Site icon მოიისფრო

„სიყვარულის კაკტუსი“

ოქტომბრის დასაწყისი იყო… ისეთი თბილი და ლამაზი, როგორც არასდროს. მზე თითქოს უკანასკნელად იკრებდა ძალას და ცდილობდა რაც შეიძლება მეტად გაეთბო სიცივისთვის გამზადებული დედამიწა… შემოდგომა იყო ულამაზესი, ოქროსფერი… ჩამოცვენილი ფოთლები საოცარ ელფერს აძლევდნენ გარემოს… ადამიანები მიმოდიოდნენ ქუჩაში. ფეხს ადგამდნენ ჩამოცვენილ ფოთლებს და სულ არ ფიქრობდნენ იმაზე, რომ ამ ფოთლებმა ეს ესაა სიცოცხლე დაასრულეს, ჩამოცვივდნენ… სამუდამოდ…  მოძრაობდა ხალხი… მხოლოდ ერთს ეძინა… არ ადარდებდა რა ხდებოდა გარეთ, არ ფიქრობდა იმაზე, რომ გარშემო სიცოცხლე იყო… არ აინტერესებდა სხვისი ბედნიერება, არც უბედურება, არც სიყვარული, არც სიძულვილი… არც ის აინტერესებდა რა ატრიალებდა დედამიწას, რადგან ის, რაც ოდესღაც მის დედამიწას აბრუნებდა, ახლა დამთავრებული იყო მისთვის… ეძინა განშორებით გულგატეხილს… ცხოვრობდა სიზმრებში, მოგონებებში… ესიზმრებოდა მასთან ერთად გატარებული დღეები… არაფერს იმჩნევდა… დადიოდა, სუნთქავდა, არსებობდა, მაგრამ ვერ ერეოდა შინაგან ტკივილს… ტკბილ-მწარე მოგონებები, ეს ერთადერთი იყო, რაც მისგან დარჩა. ცხოვრობდა ასე, ძილბურანში…

დრო გადიოდა… ფოთლები მთლიდანად გაყვითლდნენ და ჩამოცვივდნენ… იღუპებოდნენ ფოთლები… ეყინებოდა ცარიელი სული… ქარებმა და წვიმამაც უმატა… გარეთ აუტანლად ციოდა, სიცივე ძვალ-რბილში ატანდა… საოცარია… ზოგჯერ ამინდი ზუსტად ასახავს ჩვენს სულიერ მდგომარეობას… გიჟდებოდა ამ ყველაფერზე… მოსწონდა, როცა ამინდიც უთანაგრძნობდა… წვიმას უგზავნიდა ციდან, რათა ცრემლებთან მარტო არ დარჩენილიყო… ტიროდნენ ერთად ის და ბუნება…  საოცრად მოსწონდა ფოთლების გარეშე დარჩენილი ხეების ყურება, შავად რომ მოჩანდნენ ნაცრისფერი ცის ფონზე… უყვარდა ფოთლების ხალიჩაზე სიარული… მხოლოდ ასე გრძნობდა თავს მშვიდად… მიეჩვია მარტოობას, სიწყნარეს… მიეჩვია წერას… მხოლოდ უსულო ფურცლებს თუ ანდობდა თავის გრძნობებს… ყველაფრის მიუხედავად არ დაუკარგავს იმედი, რომ მის ქუჩაზეც მოვიდოდა გაზაფხული…

გაზაფხული უცნაურ დროს მოვიდა… ზამთარში… გაუთავებელი ქარები და წვიმა ყინვებმა შეცვალა… საშინლად ციოდა, ყინავდა… მაგრამ მის სულში სიმშვიდემ და სითბომ დაისადგურა. მიუხედავად ასეთი სიცივისა, მას არ სციოდა, რადგან გული ჰქონდა საოცრად თბილი… ზუსტად არ იცოდა რამ განკურნა, დრომ, თუ ახალმა გრძნობამ, რომელსაც სახელსაც ვერ არქმევდა… საოცრად ათბობდა ეს რაღაც, რაც მის გულში იზრდებოდა… ნელ-ნელა უბრუნდებოდა ცხოვრებას. გრძნობდა, რა მშვენიერი იყო ცხოვრება, დადიოდა მეგობრებთან ერთად, თითქოს არასოდეს ყოფილა ასე კარგად… უთბებოდა სული, უხორცდებოდა იარები, გაუნელდა ტკივილიც… მაგრამ გულში რაღაც მაინც ჩხვლეტდა…

„სიყვარულის კაკტუსი“ იყო…. : )

 

 

Exit mobile version