Site icon მოიისფრო

Make me feel.

ხელზე ხელს გადებ, თითქოს ეს რამეს გიშველის, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი, რომ იმედი მაქვს ამის. ხელს გიჭერ და შენს რეაქციას ვაკვირდები. რა მინდა რომ დავინახო? შვება? ესეც ხომ დროებითი იქნება და საერთოდაც, ყველაფერი ხომ დროებითია.. შენც, მეც, ჩვენი სიყვარულიც..
შენ შველას ვცდილობ მაშინ, როცა თავად ვარ გადასარჩენი. საოცარია, არა?
შენ საქმიანი ბიჭის ნიღაბს ირგებ და გუშინ გაფუჭებული ონკანის კეთებას იწყებ, მე კი გუშინ დაწყებული რომანის ბოლო ფურცლებს ვკითხულობ და ჰეფი ენდზე გული მიჩუყდება, შესაბამისად ღაპაღუპით სდის ცრემლი ჩემს სენტიმენტალურ ნიღაბს.
48 საათი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენი სახლის კარი გაიჯახუნე. ვწევარ და ვიხსენებ როგორ ვიწექით ზღვის სანაპიროზე და მზის ჩასვლას ვუყურებდით. მე შენ მკერდზე მედო თავი და ყველაზე ბედნიერი ვიყავი. მაშინ ვერავინ და ვერაფერი დამაჯერებდა, რომ ისეთი თბილი თვალების მქონეს, როგორიც შენ იყავი, ასეთი ტკივილის მოყენება შეეძლო.
მონატრება ცხვირის წვერს მწვავს და ყელში უზარმაზარი ბურთი მეჩხირება, მაგრამ არ დაგირეკავ.
მოდიხარ ისე, თითქოს არაფერი ყოფილა. მეც გიღიმი და ჩემი გამომცხვარი ვაშლის ნამცხვრის ნაჭერს გიდებ თეფშზე.
შუბლზე მკოცნი, მე ისევ გული მიჩუყდება.
გრძელმკლავიან სვიტრს ვიცვამ და პლედის ქვეშ ვძვრები. ხელს მხვევ და ერთად ვუყურებთ ფილმს.
ვთამაშობთ, როგორც ვიცით.. ვთამაშობთ ბედნიერს, ვთამაშობთ უბედურს, ვთამაშობთ, რომ რამე მაინც ვიგრძნოთ, ერთხელ მაინც ვიგრძნოთ, რომ ვსუნთქავთ, ვიგრძნოთ, რომ ადამიანები ვართ..
ვაკეთებთ ყველაფერს, რაც ასე გვაადამიანებს.
ვთამაშობთ, თუმცა სინამდვილეში ორივემ ვიცით, რომ მათ, ვისაც დღეს ცინიკოსებად გვნათლავენ, წარსულში ფრთებდამტვრეული რომანტიკოსები ვართ.

Exit mobile version