Site icon მოიისფრო

Flashbacks.

– თამ, მოდი, აქ ამოდი და აქედან გადაიხედე.
კლდის ერთ მხარეს სასაფლაოა, მეორე მხარეს ტყით შეფენილი ხრამი.
ტყე ძალიან ლამაზია. სულ, სულ სხვანაირად ლამაზი, მშვიდი.
კლდის თავზე რომ დგახარ, ისეთი გრძნობა გაქვს, თითქოს ღრუბლებში ხარ.
– რა ლამაზია! – აღტაცებას ვერ ვმალავ.
– ჰო.. ეს უბრალოდ ტყე არაა.
– აბა?
– მოდი აქ, დაწექი და ცას უყურე.
ვასრულებ რასაც მეუბნება. არანაირი ხმა, ჩიტების ხმაც კი არ ისმის. სრული სიმშვიდე და სიჩუმის მელოდია.
– გესმის?
– მესმის.
– ჰო. ეს ყველაზე დიდებული მუსიკაა, რომ იცოდე.
– ვხვდები.
– აქ ტყის სულები ბინადრობენ. ოდესღაც ესენი ის ადამიანები იყვნენ, ვისაც ამ ყველაფრის სჯეროდა. რომ დაიხოცნენ მერე აქ განაგრძეს ცხოვრება, ისე როგორც ჩვენ სამყაროში ცხოვრობდნენ ოდესღაც.
– კი, მაგრამ..
– არა, ვერ ხვდები, რომ სხვა სამყაროა? უსმინე. არაფერი, საერთოდ არაფერია! მხოლოდ ჩვენ ვარღვევთ ამ სიჩუმეს.
მარტო ღრუბლებია, ტყე და სასაფლაო. მხოლოდ ცის სილურჯე გვაკრავს და ტყის სიმწვანე. მხოლოდ ჩვენ ვართ ცოცხლები აქ. მაგრამ მარტონი არ ვართ, დამიჯერე რა.
– მჯერა, მართლა მჯერა, უბრალოდ..
– არა, არ უნდა მაგას უბრალოდ.
მე ვიცი რომ ასეა. ეს ჩვენი სამყაროა, იყოს ჩვენი?
– იყოს.
– ჰო, რომ მოვკვდები მეც აქ მოვალ. ტყის სული გავხდები და ოდესმე შენც მოხვალ, დიდი ხნის მერე.
– რა იყო, აპირებ რამეს?
– არა, არაფერს. უბრალოდ ოდესმე ხომ მოხდება ეს.
– სიკვდილზე რატომ ვლაპარაკობთ?
– იმიტომ, რომ ყველაფერი ამით მთავრდება ბოლოს.
– არა მაშინ, როცა 13 წლის ხარ -_-
– ეგ შენ ხარ 13-ს.
– არც შენ ხარ დიდი! – უკვე ვბრაზდები.
– ჰო, არც მე ვარ დიდი, მაგრამ შენ.. როგორ გითხრა, ძალიან დიდ ხანს უნდა იცოცხლო.
– ეგ მხოლოდ ჩემზე არაა დამოკიდებული.
– როგორ არა… უსმინე.

***

– ძალიან გთხოვ, დაიმახსოვრე რა ეს საღამო. ეს დღე საერთოდ.
– ბოლო დროს ყველაფრის დამახსოვრებას მთხოვ. რატომ?
– იმიტომ, რომ მომენტები ქმნის ცხოვრებას. მე კი მინდა ბევრი მომენტი გვქონდეს.
– წინ მთელი ცხოვრებაა.
არაფერი უპასუხია, მხოლოდ გამიღიმა.
ისე, როგორც მარტო თვითონ იცოდა.

***

მართლაც წლები გავიდა ამ დღის მერე, მე კი მგონია გუშინ იყო.
ყველა სიტყვა მახსოვს, ყველა კითხვა, ყველა პასუხი.
ახლა ვხვდები, რატომ შეიძლება სთხოვოს ერთმა ადამიანმა მეორეს თითოეული წამის დამახსოვრება.
ყველა ლამაზი მომენტის.
მართლაც მომენტები ქმნის ცხოვრებას და თამამად შემიძლია ვთქვა, ჩვენ ბევრი მშვენიერი მომენტი გვქონდა.

***

შენ ახლა სულ სხვა სამყაროს ეკუთვნი, იმ სულების ტყეს, სადაც ოდესმე მეც მოვალ, დიდი ხნის მერე,
რადგან მჯეროდა და მჯერა, რომ ეს ტყე მართლაც ისეთი არსებობს, როგორც ჩვენ ვხედავდით ბავშვობაში.

Exit mobile version