Site icon მოიისფრო

სიყვარულით – შენ <3

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ბავშობაში ძალიან მეშინოდა სიბნელის… სიბნელეში ხომ ყველაფერი სხვანაირია, დღისით თუ ყველა ფიგურას თავის სახელი აქვს, ღამით რაღაც გასაოცარ ფორმას იძენს, რაღაც ჯადოსნურს, ავისმომასწავებელს… ალბათ ყველა ბავშვისთვის ნაცნობია ეს გრძნობა… ჰოდა მეც მეშინოდა… მახსოვს, სიბნელეს თვალს ვუშტერებდი… ნელ-ნელა იკვეთებოდა სიბნელიდან სხვადასხვა ფიგურები… ვუყურებდი თვალებგაფართოებული და ვარჩევდი ცოცხზე ამხედრებულ დედაბერს, ავისმომასწავებლად გაღიმებულ ჯამბაზს და ასე შემდეგ…

საბანს თავზე ვიფარებდი და სულგანაბული ვუსმენდი სიჩუმეს… სიჩუმის ხმა ყველაზე საზარელი ყოფილა თურმე… ათას რამეს გამოარჩევ, საათის წიკწიკს, რომელიც ავისმომასწავებლად ჩაგესმის ყურში, სამზარეულოში ონკანიდან ჩამოვარდნილი ყოველი წვეთის ხმას, ფოთლების შრიალს დახურული ფანჯრის მიღმა…
და აი, თითქოს ვიღაც მიახლოვდება… ოთახის კარის მიღმა ნაბიჯების ხმა ისმის, შემდეგ – კარის ჭრიალი … ფრთხილი ნაბიჯით მიახლოვდება ვიღაც… საბნის ქვეშ მაგრად ვხუჭავ თვალებს და სუნთქვასაც ვწყვეტ…
ლოგინი დამძიმდა, თითქოს ჩემ გარდა ვიღაც არის აქ…
თვალები ისე მაგრად მაქვს დახუჭული, საცაა ტკივილისგან გონებას დავკარგავ…
უეცრად მოვარდნილი ცივი ჰაერის ნაკადი სახეს მიწვავს.. ვიღაცამ საბანი გადამხადა თავზე…
უკვე აქაა…
თმაზე მეხება და….

…და ამ დროს უეცრად ვმშვიდდები, ვეშვები… მე ხომ დედის მშობლიურ ხელს ვგრძნობ თავზე…
ჩემ თავზე მეცინება… მინდა ხმამაღლა ვიცინო, მაგრამ ისე კარგად ვგრძნობ თავს ასე, “მძინარე” , დედის მშობლიური ხელით თავზე, რომ “ძილს” ვაგრძელებ და ვიღიმი…
დედა საბანს მისწორებს, შუბლზე მკოცნის და ოთახიდან გადის…
თვალის კუთხიდან სიხარულის, სიყვარულის და სითბოს ცრემლი ვარდება და ბალიშს ასველებს…
აღარ მეშინია…
ბავშობის ეს მოგონება ხშირად მახსენებს თავს…
მას მერე დიდი დრო გავიდა… ახლა უკვე 19 წლის ვარ.. აღარც სიბნელის მეშინია და აღარც თავზე საბანგადაფარებულს მძინავს, მაგრამ ერთი რამ უცვლელად დარჩა…
დედის მშობლიური ხელი <3
დღემდე, როცა ძალიან ცუდად ვარ, როცა მეშინია, არ აქვს მნიშვნელობა რა იქნება ამის მიზეზი, სიბნელე, მართლა სერიოზული პრობლემა თუ ნებისმიერი სხვა რამ, როგორც კი დედას ველაპარაკები მაშინვე ვმშვიდდები… ვეშვები და ლოყაზეც ისევ ტოვებს კვალს შვების, სიხარულის, სიყვარულის და სითბოს ცრემლი…

Exit mobile version