Site icon მოიისფრო

სულ კარგად ბრძანდებოდეთ.

ვტოვებ შენთვის დაწერილი ფრაზებით სავსე ყველა ფურცელს, რომლებითაც ქაღალდის ნავებს ვაკეთებდი, მათთან ერთად რომ გამომეცურა შენკენ.
ვტოვებ ყველა ყვითელ ფოთოლს, ასე რომ გვიყვარდა და ჩემი მზით გამთბარი თმის ფერს გიტოვებ, ამ ფოთლებში გაბნეულს.
ვტოვებ ყველა ემოციას, ყველა შიშს – შენი დაკარგვის შიშიდან დაწყებული იმ შიშამდე, რაღაც მნიშვნელოვანს რომ ვერ უწვდი ხელს გადასარჩენად.
გიტოვებ სურვილს ტუჩებზე, მაგრამ აღარ გინაწილებ.
ვტოვებ სითბოს და ყველა იმ არდაფასებულ წამს, რაც ამ სითბოთი იყო სავსე, რაც ასე მაადამიანებდა.
ვტოვებ ცხელი შოკოლადით სანახევროდ სავსე ფინჯანს, სავარცხელს და პატარა სარკეს – სულ თან რომ დამქონდა.
ვტოვებ მთვარესაც, რადგან მოვბეზრდით.
იასამნების სუნს და კოსმოსში გაბნეულ სცენის მტვერს.
ვტოვებ ყველა შეცდომას, უხეშს თუ მსუბუქს და ყველა სწორ საქციელს, ვერშეგრძნებულ გაზაფხულს და უთოვლო ზამთარს.
გიტოვებ ნახატებს და მივესალმები თვითმკვლელობას სარკეში, როცა სარკის აქეთ ცოცხალი რჩები.
ვტოვებ ადამიანებს, ვტოვებ დედამიწას – ჯოჯოხეთისთვის შესამზადებელ ადგილს. ადგილს, რომელიც ბავშვურობასთან და გულწრფელ ცრემლებთან მაკავშირებდა.
წავალ სადმე, რომელიმე პლანეტაზე. ჯანდაბას, მე მივხედავ უფლისწულის ვარდს და ბატკანს არ მივცემ უფლებას შეჭამოს.
შენ კი, უფრო ხშირად აიხედე ცაში და უცებ “ყველა ვარსკვლავი შენთვის გაიცინებს და მხოლოდ შენ გეყოლება ვარსკვლავები, რომლებსაც სიცილი შეუძლიათ”.
მართლა კი არა.
აბა ჰე.

Exit mobile version