Site icon მოიისფრო

7 დღის შემდეგ. ნაწილი I

ეს არის რეალური ისტორია, ჩემი მეგობრის.
არ ვიცი რატომ გადავწყვიტე დაწერა, თითქოს ისეთი არაფერი.
უბრალოდ იმ ემოციამ გადამაწყვეტინა, რაც მაშინ მარიტაში დავინახე.
 

დღე I

დღეს ჩემი ძმის დაბადების დღეა.
ერთ-ერთ კარაოკე-ბარში იხდის.
არც ვიცი მომწონს თუ არა ასეთი სიტუაციები..
პრინციპში, ცოტა ალკოჰოლი და ყველაფერი ფერადდება ირგვლივ.
ჰო, იმდენად შავ-თეთრია ცხოვრება, რომ ადამიანები იძულებულნი ვხდებით ფერები თავად შემოვიტანოთ.
შემიძლია ისევე კარგი დრო ვატარო პრესტიჟულ ბარში, როგორც რეპეტიციის მერე, 2 ლარიანი არყით, მეგობრების გარემოცვაში.
რატომღაც გადავწყვიტე დღეს განსაკუთრებით კარგად გამოვიყურებოდე.
მკიდია ჩემი ძმის ცნობილი მეგობრები, უბრალოდ ასე მინდა და მორჩა.
როცა მინდა საკმაოდ ეფექტური შემიძლია ვიყო.
ვნახოთ.

***

როგორც ველოდი, ბევრი კომპლიმენტი, ბევრი სასმელი და სასიამოვნო მოთენთილობა.
ვცეკვავ თავდავიწყებით, პირდაპირი მნიშვნელობით მინდა ყველა და ყველაფერი დავივიწყო.
ჩემი ძმაკაცი ხელს მკიდებს და მეცეკვება.
თავბრუ მეხვევა, ვჯდები ბართან.
– წყალი მინდა! – ვაცხადებ კატეგორიულად.
ბარმენი გაკვირვებული მიყურებს.
ვერ ვხვდები ასე რა გაუკვირდა, რა, თვითონ არასოდეს მონდომებია წყალი?
– ფასიანია 🙂 – მიღიმის. ვდნები.
– გადავიხდი. – ვეუბნები რაც შეიძლება ცივად, მაგრამ მეცინება.
თვითონაც ეღიმება, წყალს მისხამს და მაწვდის.
ცივი სითხე სასიამოვნოდ მივლის მთელ სხეულში.
ისევ საცეკვაოდ ვდგები.
მიახლოვდება ჩემი ძმაკაცი.
– მოგეწონა?
– ვინ? – ვერ ვხვდები.
– ის ბარმენი.
– ატრაკებ.
– გინდა ნომერი გაგიჩითო?
– აბა მიდი.
არანორმალური, მიდის და პირდაპირ თხოვს ნომერს.
ბარმენი გაკვირვებული უწერს ფურცელზე და აწვდის.
ჩემი ძმაკაცი ეგრევე მე მაწვდის იმ ტიპის ნომერს.
ფუ, იდიოტი.
ბარმენი იღრიჭება. ნეტავ რა აცინებს.
ცოტა ხანში დგება და ისე მაგრად მღერის, ვცდილობ პირი დავხურო, მაგრამ ნაკლებად გამომდის.
მოდის ჩემთან და საოცრად დამტვრეული ქართულით მეუბნება:
– გავისეირნოტ.
მივყვები.
ავდივართ ტერასაზე.
რა კარგია სიგრილე. დაბინდულ გონებაზე განსაკუთრებით. შუბლს ვუშვერ ცივ ჰაერს და ვცდილობ მოვდუნდე.
სიმართლე რომ ვთქვა, სულ მკიდია ვინ მიდგას გვერდით.
ირკვევა, რომ უამრავ ქვეყანაშია ნამყოფი, საუბრობს ფრანგულ-რუსული აქცენტით და საოცრად ვერ ეგუება ქართულ მენტალიტეტს.
ცდილობს გამართულად იმეტყველოს, მაგრამ არ გამოსდის.
ვსაუბრობთ ძალიან ბევრს, ვიცინით უაზროდ.
მიახლოვდება. ძალიან.
რა კარგი სუნი აქვს.
– გინდა გაკოცო? – მეკითხება და იღიმის.
მეც მეღიმება.

***
უსიმზრო ძილით მძინავს.

დღე II

ვიღვიძებ, ამას თუ გაღვიძება ქვია.
ვცდილობ გავიხსენო რა მოხდა გუშინ.
თუ დღეს?
ნეტავ როდის დავიძინე და რამდენი მეძინა..
დილის 6 საათია. რა თქმა უნდა ყველას სძინავს.
ვიდუღებ ყავას.
უფრო სწორად, მე მგონია, რომ ვიდუღებ. სინამდვილეში მოდუღების მცდელობა უფროა, ყველაფერს ვეჯახები
და ძირს ვყრი რაც გზად შემხვდება.
რას იზამ, ამიტანონ.
ძალიან მიყვარს ეს მომენტი.
ყველას სძინავს.
ვჯდები ფანჯრის რაფაზე და ვუყურებ ქალაქს.
როგორი სიმშვიდეა..
თითქოს ამ ქალაქში არ ხდებოდეს უამრავი ცუდი.
თითქოს ეს ქალაქი არ იყოს სავსე სიბინძურით.
თითქოს ამ ქალაქში არ იყოს უამრავი ტყუილი, ღალატი.
ჰო, ეს ქალაქი სავსეა გამყიდველებით.
ღიპიანი მღვდლებით, ეკლესია რომ ბიზნესად აქციეს.
ფეხებზე მკიდია პოლიტიკოსებით, რომელთაც მართლაც ფეხებზე კიდიათ ყველაფერი.
ნამდვილი ქართველი, ზომიერად ბანჯგვლიანი კაცებით, რომლებიც სიამოვნებანარევი სიამაყით სვამენ წინა დღეს
სასტიკად ნაცემი ცოლების სადღეგრძელოს.
და მაინც, ახლა, დილის 6 საათზე, როცა მე ვზივარ ფანჯრის რაფაზე ჩემხელა ფინჯანი ყავით ხელში, ყველაფერი ამაღლებულად წმინდაა.
იმდენად წმინდა, რომ ლოცვაც კი მინდება.
მგონი გავაფრინე.
ვიღებ ჰერმან ჰესეს და ვიწყებ კითხვას.
ცხოვრებაში პირველად კითხვას გულს ვერ ვუდებ.
სასტიკად არ ვუშვებ აზრს, რომ იმ ბარმენზე ვფიქრობ.
არადა, მართლა რა საყვარელია.
ყველანაირად რა საყვარელია..
ნეტავ თუ მომწერს.
მაგრამ საიდან.
ნომერი დავუტოვე?
მგონი დავუტოვე.. მაგრამ არც ვემახსოვრები.
მე რომ მახსოვს?
ნუ, მე მე ვარ.
მაგრამ არა, რატომ ვარ მე მე?
როდის აქეთ ვიციკლები ვინმეზე.

***

ცხელი შხაპი.
იდეაში აზრზე მოსვლის მიზნით.
მაგრამ ვერც შხაპის ქვეშ ვწვყვეტ იმ ტიპზე ფიქრს.
“ნეტავ თუ დამირეკავს”.
ტვინი მიღრძო ამ ფიქრმა.
უკვე ნერვები მეშლება.
როდის იყო მე…
ააააუუ 🙁
ახლა ჩემი დაც გაიღვიძებს და დაიწყება ლექციათა რიგი იმის შესახებ, როგორ უნდა იქცეოდეს 20 წლის გოგო და როგორ ვიქცევი მე.
მშვენიერია.

***

– სად იყავი გუშინ? სად გაქრი? – ასეც ვიცოდი. ელენემ გაიღვიძა. რა დავაშავე.
– ბარში, ჩვენი ძმის დაბადების დღეზე 🙂
– მე მართლა გეკითხები.
– მართლა გპასუხობ.
– ყველგან გეძებდი, ნორმალური ხარ შენ?
– და რატომ მეძებდი? ბარში არ ვიყავი? თუ რახან გარეთ გავედი? ელენე, მოგცლია, შემეშვი.
ელენე ზუსტად იმ თემებზე აგრძელებს საუბარს, რაც ზემოთ აღვნიშნე უკვე.
ამიტომ ვიყენებ ბევრჯერ ნაცად ხერხს, აღვმართო უხილავი კედელი ჩემსა და ადამიანებს შორის.
“დარეკავს, არ დარეკავს, დარეკავს, არ დარეკავს”
ასე გავაფრენ.
თუ უკვე არ გავაფრინე.
რეკავს ტელეფონი.

დღე III

– ალო, გამარჯობა მარიტა, გიოა მე. (პაუზა) ბლინ, გიოა კი არა, გიო არის. არა, გიო ვარ.
მეცინება.
– მივხვდი, ქართული უნდა გასწავლო.
იცინის.
– ასე გვიან რატომ რეკავ?
– იცი, მთელი დღე მეძინა. მე ჰო იცი რა რეჟიმი აქვს, დღისით ძილი, ღამე ღვიძება. არა, მღვიძავს ანუ ღამე. ბარი, ხომ იცი.
მივეჩვიე რა..
მე დავიტანჯე მის მაგივრად.
– ვხვდები რასაც ამბობ, ნუ თარგმნი.
– ჰო. კარგი. მოგიკითხე.. მე.
– ვიცი, რომ მომიკითხე, შენ. კარგი ბიჭი ხარ.
– დამამატებ სადმე?
იმდენად სასაცილოდ ჟღერს, უკვე ვეღარ ვიკავებ თავს.
– სადმე, სად?
– Facebook, მაგალითად.
– ოკეი, მომწერე როგორ ხარ.
– კარგად ვარ, კაცო.
– არა, გიო, Facebook-ზე როგორ ხარ – ვიგულისხმე.
– ა ჰო, ჰო. კარგი. აპატიე, დაბნეული ვარ.
– კარგი, ვაპატიებ.

ვთიშავ ტელეფონს და სიცილით ვიგუდები.
ვამატებ.
ვათვალიერებ ფოტოებს.
აშკარად რეალურად უკეთესია.
მგონი უკვე სუბიექტურად ვმსჯელობ.
ვაიმე, არა კარგი ტიპია 🙁

***

ვფიქრობ რა შეიძლება მჭირდეს.
ასე განუწყვეტლივ რატომ ვფიქრობ ამ ტიპზე.
მე, ვინც ყოველთვის ყველას ვეთამაშები და სერიოზულად არავის ვუყურებ.
მე?
მე.
მგონი მეშინია.
არა, მგონი არა, მართლა მეშინია.
სამი დღე.
სამი !!! განუწყვეტლივ ვფიქრობ ვიღაცაზე.
მართლა ვიღაცაზე, რომელიც სულ ერთხელ ვნახე და ერთხელ ველაპარაკე ტელეფონზე.
უნდა დავლიო.

Exit mobile version