Site icon მოიისფრო

სად დავკარგეთ ჩვენ – ჩვენი არსებები?

მოგონებების შემნახველი კადრები და…
ჰო, ისევ.
როგორ ფიქრობ, მოგონება მტერია?
ხშირ შემთხვევაში გვტკენს, მაგრამ თან ისეთი შორეული სითბოთი გვავსებს..
საერთოდ საჭიროა?
მე მგონია, რომ კი.
აბა, წარმოიდგინე.
რომ არა ჩვენი პინკინები ბუნებაში,
ტერასაზე გათენებული ღამეები,
“სულები” სხვენში,
დანთებული კოცონის გარშემო ჯდომა და ის გამყინავი შიში,
“საშიში ისტორიების” მოყოლისას რომ ჩნდება, როცა ღამეა.. და როცა მხოლოდ ცეცხლის ალი ანათებს
მცირე პერიმეტრს..
აბა, დაფიქრდი.
რომ არა ნაკვერჩხალში შემწვარი კარტოფილი და სიმინდი…
სუნი მომივიდა :))
რომ არა ის მომენტები, როცა მზეს ერთად ვესალმებოდით,
დაუსრულებელი სიარული თოვლში,
ეს ყველაფერი რომ არა..

ჩვენ – ჩვენ ვიქნებოდით?
მე ალბათ არ ვიქნებოდი მე, იმიტომ, რომ
ესაა ის ყველაფერი, რაც ასე მაადამიანებს.
ჰო… იყო დრო, როცა “ცა იყო შორი, ძალიან შორი,
ცა იყო შენი სულივით წმინდა…”
მენატრება. საშინლად მენატრება ის, რაც დროსთან ერთად წავიდა და უბრალოდ აღარ დაბრუნდება უკან.
შეიძლება უკეთესი მომენტებიც იყოს, მაგრამ ეს ხომ ის აღარ იქნება, რაც იყო.
ის ემოცია, რაც მაშინ გვქონდა თვალებში, ხმაში.
ახლაც ჩავიწნი ყვავილებს თმაში და ახლაც ვიტყვი,
რომ ამ წამს მე ვფლობ სამყაროს, იმიტომ, რომ
შენ ხარ ჩემ გვერდით, იმიტომ, რომ ახლა, ერთად მივუყვებით ტყის ვიწრო ბილიკს
და კიდევ იმიტომ, რომ გრძელ
თმას ტყის პაწაწინა, თეთრი ყვავილები მიმშვენებს..
უბრალოდ ახლა ჩემი თმა ისეთი გრძელი აღარაა და ვერც ემოცია იქნება შესაბამისი..
ჩვენ ნამდვილად გვქონდა უსაზღვროდ სადა, მზით გამთბარი თვალები და
ზოგჯერ ნამდვილად ვყვინთავდით ერთმანეთის აცრემლებულ თვალებში, კი.
“მე მგონი ყოველივე, რაც სჭირდებოდა,უკანასკნელ ბალახამდე თუ ყვავილამდე, თავის არსებაში ჰყავდა შეყუჟული” – კი, ასე იყო.
ეს მჭირდებოდა, ეს გვჭირდებოდა მხოლოდ.
რამდენი მიფიქრია კითხვაზე – “რატომ?”…
რატომ, ან სად დავკარგეთ ჩვენ – ჩვენი არსებები?

Exit mobile version