Site icon მოიისფრო

სხვა ცხოვრებაში.

აუცილებლად შევხვდებით სხვა ცხოვრებაში.
ალბათ, ზუსტად ისეთები ვიქნებით, როგორებიც ახლა და აქ.
შენ, ისევ გაგიჭირდება ემოციების გამოხატვა, ისევ მოგინდება რამე თბილი მითხრა, მომეფერო, მაგრამ მხოლოდ თავზე გადამისვამ ხელს – უხერხულად, როგორც ყოველთვის.

ჩვენ არასდროს გამოგვდიოდა თბილი ურთიერთობა, მიუხედავად იმისა, 
რომ სულ ერთად ვიყავით. 
არასოდეს გითქვამს ჩემთვის, 
როგორ გიყვარდი. 
რა თქმა უნდა, 
არც მე მომიკლავს თავი ამაზე საუბრით. 

ზუსტად ვიცი, აუცილებლად იარსებებს “იქითა სახლი” სხვა ცხოვრებაშიც, 
სადაც სკოლიდან დაბრუნებულს,
კარაქში შემწვარი კარტოფილის, 
ახალი პურის და ცხელი ჩაის სურნელი შემიღიტინებს ცხვირში.

გავა ბევრი ზამთარი და გაზაფხული, 
ბევრი გრძელი წელიწადი და ნელ-ნელა გაუფერულდება სახლიც, შენც
და ახალი პურის სურნელიც. 
სულ უფრო მეტი რამ გვეწყინება ერთმანეთისგან, 
სულ უფრო მეტ რამეში დაგადანაშაულებ, 
სულ უფრო ხშირად შეგპირდები, რომ მოვალ და სულ უფრო ხშირად ვერ მოვიცლი შენთვის. 

მერე, შემოდგომის ერთ არც თუ ისე მშვენიერ საღამოს გავიგებ, 
რომ მალე ამ სამყაროდან სადღაც სხვაგან გადაინაცვლებ.

მე კი ისევ ისე ვინანებ იმ არ-შესრულებულ დანაპირებ(ებ)ს, როგორც ახლა და აქ. 

ყოველთვის ასე ხდება, 
ადამიანები ყოველთვის ვტკენთ ერთმანეთს.
ყოველ დილას ახლიდან ვსწავლობთ სუნთქვას, სიარულს, ახლიდან ვირგებთ ფერად ნიღბებს და ვუერთდებით ამ მასკარადს.

ვიცინით, ვიცინით ძალიან ბევრს, 
ვიცინით მანამ, სანამ 
სუნთქვა არ გაგვიჭირდება, 
ვიცინით მანამ, 
სანამ მუცელი არ გვეტკინება სიცილისგან, ვიცინით, რომ წამოსული ცრემლები 
ისევ სიცილს დავაბრალოთ, 
ვიცინით, რომ გადავრჩეთ,
ვიცინით, რომ ჭკუიდან არ შევიშალოთ.

და ასე იქნება მუდამ.

გავქრებით თოვლის ფიფქებივით და…

…აუცილებლად შევხვდებით სხვა ცხოვრებაში.

Exit mobile version