Site icon მოიისფრო

ჩუმი ფრთხიალი.

ჩუმი ფრთხიალი.
სიფრიფანა ფრთების ბოლო დაქნევა და… დაეცა პირველი პეპელა.
ტკაც.
მსუბუქი სიკვდილის სუნია ჰერში, არა – ფიზიკურის.
ჩვენი ოთახი საოცრად ნაზი ფერი იყო.. ჩვენი სიყვარულის ფერი.
მოიისფრო შეგრძნებებმა შემიპყრო ისევ.
ყავის არომატმა ის დღე გამახსენა პირველად რომ დაგინახე. ისეთი ლამაზი იყავი, თავად ჰგავდი მხატვარი – ნახატს.
ჩუმი ფრთხიალი.
სიფრიფანა ფრთების ბოლო დაქნევა და… დაეცა მეორე პეპელა.
ტკაც.
მსუბუქი სიკვდილის სუნია ჰერში, არა – ფიზიკურის.
ყავის ბოლო ყლუპიც მოვსვი და მივხვდი, რომ სევდას იმდენად გაედგა ფესვები ჩემში, რომ ფილტვებიც კი ამ სევდით სუნთქავდა ჰაერის ნაცვლად. ერთი წამითაც ვეღარ გავჩერდებოდი სახლში. უბრალოდ, ახლა იმდენად სევდისფერი იყო ყველაფერი, ყველა განცდას იმდენად ეტყობოდა უშენობა, ვერ გავჩერდებოდი ამ სიცარიელეში, ვეღარც ერთი წამით.
ჩუმი ფრთხიალი.
სიფრიფანა ფრთების ბოლო დაქნევა და… დაეცა მესამე პეპელა.
ტკაც.
მსუბუქი სიკვდილის სუნია ჰერში, არა – ფიზიკურის.
გაუაზრებლად მივეფერე ნახატებს და ასევე გაუაზრებლად დავავლე ხელი ბლოკნოტს, რომლის ფურცლებიც შენთვის დაწერილი წერილებით იყო სავსე, მაგრამ არასოდეს წაგიკითხავს ერთი მათგანიც კი. არა, შენ არაფერ შუაში ხარ, შენ ხომ არც იცოდი მათ შესახებ. სევდანარევი სიყვარულით მოვავლე სახლს თვალი და კარი გამოვიკეტე.
ჩუმი ფრთხიალი.
სიფრიფანა ფრთების ბოლო დაქნევა და… დაეცა ბოლო პეპელაც.
ტკაც.
მსუბუქი სიკვდილის სუნია ჰერში, არა – ფიზიკურის.
იცი, რა გრძნობაა, როცა გული ნაწილებად იშლება?
თითქოს ყველა პეპელა ერთდროულად მოკვდა.
და სულ ეს არის.

Exit mobile version