Site icon მოიისფრო

მე+შენ ♥ ნაწილი II

 

სწავლა იწყებოდა ^.^ ისე მიხაროდა დღეებს ვითვლიდი…
რა თქმა უნდა გამიხარდებოდა, ჯერ ერთი „ოფიციალურად“ ვიწყებდი ფსიქოლოგიის შესწავლას, თან იმდენი ვიკითხე ერთი სული მქონდა ჩემ ცოდნას როდის „გადმოვაფრქვევდი“, მეორეც – თეატრი!!! მეორე ფაკულტეტად ხომ თეატრალური მქონდა არჩეული… ძალიან მიზიდავდა თეატრი თავის ჯადოსნური გარემოთი.. თან სანამ სწავლა დაიწყებოდა მოვასწარი ზოგი სტუდენტის გაცნობა და ერთი სული მქონდა მათ როდის შევუერთდებოდი..
ნანატრი დღეც დადგა <3
სახლში ფრთაშესხმული მივედი.. ძალიან მომეწონა იქაური გარემო, თითქოს სულით ვიყავი თავისუფალი, არ მჭირდებოდა იმ ადამიანის „დამალვა“, რაც ვიყავი, რადგან იქ არავინ ცდილობდა ჩემ შეცვლას. ისეთი მიმიღეს როგორიც ვიყავი და ეს მახარებდა…
მეორე დღეს მსახიობის ოსტატობა მქონდა. აღმოვაჩინე, რომ ნინო ბურდული მასწავლიდა, რამაც უფრო აღმაფრთოვანა. ჯერ კიდევ „ყავა და ლუდი“ – დან მომწონდა ეს ქალი…
ოთხ საათიანი ლექციის მერე მარის გავუარე…
მისი ჯგუფელი გავიცანი.
ბზიკიც მოვაო – მითხრა..
არც გამხარებია, არც მწყენია..
თან იმდენად ვიყავი გატაცებული გასული ლექციით, რომ ნამდვილად არ დავინტერესებულვარ ვინ მოვიდოდა და რატომ.
ბზიკიც მოვიდა, ჩვეულებრივ მივესალმე და ჩემ ლექციაზე განვაგრძე მოყოლა.
– თეატრალურზე სწავლობ? – ბზიკიმ მკითხა.
– ჰო, მეორე პროფესიაა <3 მეორადი ფაკულტეტი, დღეს მქონდა პირველი ლექცია მსახიობის ოსტატობაში, იცი რა კარგი იყო? – რომ ჩავირთე ვეღარც მარიმ გამომრთო და ვეღარც გიომ (ბზიკის გიო ქვია).. მერე მე თვითონ მივხვდი, რომ ტვინი გავბურღე და გავჩუმდი, თუმცა დიდ ხანს ვერ მოვახერხე, ისევ დავიწყე ლაპარაკი.
– გაქვს ნიჭი, დარწმუნებული ვარ მიაღწევ იმას, რასაც გინდა. – დამაიმედა.
გავიღიმე, გამიხარდა…
– ფაო, აბა ლექსი წაიკითხე – გიომ თქვა უცებ.
გაოცებულმა შევხედე ჯერ მარის, მერე გიოს. მეგონა მეკაიფებოდა, მაგრამ არაფერი ეტყობოდა კაიფის, როგორც ჩანს სრულიად სერიოზულად მთხოვა.

***

გამიკვირდა… ცოტა ხანი ხმა არ ამომიღია.. მერე მოვიმიზეზე, ახლა ლექსების ხასიათზე არ ვარ – მეთქი..
– მსახიობობა გინდა? – მკითხა…
– მინდა.. – ამაში დარწმუნებული ვიყავი.
– ჰოდა წაიკითხე…
კოსტავაზე მივდიოდით… მარის ისტერიკის მიუხედავად მაინც მეტროთი გადავწყვიტეთ წასვლა…
„ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი“ …
დავიწყე ჩუმად…
გამიკვირდა, რომ თვითონაც ამყვა…
აი ასე, მივდიოდით კოსტავაზე და მთელი ხმით და გრძნობით ვკითხულობდით გალაკტიონს…
პირადად მე სულ არ მაინტერესებდა რას ფიქრობდნენ გამვლელები… ალბათ არც გიოს…
ის დღე მიმავიწყდა…
ჩამითრია სწავლამ…
ერთი-ორჯერ კიდევ ვნახე შემთხვევით…
რაღაც დრომ გაიარა და ისევ გეპეისთან ვნახე.. ისევ მარის გავუარე..
დავურეკეთ, მაინც არ ვაპირებდით ჯერ სახლში წასვლას…
ჩვეულებრივ დავიწყეთ ლაპარაკი რაღაც თემაზე, თუ არ ვცდები იმას ვამბობდი, რომ მონდომების შემთხვევაში ყველაფერს მიაღწევ…
რა თქმა უნდა მეკამათებოდა, თან ნამუსზე მაგდებდა, თუ რამეს ამბობ ფაქტებითაც დაამტკიცეო…
– ხომ ფსიქოლოგი ხარ? ჰოდა მითხარი, რა ვქნა? – არადა როგორ ვერ ვიტანდი ამას რომ მეუბნებოდნენ…
– ალბათ არ ინდომებ საკმარისად, თორემ ყველაფერს მიაღწევდი რასაც ისურვებდი… – ის ვუპასუხე რასაც ვფიქრობდი…
ბევრი ვიკამათეთ ამ თემაზე და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს დამეთანხმა…
მერე ხმა აღარ ამოგვიღია არც ერთს…
სამივემ მოვიწყინეთ…
მეც, გიომაც, მარიმაც…
თითქმის სიტყვის უთქმელად დავიშალეთ იმ დღეს…

***

დრო გადიოდა.. არც გიო მახსოვდა და არც ვინმე სხვა.. სანამ თავად არ შემახსენა თავი…
ერთ დღესაც მობილურზე დამხვდა მისი მესიჯი, ამ დღეებში უნდა გნახოო… გამიკვირდა. თავიდან ვერც მივხვდი ნომერი საიდან იცოდა, მერე აღვიდგინე, რომ დავურეკე ერთხელ როცა უნდა გვენახა…
თუ არ ვცდები 19 ნოემბერს შევხვდით..
დაახლოებით ვხვდებოდი უკვე რაც უნდა ეთქვა და წინასწარ ვბრაზდებოდი, მე ხომ არაფრის საფუძველი მიმიცია…
ვაკის პარკთან ვნახე… ნოემბრისთვის უჩვეულოდ ციოდა.. მზეში უნდოდა ყოფნა, მაგრამ რატომღაც ჩრდილში დავსხედით, თითქოს სითბო ყოფილიყო… უამრავ თემაზე ვისაუბრეთ…
დიდი დაშორებით ვისხედით ერთმანეთისგან… წინ უცნაური წყვილი დაგვიჯდა. ერთი კაცი და ორი ქალი. არც ერთი გავდა რამეს, ერთმანეთზე უარესები იყვნენ, მაგრამ ერთმანეთისთვის ზედ გამოჭრილები. ერთ ხანს მათ ვუყურეთ და ვარაუდებიც გამოვთქვით ვინ შეიძლება ერთმანეთისთვის ყოფილიყვნენ. ბოლოს სასიყვარულო სამკუთხედზე შევჩერდით..
ამ დროს ერთი გოგო დაინახა, ძალიან გამომწვევი იყო, რაც კი შეეძლო ცუდი ეთქვა ამ გოგოზე, ყველაფერი თქვა. ზოგი სიტყვის მნიშვნელობას ვერ მივხვდი და გაკვირვებული ვუყურებდი, სიცილით მოკვდა რა სულელი ხარო… მერე გავჩუმდით…
– იცი, აქ რატომ მოვედით? – დაარღვია სიჩუმე.
– არა მეთქი, რომ გითხრა, დამიჯერებ? დაახლოებით ვხვდები…
– ძალიან მომწონხარ და მინდა ერთად ვიყოთ… რას იტყვი???
არ გამიხედავს მისკენ…
– შენც ხომ იცი, რომ წარმოუდგენელ რამეს ამბობ? – პირდაპირ დავიწყე – ძალიან კარგად იცი, რომ შენთვის სხვანაირად არასოდეს შემომიხედავს და არც შემოგხედავ, იმიტომ კი არა, რომ ცუდი ხარ, პირიქით, ძალიან კარგი ხარ, მაგრამ როგორც ბიჭი არ არსებობ ჩემთვის და იცი რატომაც… – მივხვდი, რომ ძალიან უხეშად გამომდიოდა, ამიტომ სიტუაციის „გამოსწორება“ ვცადე.. – შეგვიძლია კარგი მეგობრები ვიყოთ… მე ძალიან გამიხარდებოდა… თუ შეგიძლია… – ხმა მიკანკალებდა, ამიტომ მეტი აღარაფერი მითქვამს…
ძალიან გავბრაზდი, მაგრამ რომ შევხედე გული მომიკვდა… წაშლილი იყო სახეზე…
– ვიცოდი, რომ გამიტყდებოდა, მაგრამ ასე თუ გამიტყდებოდა არ მეგონა… – მარტო ეს თქვა…
ფეხზე ავდექი, წასასვლელად მოვემზადე… სანამ გაჩერებამდე მივიდოდით ათას რამეს ვამბობდი, ვცდილობდი სიტუაცია განმემუხტა მაგრამ მგონი არ გამომივიდა…
მოვიდა მარშუტკა… ავხედე გიოს.. დამშვიდობება მინდოდა, მაგრამ არ ვიცოდი რა მეთქვა… თვითონ დაარღვია დუმილი…
– აღარ დამენახო… წადი..
არ ვიცოდი რა მეთქვა… მართლა არ ვიცოდი..
– კარგი… – ვუთხარი და გავტრიალდი…
მარშუტკის ფანჯრიდან დავინახე როგორ ჩადიოდა კიბეზე… რაღაცნაირად, თავჩაღუნული.. ყელში მომდგარი ბურთი ჩავყლაპე..
თავი დამნაშავედ ვიგრძენი… მესიჯი მივწერე თითქმის იგივე ტექსტით.. რომ შეგვეძლო მეგობრობა და ა.შ… ვიცოდი, რომ ახლა ყველა სიტყვა უძლური იყო, მაგრამ მაინც ვცადე…
აღარ მოუწერია…
არც იმ დღეს… არც მეორე დღეს… არც მესამე…

***

Exit mobile version