Site icon მოიისფრო

ფერადი ზეწრები.

რა მოხდებოდა, ფერადი ზეწრები რომ არ გვქონოდა?
ნაცრისფერი ყოველდღიურობა ჩაგვყლაპავდა?
თუ გვეყოფოდა გამბედაობა, ფერადი ფანქრები აგვეღო და შავ-თეთრი ზეწრები თავად გაგვეფერადებინა?
აქ ხომ თოვლიც კი არ მოდის ზამთარში, ან რა აზრი აქვს თოვას, როცა ყოველ ფიფქს
რომელიღაც მომაკვდავის ბოლო სუნთქვა მოყვება?
ხედავ? არც თოვლი ყოფილა ისეთი ლამაზი, როგორც გვეგონა.
დღეები ერთმანეთს მისდევს.
ახლა შემოდგომაა, ოქტომბერი დაიწყო უკვე.
წესით ყველაფერი ოქროსფერში უნდა იყოს გახვეული, მაგრამ ფოთლებიც თითქოს
ჯინაზე არ ცვივა ხიდან.
ვზივარ სახლში, პლედში გახვეული და ვუყურებ კნუტს, რომელიც აქვე, გვერდით მიზის და ბეწვს ილოკავს.
გარშემო ვიყურები.
ფერადი პლედი, ფერადი ფოტოებით სავსე კედლები, ფერადი ყვავილები, ყველაფერი ფერადია ჩვენს სახლში.
ფერადი და ლამაზი, მაგრამ საკმარისია გაიხედო გარეთ და…
კორპუსი. ნაცრისფერი. მდუმარე.
ერთი, ორი, სამი, ათი ასეთი კორპუსი.
სადღაც, იმ კორპუსებს მიღმა განათებული მთაწმინდაა.
მთები.
სადღაც თავისუფლად სუნთქავენ, სინათლეა, თოვლსაც თავის ხიბლი აქვს, ალბათ.
აქ მუდამ ასე იყო.
ჩვენ ქვეყანაში, ან მხოლოდ ფასადებია ფერადი, ან ამ ფასადებს მიღმა არსებული სივრცე.
ორივე ერთად – არასდროს.
კიდევ ბევრ ახლად გახსნილ “პლეხანოვს” აავსებს ჩუმად ნათქვამი “დამეხმარე, ბავშვი მყავს ავად”.
საშინელებაა, როცა მხოლოდ ცუდსა და უარესს შორის გვაქვს არჩევანი და ალბათ კიდევ უფრო ცუდია,
როცა არც ერთს არ ვირჩევთ.
ვსხედვართ ამერიკული ოცნებებით სავსე, მიუხედავად იმისა, რომ “ოცნებები” არასოდეს ხდება.
კიდევ ერთ ჭიქა მწვანე ჩაის დავლევ, კნუტს მოვეფერები, მერე მე და სანდრო ერთად დავაწყობთ გეგმებს, როგორ მოვახერხოთ, რომ ჩვენი ფერადი ზეწრები არასოდეს გახუნდეს ამ ნაცრისფერ რეალობაში.

Exit mobile version