Site icon მოიისფრო

სანამ ღორებს მარგალიტს დავუყრით.

ეს ის შემთხვევაა, როცა არ ვიცი პოსტის წერა როგორ დავიწყო.
შეიძლება იმიტომ, რომ განსაკუთრებული დადებითი ან უარყოფითი ემოცია არ მაქვს. ასეთი მშვიდი და ნეიტრალური დიდი ხანია არ ვყოფილვარ.
ეს იმას გავს, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში რომ ინერვიულებ რაღაცაზე, ბევრჯერ რომ გეტკინება, ბევრჯერ იტირებ და ბოლოს, იმის აღმოჩენა, რომ არავინ, ვინც არ უნდა იყოს, არ იმსახურებს იმას, რომ მის გამო ცუდად იყო, საოცარ სიმშვიდეს მოგგვრის.
და ასეცაა.
23 წლის ვარ. შეიძლება არაა ეს ის ასაკი, როცა შეიძლება თქვა, რომ ცხოვრების ყველა სფეროში შეიძინე გამოცდილება და აღარაფერი დაგრჩა, მაგრამ გარკვეული ცხოვრებისეული გამოცდილება უკვე გაქვს და დასკვნების გამოტანა შეიძლება, რჩევების მიცემაც, ალბათ.
ყოველთვის პერფექციონისტი ვიყავი. “ან ყველაფერი, ან-არაფერი” – ს პრინციპით ვმოქმედებდი და ვერც მივხვდი, როდის გახდა ეს პერფექციონიზმი დესტრუქციული. ახლა ვხვდები, რომ ცხოვრება ზოგჯერ ისეთი უნდა მიიღო, როგორიც არის.
ყოველთვის ყველაფერი ისე ვერ იქნება, როგორც ჩვენ გვინდა და ამან დეპრესიაში არ უნდა ჩაგვაგდოს.
სამწუხაროა, გულდასაწყვეტია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ზოგჯერ ადამიანებს ყველაფერი გვაქვს, მაგრამ ამის გასააზრებლად იმ ყველაფრის დაკარგვა გვჭირდება, რაც გვქონდა. მანამდე ვერ ვიაზრებთ იმ ადამიანების თუ გარემოებების მნიშვნელობას ჩვენ ცხოვრებაში, სანამ უეცრად არ გაქრება. არავისკენ ვიშვერ ხელს, ყველა ასეა, მეც, მათ შორის.

არ ვიცი რატომ ხდება ასე, ალბათ რადგან მუდამ ხელმისაწვდომი ხარ, რადგან ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ დაგეყრდნონ, ჰგონიათ, რომ მუდამ ასე იქნება.
მივხვდი, რომ სასიცოცხლოდ საჭიროა ზოგჯერ “არა” – ს თქმა ვისწავლოთ. ყოველთვის ყველასთვის კარგი ვერ იქნები და არც უნდა იყო, მაინც არავინ დაგიფასებს ამას.
რა თქმა უნდა ისე არ უნდა გაიგოთ, თითქოს ვინმეს იმისკენ მოვუწოდებდე, მხოლოდ იმისთვის აკეთონ რაიმე კარგი, რომ სანაცვლოდ მიიღონ რამე, არა.
უბრალოდ, ფსიქიკური ენერგია მაქსიმალურად სწორად უნდა განვკარგოთ, რადგან როცა მხოლოდ გასცემ და სანაცვლოდ ამ ენერგიის შევსება არ ხდება, ბოლოს იფიტები და შედეგი გაცილებით სერიოზული შეიძლება იყოს, ვიდრე წარმოგვიდგენია. ალბათ მიხვდით, რომ მატერიალურ თემებზე არ ვსაუბრობ.
საბედნიეროდ მე მყავს გვერდით ადამიანები, ვის მნიშვნელობასაც მათი დაკარგვის გარეშე ვხვდები, ანალოგიურად ისინი ხვდებიან ჩემ ადგილს მათ ცხოვრებაში ისე, რომ არ დამკარგონ და სანამ ეს ასეა, არაფრის მეშინია, ამიტომ დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მათ ამისთვის. ♡
ემოციებია ის, რაც ასე გვაადამიანებს, მაგრამ არაა საჭირო არასწორ ადამიანებს ვუნაწილოთ ისინი.
ალბათ ჯობს მიზანი იყო და არა – გამოსავალი.
“ნუ მისცემთ სიწმინდეს ძაღლებს: ნურც თქვენს მარგალიტს დაუყრით ღორებს, რათა არ გათელონ იგი თავიანთი ფეხით და მოგიბრუნდნენ და დაგფლითონ თქვენ.”
ესაა და ეს.
წარმატებები.

Exit mobile version