალი ელოდება პატარას, ჩემს მომავალ ნათლულს, უნდა ვნახო.

დისშვილი მომენატრა, უნდა ვნახო.

და კიდევ ერთი.. პრობლემა, სახელად „თ“. ეს ბიჭი თავიდან უნდა მოვიშრო… და საერთოდაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავამთავრო  დროებითი ურთიერთობებით თამაში.

9:30..

სახლში არავინაა.

10:00

„ყველაფერი დროებითია და ყველაფერი იყიდება“-რას ფიქრობდა ბეგბედერი ამას რომ წერდა?!!))) მეცინება ჩემთვის. მართალი კი დაწერა.

„მარშუტკით“ ვერ ვიბოდიალებ. ტაქსი გავაჩერე.

რა თქმა უნდა.. ტაქსის მძღოლის ფილოსოფია და ფილოსოფიის ლოგიკური დასასრული უნივერსიტეტის კართან.

-გმადლობ, ნახვამდის.

„ადამიანიც ერთი ჩვეულებრივი პროდუქციაა, რელიზაციის განსაზღვრული ვადით“-რას გადავეკიდე ამ დებილი კაცის წიგნს. როგორც ჩანს ბეგბედერის დღე მაქვს.

დღე ლოგიკურად დასრულდა. თათო, თეატრი, დალევა..

თუმცა ჩემთვის ჯერ არ დასრულებულა.

ემოციები არ მახსოვს.

დღესაც უშედეგოდ ვცდილობ რაიმე გავიხსენო.

სადღაც ხომ მაქვს ეს ოხერი გული.

რატომ აღარაფერს არ გრძნობს????

აღარაფერს…

აღარაფერს..

ვინმემ მატკინოს მაინც, იქნება მეტკინოს, ან რამე ვიგრძნო..

უბრალოდ ემოციების გახსენება მინდა..

ჰოდა დღეს 7 საათზე მივდივარ პაემანზე.

ემოციები უნდა გავიხსენო.

ყველაზე ბანალურ და საშინელ ადგილზე გვაქვს შეხვედრა დანიშნული.

ალბათ უფანტაზიო ბიჭია.

მგონი პატარაა.

არ აქვს მნიშვნელობა.

მომბეზრდა კარიერისტობა და დღე და ღამე სამეცნიერო ლიტერატურით ტვინის გაბრუება.

„საკუთარი თავი უნდა გაიხსენო, უნდა გაიხსენო ისეთი, როგორიც ადრე იყავი, წინააღმდეგ შემთხვევაში დაიღუპები“-ერთი ბებერი იაპონელი მწერალი ამბობდა ამას, ქენძაბურო ოე.

ჰოდა იქნებ გავიხსენო ლაღი ჩემი თავი.

აღარ მინდა წარმატებები და უამრავი ყალბი ღიმილი.

უბრალოდ მინდა უბრალოება.

მოვიდა.

გამიღიმა ბავშვურად.

რაღაც კაფის მსგავსში დამპატიჟა. ბევრი ილაპარაკა. მეც ველააპრაკე. ემოციები რა თქმა უნდა ვერ გავიხსენე, მაგრამ მასთან საუბრისას ვხვდებოდი, რომ მინდოდა ეკოცნა ჩემთვის.

ლამაზი თვალები აქვს.

ხშირად მიღიმის.

გულწრფელია.

ვცდილობ არ გამოვიყენო „ჩემი საფირმო მზერა“. ამის გამო კარისკენ მიწევს ხშირად გახედვა.

რა დამიშავა ამ ბიჭმა, რატომ უნდა შევუყვარდე..

მიღიმის.

თვალის კუთხეებთან ჩემნაირი ნაოჭები უჩნდება სიცილის დროს.

არა,  ჩემი უნდა იყოს, მორჩა.

შევხედე. თვალებში კი არა, პირდაპირ სულის ყველაზე ბნელ და მისთვისაც კი უცხო სიღრმეში ჩავიხედე.

ამ ბიჭს ემოციები ჯერ კიდევ შეუძლია.

ფული დააკლდა და დავუმატე.

მაგრამ რა შუაშია ფული..

ან რა დროს ფულია.

გამოვდივართ.

-გინდა ჩემს საყვარელ ადგილზე წაგიყვანო?

-კი მინდა-მორცხვივით მპასუხობს

-კარგი, ფეხით გავიაროთ, აქვეა მალე მივალთ.

ეს ის ადგილია სადაც ოდესრაც სა
მუდამოდ თავიდან მოვიშორე ჩემი ყველა ემოცია, სადაც დავმარხე ყველაფერი, რაც ბავშვობასთან და გულუბრყვილო ცრემლებთან მაკავშირებდა. მას შემდეგ არ მიტირია გულით.

მოვედით.

-ლამაზი ხედია, ეს ადგილი არ ვიცოდი.

არ მახსოვს რა ვუპასუხე, მაგრამ ხედი აქ მეხუთეხარისხოვანი იყო.

მისი ტუჩები ვიგრძენი.

ნაზია..

არ ვიცი, იქნებ მთელი ცხოვრებაა გიცნობ..

-მე არ ვიცი შენთვის დღევანდელი დღე რას ნიშნავს, მაგრამ მე მინდა რომ ეს დიდ ხანს გაგრძელდეს და არ მინდა იყოს დროებითი.-რაღაც ამის მსგავსს მეუბნებოდა, თან მომავლის გეგმებს აწყობდა, როგორ წავიდოდით ერთად ზღვაზე.

მაგრამ, მე არ ვიცოდი იმ დროს მისი პასუხი. მე ვიცოდი ის, რომ ტყუილი თქვა ბეგბედერმა. მე ვიცოდი, რომ ეს წუთი და ეს ემოცია ყოველთვის მემახსოვრებოდა. მე ვიცოდი, რომ ეს გრძნობა არ შეიძლებოდა გაყიდულიყო.

ჰო, „ყველაფერი დროებითია და ყველაფერი იყიდება“, მაგრამ არა ეს წამი და არა ეს გრძნობა…

 

P.s. ჩემი ბოლოდროინდელი პოსტების გმირის, მარიტას დაწერილია <333
ბედნიერი ვარ, რომ ეს ადამიანი ახლა ამ ადამიანთან ბედნიერია :3 დიახ!

Exit mobile version