Site icon მოიისფრო

Close to..

ადამიანი ყველაფერს ეჩვევაო.. მართლა როგორ შევეჩვიე შენთვის დაწერილი წერილებისგან ქაღალდის ნავების კეთებას და მათი გაურკვეველი მიმართულებით გაშვებას.
სიტყვების ზედმეტობა, მხოლოდ შეგრძნებები. დროის დაუნდობლად სვლა და ლოდინი, ლოდინი, ლოდინი!!!
სველი ასფალტი, გაზაფხულის სუნი და მაინც ვერგამოსული მზე, ვერგაღვიძებული სიხარული და ვერშეგრძნებული გაზაფხული.. ამ ზამთარმაც ხომ უთოვლოდ ჩაიარა.
ხედავდი როგორ ვიდექი სველ ასფალტზე თმაჩამოშლილი, როგორ მასველებდა წვიმა.. გიყურებდი თვალებში და არ მჯეროდა, რომ ჩემ ყველაზე დიდ და გულწრფელ ოცნებებს ვხედავდი მათში, კალაპოტში მოქცეულს.
არ მოვსულვარ.. რა უნდა მეთქვა? რომ შენს თვალებში ყურება სახლში დაბრუნებას ჰგავდა? თუ ის, რომ შენიდან წამოსულ ჰაერს ვსუნთქავდი იმ წვიმიან დილას და შენი ფილტვების სივრცე იმდენად მეძვირფასებოდა, რომ ვერსად გაგიშვებდი? როგორ მეთქვა რატომ შევწყვიტე იმ დღეს სიცილი მოულოდნელად, რატომ გავჩუმდი.. რა მეთქვა, რა..
უშენობის არ დატყობა ყველაზე ყალბი ნიღაბია, რომელსაც ყველაზე დიდი წარმატებით ვხმარობდი.
ცხოვრება მომენტებისგან შედგებაო.. რაც შეიძლება მეტი მომენტი შეაგროვეო.. ადამიანები ყოველთვის მიდიანო.. მერე რა, რომ თოვლი არ მოვიდაო, არ შეგეშინდესო, შენი მაისი შეხვდება მისასო..
“რა დაგემართა?” მანჯღრევ და მაღვიძებ… ისევ, ისევ, ისევ.
სისხლის ერთ წვეთში მოქცეული ყველა შეგრძნება წამში დაივლის სხეულის ყველა უჯრედს და საგანგაშო სიგნალებს გზავნის ყველგან.
ისუნთქე, იცინე, იყვირე, რომ ჭკუიდან არ შეიშალო, რომ გადარჩე!
მერე რა, რომ ამდენი ყვირილისგან ხმა აღარ გაქვს, იყვირე!!!!
მე ხომ საკუთარ არსებობას ვერ იქნა და ვერ შევეგუე..

Exit mobile version