Site icon მოიისფრო

2014-დან 2015-მდე.

image

როცა ნაძვიხ ხე აწყობილია, სახლი – მორთული, გოზინაყი გაკეთებული და დაგემოვნებულიც, თბილად რომ ზიხარ, ჩაის სვამ, ამ შენს გოზინაყს ახრამუნებ და ახალი წლის მოსვლამდეც ორიოდე საათი რჩება, გინდა თუ არა იწყებ თითქმის უკვე გასული წლის გაანალიზებას.
2014 წელი ჩემთვის საკუთარ თავში უკეთ გარკვევის წელი იყო, რომელიც საშინლად დაიწყო და ბედნიერად მთავრდება. ეს იყო წელი დანაკარგების, უძვირფასესი შენაძენების, აღმოჩენების..
მახსოვს, 2014 წლის 1 იანვარი თენდებოდა. დილის 7 საათი ხდებოდა სახლში რომ მოვედი. ვიჯექი სამზარეულოში და მზის ამოსვლამდე ვფიქრობდი, მერე სახლშიც ახმაურდნენ. ვფიქრობდი, ეს წელი თუ ისე გაგრძელდა როგორც დაიწყო, მირჩევნია სულ გამოვტოვო და 2015 წელს გავიღვიძო – მეთქი. კიდევ კარგი არ გამოვტოვე.
დავრწმუნდი, საჭიროა ცუდი მოვლენები, კარგი რომ დავაფასოთ.
ბევრი ცუდი მოხდა, თუმცა კარგი უფრო მეტი. შესაბამისად მინდა 2014 წელს ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა.
მადლობა ჩემს 22 წლიან ცხოვრებაში ყველაზე საინტერესო წლისთვის.
მადლობა, რომ ასე გამზარდე და შემცვალე.
მადლობა ყველა იმ შეცდომისთვის, რომელიც დავუშვი.
მადლობა, რომ დამანახე ვინაა ნამდვილი მეგობარი.
მადლობა ულამაზესი გაზაფხულისთვის,
ზაფხულისთვის – რომელიც არასოდეს დამავიწყდება.
მადლობა ჩემი პირველი სატელევიზიო როლისთვის Tv11-ში.
აღსანიშნავია, რომ ამ წელს აღმოვაჩინეთ სიმღერა რომ შემძლებია. ჩემი Cover-ები ჩემივე ბლოგზე შეგიძლიათ მოისმინოთ.
და ბოლოს, (უცნაურია, რომ ბოლოსთვის მოვიტოვე ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის.) ძალიან დიდი მადლობა იმ ურთიერთობისთვის, რაც ამ წელს დაიწყო და იმედი მაქვს სამუდამოდ გასტანს.
მე ამ წელს გავიცანი ადამიანი, რომელიც ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა.
არ მინდა ჩემი გრძნობები სიტყვებით გავაუფერულო, უბრალოდ ვიტყვი, რომ 22 წლის მანძილზე არასდროს ვყოფილვარ ისეთი ბედნიერი, როგორც ახლა.

რა მინდა 2015 წლისგან?
ალბათ ის, რომ ისეთი ბედნიერი ვიყო, როგორიც ამ წამს.
მინდა უფრო მეტი დამოუკიდებლობა, ახალი როლები, მინდა უფრო მეტად გავიზარდო პროფესიულად და პიროვნულად.
მინდა არა მარტო 2015 წელს, არამედ მთელი დარჩენილი ცხოვრება ასე გვიხაროდეს მე და შენ ერთმანეთი, ფილმების ყურება, საუბარი, კითხვა, ფილმების/წიგნების განხილვა, საჭმლის ერთად კეთება და ა.შ.
ჩვენ პირველ ახალ წელს გილოცავ. <3

თქვენ კი ფაო და ფაოს ბლოგი გილოცავთ ახალ წელს. არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ახალი ფურცელია იმ დიდი წიგნის, რომელსაც თქვენი ცხოვრება ქვია.
ასე რომ თქვენზეა დამოკიდებული რას ჩაწერთ შიგნით.
არ შეგეშინდეთ შეცდომების, ცვლილებების, გაზრდის.
გისურვებთ უბრალო წუთების დაფასება, მათით ტკბობა ისწავლოთ, ცხოვრება ხომ მომენტებისგან შედგება.
2015, Please be nice!

Exit mobile version