Site icon მოიისფრო

მე+შენ ♥ ნაწილი VI


22 იანვარი.

საშინელი დღე იყო..
დილა საზიზღრად დაიწყო… რაღაც კოშმარი მესიზმრა და გულგახეთქილს გამეღვიძა..
თავის ტკივილი ამყვა დილიდან..
სახლშიც ნერვები მომიშალეს…
ძალიან ცუდ ხასიათზე ვიყავი…
ათას სისულელეზე დავიწყე ფიქრი, როგორც ამ დროს მჩვევია ხოლმე…
ბევრი ვიტირე… ჩამეძინა…
ეტყობა ძილი და ტირილი ბევრი მომივიდა… რომ გავიღვიძე თვალები ჩაწითლებული მქონდა…
მობილურს დავხედე… ცარიელი ეკრანი…
გიო მენატრებოდა… იმ წუთას უზომოდ მინდოდა მასთან ლაპარაკი..
ავკრიფე ტექსტი, მაგრამ არ გამიგზავნია…
წავშალე…
მთელი საღამო ველოდე … არ მომწერა..
გავბრაზდი და ვინ იცის უკვე მერამდენედ დავიფიცე, აღარ მივწერ-მეთქი…
დაღამდა… ისევ არაფერი…
ჩემ თავზეც ნერვები მეშლებოდა.. მაინც რა იყო ეს უაზრო სიამაყე.. თუმცა მისგან შორს ყოფნა ერთადერთი საშუალება იყო იმისა, რომ თავიდან ამომეგდო…
რა თქმა უნდა ამ ფიქრების პარალელურად მივწერე…
ფრიად უცნაური რამ მომწერა, როგორც იქნა გაგახსენდიო, თითქოს თვითონ ჩემზე ფიქრით იკლავდა თავს მთელი დღე…
თურმე მთელი დღე მეცადინეობდა და მაგიტომ ვერ/არ მწერდა..
ეს რომ მითხრა ცოტა გამიარა გაბრაზებამ…
არ ვიცი რა მოხდა იმ ღამეს…
ფაქტია გათენებამდე ვწერდით ერთმანეთს…
არ ვიცი რას ვგრძნობდი…
ყოველ მესიჯზე ბედნიერს მეღიმებოდა..
ნახევრად ცინიკურად, ნახევრად თბილად ვწერდით ერთმანეთს…
ბოლოს ჩამეძინა… ალბათ ასე 8 საათზე..
დილას კიდევ მოვიდა მისი ესემესები…
არ ვიცი, მართლა არ ვიცი რა მოხდა 24 საათში…
თითქოს ერთი წლის მერე, პირველად აღმოვაჩინეთ ერთმანეთი…
დილას უკვე გაღვიძებული მოუთმენლად ველოდი მის მესიჯს…
მარშუტკაშიც მასზე ვფიქრობდი, ლექციაზეც ერთი სიტყვა არ გამიგია…
მას მერე დაიწყო ალბათ ის, რასაც სიყვარული ერქვა..

***


გამოცდები იწყებოდა. იმის ნაცვლად, რომ მემეცადინა, გიოს ვწერდი.. Facebook-ზე, მობილურზე, ყველგან სადაც მიწერა იყო შესაძლებელი… ღიმილი არ მშორდებოდა სახიდან..
მძულდა გამოცდები, ეს ერთადერთი მიზეზი იყო, რის გამოც ერთმანეთს ნორმალურად ვერ ველაპარაკებოდით… მიუხედავად იმისა, რომ მთელი დღე ვწერდი, ის მცირე პაუზებიც ნერვებს მიშლიდა რასაც მეცადინეობას ვუთმობდით..
მენატრებოდა ყოველ წამს.. არ შემეძლო მასთან ლაპარაკის გარეშე..
თან მიკვირდა, ასეთი შეუმჩნეველი იყო ჩემთვის და როგორ გახდა ასეთი მნიშვნელოვანი??
მეცინებოდა… ბედის ირონია იყო…
ვცდილობდი გამერკვია რას ვგრძნობდი…

სიყვარულს ვერ ვარქმევდი, მაგრამ აშკარად მოწონებაზე მეტი იყო…
ძალიან მინდოდა მისი ნახვა, მაგრამ.. ისევ სწავლა..
ვერ ვახერხებდით..
ღამეებს ვათენებდით ერთმანეთთან ლაპარაკში..
ვცდილობდით ერთმანეთი გამოგვეტეხა იმაში, რომ სულ ერთმანეთზე ვფიქრობდით..
ნელ-ნელა ვხსნიდით კარტებს..
თითოეული მისი „აღიარება“ საოცარი ემოციით მავსებდა..
მიხაროდა, რომ ჩემზე ფიქრობდა..
ვერ ვახერხებდი სწავლაზე კონცენტრირებას… როგორ ვისწავლიდი, როცა მის მესიჯს ველოდი სულ…
თუ ონლაინში იყო, ვთხოვდი ხოლმე რომ წასულიყო და ემეცადინა, თვითონ რომ მწვანედ ენთო ვერც მე მივდიოდი სამეცადინოდ.. მეცადინეობას რომ თავი დავანებოთ, ჭამაც მავიწყდებოდა :დდ
ასე თუ გავაგრძელებდი ან შიმშილით მოვკვდებოდი, ან საგნები დამრჩებოდა.. არც ერთი არ მაწყობდა..
თითქმის იგივე მდგომარეობაში იყო ისიც.. მეხვეწებოდა აღარ მომწერო ცოტა ხანსო :დდ
ამ ყველაფრის პარალელურად არ მტოვებდა შიში, რომ ეს ყველაფერი ჩემი ილუზია იყო,, რომ განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა…
ინტერესი მკლავდა.. მინდოდა გამეგო რას ფიქრობდა ჩემზე..
ნეტავ ისიც იმავეს-რასაც მე?
ნეტავ მასაც ისე ვენატრებოდი როგორც მე??
არ ვიცოდი.. და ეს უფრო მეტ ინტრიგას მატებდა ურთიერთობას..
მომწონდა მისი მსუბუქი ეჭვიანობები – ე.ი. არ ვიყავი სულ ერთი…
ასე კარგად მიდიოდა ყველაფერი და უცებ წერილებში ისეთი რამ დაწერა, ლამის გული გამისკდა..
ფიქრობდა, რომ ჩემ გულში მისი ადგილი არ იყო..
სიბრაზისგან ცრემლები წამომივიდა.. დავიჯერო მართლა ვერ ხვდებოდა რამხელა ადგილი დავუთმე??
ნერვები მომეშალა… საერთოდ გამოვრთე კომპიუტერი და წიგნის კითხვა დავიწყე..
საბედნიეროდ იმ საღამოსვე გავარკვიე ყველაფერი..
ერთი სული მქონდა მალე მოსულიყო 27 რიცხვი.. 27-ში ვაპირებდი მის ნახვას ^.^
დღეებს ვითვლიდი..
გადავწყვიტე მისთვის მეტყველების საკითხები გადამეწერა ^.^
ადრე რომ შევპირდი…
გადავწერე და პატარა ბზიკებიც მივუხატე…
ერთი სული მქონდა პარასკევი გათენებულიყო, ამიტომ მალე დავიძინე წინა დღეს, ასე უფრო მალე გავიდოდა დრო..

***


27 იანვარი.

დილიდან იდეალურ ხასიათზე ვიყავი იმის მიუხედავად, რომ თოვდა და ციოდა…
მარისთან უნდა გამევლო გეპეიში.. გამოცდაზე იყო..
გიოც იქ მოვიდოდა…
როგორც ჩანს მიმასწრო და გაჩერებასთან მელოდებოდა.. ოდნავ მოშორებით..
რომ დავინახე ბედნიერს გამეღიმა ^.^
გამიხარდა…
ისეთი საყვარელი იყო <3
ჩქარი ნაბიჯით წავედი მისკენ და ჩავეხუტე… ^.^
ფრრრ…. ისევ პეპლები …
შენობაში შევედით… ერთ ადგილზე ვერ  ვისვენებდი.. წინ და უკან დავდიოდი, გაუჩერებლად ვლაპარაკობდი.. ალბათ იმიტომ, რომ ვნერვიულობდი, თითქოს პირველად ვხედავდი.. რეალურად ასეც იყო.. აქამდე „ასეთი“ არ მინახავს.. უფრო სწორად ასეთი თბილი ურთიერთობა არ გვქონდა მანამდე.. ყოველთვის იყო რაღაც უხილავი ზღვარი რაც არ გვაძლევდა „უფლებას“ სითბო გამოგვეხატა… ახლა კი.. ახლა ისეთი თავისუფალი ვიყავი მასთან..
მაგრამ ეს თავისუფლება იყო ზუსტად დაძაბულობას რომ ქმნიდა..
ნიკას ველოდებოდით..
მთელი მეექვსე კორპუსი შემოვიარეთ..
გვერდიგვერდ ვისხედით დერეფანში.. პატარა დაშორებით ^.^ და ის იყო ნიკას ლანძღვა უნდა დამეწყო, რომ გამოჩნდა ^.^
თავისუფალი აუდიტორიის ძებნა დავიწყეთ, ძალიან ციოდა გარეთ, თუმცა თოვლში გიოსთან ერთად ბოდიალი მაინც ყველაფერს მერჩივნა…
სულ ბოლო სართულზე ვიპოვეთ ნათელი და თბილი აუდიტორია.. შევედით..
ისევ გვერდიგვერდ დავსხედით..
ბევრ რამეზე ვლაპარაკობდით, მაგრამ ბევრი არაფერი გამიგია, მაბნევდა მისი ასე ახლოს ყოფნა…
მხარზე დამადო ხელი.. თითქმის შეუმჩნევლად… დავიძაბე..
ძალიან ფრთხილად გადამხვია ხელი. თითქოს ამოწმებდა რას ვიზამდი.. მივეხუტე.. ხელზე მომკიდა ხელი…
ისეთი თბილი მომენტი იყო.. ისეთი საყვარელი.. ვისხედით ასე.. განძრევა არ მინდოდა…
თითქოს უსასრულოდ გაიწელა ის ერთი საათი…
ილია უნდა გვენახა.. გიოც სადღაც მიდიოდა.. არ მინდოდა ეს დღე დამთავრებულიყო, მაგრამ სხვა გზა არ იყო.. მოვიწყინე..
მეორე დღისთვის თავისუფალ თეატრში დავგეგმეთ წასვლა..
ვარსიმაშვილის სპექტაკლზე „ღმერთო დაგვიფარე ჩვენ და ადამიანები“ .. როგორც ვიცოდი უძლიერესი რამ იყო.. მაინტერესებდა.. სპექტაკლზე მეტად ის მახარებდა, რომ გიო იქნებოდა ჩემთან ერთად…
ხელჩაკიდებულები დავდიოდით პატარა ბავშვებივით.. თუმცა სწორედ ეს მომწონდა მასში.. მასთან პატარა, სულელი ბავშვიც ვიყავი და ჭკვიანი, ჩამოყალიბებული გოგოც..
არც ერთზე ქონდა პრეტენზია, ისეთი მიმიღო როგორიც ვიყავი..
ჩვენ რუსთაველზე წავედით, ის – ძმაკაცებთან..
ერთ-ერთ კაფეში დავსხედით..
ნიკამ აშკარად ვერ გაარკვია რა ურთიერთობა მქონდა გიოსთან, თუმცა არც უცდია.. აღარ მკითხა.. რომც ეკითხა რა უნდა მეპასუხა?
ფლირტსა და სიყვარულს შორის ვართ გაჩხერილები-მეთქი?
გიო სად დაკარგეთო-ილიამ..
მივხვდი, რომ ჩემ რეაქციას აკვირდებოდა..
არ შევიმჩნიე..
კაი ხანს ვისხედით.. ვიცოდი, რომ აუცილებლად მკითხავდა რამეს და წინასწარ ვამზადებდი პასუხებს, თუმცა რომ მკითხა ისე დავიბენი, რაღაც საშინელება ვუპასუხე, აბდაუბდა…
– რა ხდება თქვენ შორის?? – პირდაპირ დაიწყო ილომ..
– ვინ ჩვენ შორის? – დამნაშავესავით გამეღიმა..
– შენ და ბზიკი..
– ჩვენ? რავი.. არაფერი…
გამომცდელად მიყურებდა..
– ჰო, კარგი.. მომწონს.. ცოტათი – „გამოვასწორე“ სიტუაცია..
– შენ რას ფიქრობ ამაზე? – მარის მიუბრუნდა..
– მე რას უნდა ვფიქრობდე? კარგია თუ კარგად არიან.. – ჩემი გოგოა მარი <3
აშკარად მძაბავდა ეს სიტუაცია, ამიტომ სასაუბრო თემის შეცვლა ვცადე..
გიოსთან აღარ მილაპარაკია, არ ვუშლიდით ერთმანეთს ხელს..
ილიასგან პირდაპირ მამაჩემთან წავედი..
ველაპარაკებოდი მამას და გონებით გიოსთან ვიყავი.. მაინტერესებდა როგორ იყო..
მომწერა <3
გამიხარდა…
მაგარი მთვრალი იყო, რაღაცებს ბჟუტურებდა..
გადავწყვიტე სანამ სახლში წავიდოდი ცოტა ფეხით გამევლო გარეთ.. ულამაზესად თოვდა..
ყველაფერი ბრწყინავდა ირგვლივ…
დავდიოდი თეთრ ზღაპარში.. სულ მარტო.. სრულ სიჩუმეში..
თეთრი სიზმარი მათოვდა თავზე.. თეთრი ფიქრები და სუფთა, ქათქათა სიყვარული…
ისეთი გრძნობით ვიყავი სავსე.. ისეთი ნაზი და ყოვლისმომცველი..
თან გიოს ვწერდი..
ბოლოს მივხვდი, რომ სასწრაფოდ თუ არ ავიდოდი სახლში, აუცილებლად გავიყინებოდი.. ამიტომ ნელ-ნელა სახლისკენ წავედი…
„ჩემი სიცოცხლის წყარო ხარ“ – გიომ მომწერა..
ადგილზე გავშრი.. არ ველოდი ასეთ რამეს..
ჯერ სულ გამეყინა სისხლი, მერე ნელ-ნელა დაიძრა ისევ…
შტერივით გაღიმებული ვიდექი..
– „ნუთუ ასეთი მნიშვნელოვანი ვარ შენთვის?“ – ვერ ვიჯერებდი…
– „ჩვენთან ყველაფერი დაუჯერებელია, მაგრამ სიმართლეა xD”
ვერ გაამტყუნებდი.. ასეც იყო..
მეორე დღისთვის დავთქვით შეხვედრა..
მასთან ლაპარაკში ჩამეძინა..

***


28 იანვარი.

მძიმე დღე იყო…
დილა კარგად დაიწყო.. მე და მარი მზიურთან შევხვდით ლუკას და ნიკას.. მიოც მოვიდა და გიოს ველოდებოდი..
იქვე ვაპირებდით ერთ პატარა კაფეში შესვლას..
მარის უცებ დაურეკა დედამისმა, სადღაც მიდიოდა და მარიც მიყავდა.. იძულებული გახდა წასულიყო..
დავრჩით მე, ლუკა, ნიკა და მიო..
შევედით კაფეში..
ისინი ლუდს სვამდნენ.. არ ვიყავი დალევის ხასიათზე და პატარა ბავშვივით წვენს ვწრუპავდი…
დაძაბული სიტუაცია იყო..
ნერვები მომიშალეს ნიკამ და ლუკამ..
მეწყინა… წასასვლელად მოვემზადე..
ამ დროს ილიამ დამირეკა, გუშინ სადაც ვისხედით მანდ ვართ მე და თოკო და გამოდიო..
გადავწყვიტე სანამ გიო მოვიდოდა იმათთვის გამევლო..
მომაბრუნეს ნიკამ და ლუკამ..
ძლივს წამოვიყვანე იქიდან.. აღარ მინდოდა იქ გაჩერება.. თავს საშინლად ვგრძნობდი..
ნიკა მიხვდა, რომ ცუდად მოიქცა და ვხვდებოდი, უნდოდა აეხსნა.. მაგრამ ახლა ყველაფერს აჯობებდა თუ არ ვილაპარაკებდით.
ის იყო ილიასთან ვაპირებდი წასვლას, რომ გიოც მოვიდა..
ჯერ ილოს გავუაროთ-მეთქი ვთხოვე.. კარგიო..
თვითონაც მძიმე დღე ქონდა..
მიოს შევყევით ჯავახიშვილის მე-8 კორპუსში..
სანამ მიო თავის საქმეს აკეთებდა დაბლა ველოდებოდით..
კიბეზე ჩამოჯდა.. თავი ჩაღუნა..
გულზე რომ მოგიჭერენ ხელს და სუნთქვას რომ შეგიწყვეტენ, ასე დამემართა…
ჩავეხუტე…
თმაზე ვეფერებოდი… შუბლზე ვაკოცე რამდენჯერმე…
– ყველაფერი კარგად იქნება.. დამიჯერე – ვამბობდი და თვითონაც ძლივს მჯეროდა ამის…
გამიღიმა…
გვერდით დავუჯექი და ხელი ჩავკიდე…
მინდოდა რამე ისეთი მეთქვა, რომ ოდნავ მაინც შემემსუბუქებინა მისი მდგომარეობა.. ამ დროს მიოც მოვიდა..
დავიძარით…
მე და გიო ილიასთან წავედით..
ერთად რომ დაგვინახა გაეღიმა ილოს..
– თქვენ ერთად საიდან? – ვითომ არ იცოდა საიდან..
– ჩვენ? ეემ.. ისა.. ჰო, ნიკა და ლუკა ვნახე.. ა ჰო მიოც… მარიც… – რა შუაში იყო, მაგრამ რამე ჰო უნდა მეთქვა.. – მერე გიოც მოვიდა და მე ჰო აქ მოვდიოდი და გიოც წამოვიდა – ერთ წინადადებაში რამდენი სისულელე ვთქვი…
ვლაპარაკობდით.. ყოველ მეორე სიტყვაზე იმჩნევდა ილია ჩვენ „ერთად ყოფნას“ …
წასვლის დრო რომ მოვიდა – კარგი გემოვნება გაქვსო ილომ უთხრა გიოს და თვალი ჩაუკრა..
– პირად ცხოვრებაში ნუ ერევი – ნახევრად სერიოზულად თქვა გიომ..
გამეცინა..
წამოვედით..
7-ზე იწყებოდა სპექტაკლი..
3 წუთი აკლდა შვიდს რომ მივედით თეატრში..
8-ზე გადაიტანესო-გვაცნობეს..
– რა ვაკეთოთ 8-მდე? – ისეთი ხმით ვკითხე გიოს, ჩემი თავი თვითონ შემეცოდა..
– რავი.. არვიცი.. – მაგარი პასუხი გამცა ://
ისევ მანქანაში ჩავსხედით…
რა მეთქვა არ ვიცოდი..
ლექსების კითხვა დავიწყე.. მისმენდა.. ჩუმად..
ჯერ ერთი ლექსი წავიკითხე.. მერე მეორე.. მესამე..
რაღაცნაირად უციმციმებდა თვალები…
ვლაპარაკობდით.. ძალიან ბევრს.. უფრო სწორად თითქმის მარტო მე ვლაპარაკობდი..
დაგვაღამდა.. საათს დავხედეთ და ლამის გული წამივიდა!! 7 წუთი დავაგვიანეთ..
თავიდან არ გვიშებდნენ, უკვე დაწყებულიაო, მერე შეგვიშვეს..
იმდენად დიდი ემოცია მოდიოდა სცენიდან, რომ ცრემლებს ვერ ვიკავებდი..
ღაპაღუპით მდიოდა ცრემლი.. არ მინდოდა გიოს დაენახა, მაგრამ არ გამოვიდა..
შემამჩნია და ხელზე ხელი დამადო..
რატომ ვტიროდი? არ ვიცი…
იქნებ იმიტომ, რომ კიდევ უფრო ცხადად ვიგრძენი ადამიანად ყოფნის არარაობა..
ან იქნებ იმიტომ, რომ მთელი დღის განმავლობაში მახრჩობდა ცრემლები…
ათი იქნებოდა სპექტაკლი რომ დამთავრდა..
– ჩემი მტირალა – მითხრა და ჩამეხუტა..
როგორ მჭირდებოდა ახლა მისი ჩახუტება..
ასე ვიდექით ცოტა ხანს…
მრცხვენოდა ჩემი თავის და ჩემი ცრემლების.. სისუსტის გამოხატვას არ ვიყავი მიჩვეული, მით უმეტეს ბიჭთან.. ცრემლი კი ზუსტად სისუსტედ მიმაჩნდა..
მოვიწყინე..
– კიდევ წავიდეთ სადმე – თხოვნით სავსე თვალებით შემომხედა სანამ მანქანაში ჩავსხდებოდით..
– არა.. სახლში უნდა მივიდე – როგორც ყოველთვის ახლაც მეჩქარებოდა, არადა ძალიან მინდოდა მასთან ყოფნა..
– გთხოვ..
– არა..
დავიძარით.. ხმას არ ვიღებდით არც ერთი..
– კარგი სპექტაკლი იყო.. – დუმილი დავარღვიე..
არაფერი უთქვამს..
– ცოტა ხნის წინ ვერც ვიფიქრებდი, რომ ასე დავახლოვდებოდით – ისევ ჩემ თავზე ავიღე ინიციატივა..
– დავახლოვდით რო? – ეს რა თქვა… სუნთქვა შემეკრა.. – თითქოს ძალიან შორს ხარ ჩემგან.. თითქოს არ მენდობი.. დაძაბული ხარ.. არ ვიცი..
როგორ მინდოდა რამე მეთქვა..
როგორ მინდოდა იმ წამს ფიქრების წაკითხვა შეძლებოდა, რომ გაეგო როგორ მტკენდა ამ სიტყვებით.. რომ გაეგო, როგორი ახლობელი იყო ჩემთვის, რა კარგად ვგრძნობდი მასთან თავს..
თითქოს ყელში გამეჩხირა რაღაც და სუნთქვას მიშლიდა..
ჩუმად ვისხედით.. აუტანელმა სევდამ მოიცვა იქაურობა..
– დავიშალეთ? – ვთქვი ჩუმად.. მეშინოდა ხმა არ გამბზარვოდა.. ერთი სული მქონდა როდის გადავიდოდი მანქანიდან.. არ მინდოდა კიდევ ერთხელ ავტირებულიყავი..
– დავიშალეთ… – ასევე ჩუმად მიპასუხა..
– გმადლობ დღევანდელი დღისთვის.. – ისევ ჩუმად ვთქვი..
– მადლობა შენ, რომ წამომყევი.. – ჩუმი პასუხი..
ორივე ერთმანეთზე მართალნი ვიყავით, მაგრამ უბრალო ფორმალობას უფრო გავდა ეს ყველაფერი…
გადავედი…
არეული ნაბიჯით მივდიოდი..
ძალიან მციოდა… მივიხედე… ფარებმა გაანათა ორი წამით გზა.. წავიდა..
საშინელი სიმძიმე ვიგრძენი გულში..
სიცარიელის სიმძიმე.. სიჩუმის საშინელი მელოდია..
თავისთავად მდიოდა ცრემლები..
არ მტოვებდა იმის შეგრძნება, რომ დღეს ყველაფერი დამთავრდა.. თითქოს არც არაფერი იყო, მაგრამ ის ურთიერთობა, ის წერილები, ჩახუტებები… ძალიან ბევრს ნიშნავდა ჩემთვის..

თითქოს ზღვის სანაპიროზე მივაბიჯებდი.. ოცნების ზღვის სანაპიროზე.. ოცნების ტალღებს ვეჭიდებოდი და ყველაფერი ხელიდან მეცლებოდა… ოცნებაც… ყველაფერი მიქონდა ჩემგან და მხოლოდ სიცარიელეს ტოვებდა.. აუტანელს.. მივდიოდი და შვებას მაინც ვერ ვგრძნობდი.. ძირს არ დამიხედავს, თორემ დავინახავდი როგორ ქრებოდა ჩემი ნაფეხურები ოცნების ნაპირიდან… ზღვა შლიდა ყველაფერს..
– როგორ მოგეწონა სპექტაკლი? – დედა იყო..
– ბევრი ვიტირე.. – პრინციპში არც იყო ტყუილი.. ახლაც მეტირებოდა, ოღონდ სულ სხვა მიზეზით..
არ მოუწერია… ველოდი.. მერე თვითონ მივწერე..
თითქოს თბილად მომწერა, მაგრამ არა.. ეს ის არ იყო…
„იცი, ისე გეხუტები თითქოს მინდა სულში ჩაგიკრა.. შენ კი ვერ გადაგიწყვეტია გასხლტე თუ დარჩე“ – პრინციპში მართალიც იყო..
არ ვიცოდი რა მიმეწერა.. ამიტომ ის სიმართლე მივწერე რაც გულიდან მოდიოდა..
– „მე დარჩენა მინდა..“
– „მაშინ სულში ჩაგიკრავ..“
– „და ვიქნები ასე ჩაკრული… მე არსად არ მინდა წასვლა.. კარგად ვარ შენთან.. <3“ – ეს იყო ერთადერთი სიმართლე.. ეს იყო ის, რაც ნამდვილად ვიცოდი…
არ მინდოდა მისგან წასვლა… არასდროს… არასდროს…

***

Exit mobile version