Site icon მოიისფრო

მამას

ასეთი ცარიელი არასდროს ვყოფილვარ. 
არც მაშინ, ბებო თოვლის ფანტელივით რომ ჩამადნა ხელში. 
მეგონა, ვერაფერი იქნებოდა იმაზე უარესი, შენს თითებში რომ უწყდება პულსი ადამიანს. 

გულის სიღრმეში ვიცოდი, რომ ასე მოხდებოდა. 
ვიცოდი, მაგრამ თურმე ადამიანი ვერასდროს იქნები მზად ასეთი რამისთვის. 

ამ დღეებმა სრულ ბურუსში ჩაიარა. 
იმდენად ვერ მივიღე ფაქტი, რომ ცოცხალი აღარ ხარ (ვერც ახლა ვიღებ),
რომ ვერ ვხვდებოდი რას განიცდიდა ეს ხალხი,
ვერ ვხვდებოდი რატომ ტიროდნენ, საერთოდ ვერ მივხვდი რა მოხდა. 

მართლა, რა მოხდა? 
ასე უცებ როგორ გაქრი? 
რამხელა სისულელეა… 
რამხელა უსამართლობაა… 
ვერ ვიჯერებ და მგონია, რომ ვერც ვერასდროს დავიჯერებ. 

შენი ნაქონი სამაჯური მიკეთია. 
ვუყურებ და ვერ წარმომიდგენია, რომ მოგონებების გარდა აღარაფერი დამრჩა. 
რა ვქნა, ვერასოდეს მივიღებ ამ ფაქტს. 

ერთდროულად იმდენ რამეს ვგრძნობ, მგონია, რომ რაღაც მომენტში უბრალოდ ვეღარ გავუძლებ. 
მერე, როცა ემოციები პიკს აღწევს, უბრალოდ ვბლოკავ. 
ვბლოკავ, იმიტომ, რომ არ შემიძლია ამაზე ფიქრი. 
რომ ვიფიქრო, ყველაფერი რომ გავიხსენო, რაც იყო და უბრალოდ ვეღარ იქნება… არ მინდა.

ამიტომ მირჩევნია, უბრალოდ ვიფიქრო, რომ არც არაფერი მომხდარა,
რომ ეს დღეები ვიღაც სხვა ადამიანის ცხოვრებით ვიცხოვრე და მომხდარს არაფერი აქვს საერთო ჩემთან. 

მხოლოდ რაღაც მომენტებში აანალიზებს გონება ყველაფერს და რაღაც ისე მიჭერს ყელში,
მგონია, რომ ჰაერის ერთ მოლეკულასაც ვერ ჩავისუნთქავ და საკუთარ ცრემლებში დავიხრჩობი.

არ ვიცი, რა ქვია ასე ყოფნას. 
არყოფნა – ყველაზე მეტად უხდება, ალბათ. 
არანაირად არ ვარ.
არც ცუდად, არც ისე რა, კარგად – მითუმეტეს არა. 
სადღაც ყოფნასა და არ ყოფნას შორის გავიჭედე და აბსოლუტურად ყველანაირმა ემოციამ დამტოვა. 

იმ სახლში ყოველი შესვლა, სადაც შენ არ ხარ… როგორ, რანაირად? 
შენს სურათს ვუყურებ და ვფიქრობ, მართლა აღარ ხარ?
ასე მალე? 
ასეთი ცოტა დრო რანაირად გვქონდა? 
ვინ გადაწყვიტა, ვინ გადაგვიწყვიტა, რომ ეს დრო საკმარისი იყო?
ან როგორ მოხდა, რომ შენთან ყოფნის შანსი ამდენჯერ არ გამოვიყენე? 
რამდენჯერ შემეძლო მოსვლა და არ მოვედი? 
რამდენჯერ შემეძლო შენ გვერდით ყოფნა და არ ვიყავი? 

მეგონა უამრავი დრო გვქონდა, მამა. 
მეგონა ნებისმიერ დროს მოვიდოდი და ჩაგეხუტებოდი, როცა მომინდებოდა. 
მართლა მეგონა, გეფიცები.
რომ მცოდნოდა, რომ ასეთი ცოტა დრო გვაქვს, ერთი წამით არ გაგიშვებდი ხელს.
ყოველ შესაძლო წუთს შენთან გავატარებდი.
ვერ ვხვდები, როგორ ვაპატიო საკუთარ თავს უშენობა. 

დამესიზმრე მაინც. 
ყველგან იყავი და უცებ, აღარსად ხარ. 
არც სიზმრებში, არსად. 

თურმე რამდენად შეიძლება გიყვარდეს ადამიანი. 
რა თქმა უნდა, თითქმის ყველა შვილს უყვარს მშობელი,
მაგრამ თურმე იმაზე ათჯერ, ასჯერ და ათასჯერ მეტად მყვარებიხარ, ვიდრე მეგონა. 

ვერ ვხვდები, რა ვუყო ამ მონატრებას. 
სად წავიღო, სად დავმალო, რომ აღარ ვიგრძნო.
როგორ მენატრები…

“მიშველე, მამა, მტკივა” – ეს სიტყვები რამ უნდა დამავიწყოს? 
რამ უნდა დამავიწყოს შენი თვალები, ბოლოს რომ გნახე ათას მილზე მიერთებული? 
რაღაცის თქმას ცდილობდი, მაგრამ ვერ თქვი. 
რისი თქმა გინდოდა? 

მილიონი კითხვა მაქვს და არც ერთი პასუხი. 
არაფრის შეცვლა არ შემიძლია და მანადგურებს ეს უმწეობის განცდა. 
ლამისაა ბრაზისგან და უსამართლობის შეგრძნებისგან დავიხრჩო. 
როგორ ვერ გიშველე… 

ერთადერთს შემიძლია შეგპირდე.
აუცილებლად მივიყვან ბოლომდე ყველა შენს დაწყებულ საქმეს. 
ვეცდები მაინც. 
დანარჩენი… 
არ ვიცი რა იქნება. 
ოდესმე აუცილებლად შევხვდებით, ეს ვიცი ზუსტად. 
ყველაფერს ეშველება ალბათ იმ ფაქტის გარდა,
რომ შენ აღარ ხარ და მე – უბრალოდ არ ვიცი, რა ვქნა. 

Exit mobile version