Site icon მოიისფრო

Painter.

სიშავემდე წითელ ვარდებს მოეწყინათ უსიცოცხლო ხელებში.
ტუჩებს ჯერ კიდევ შერჩენოდა სითბო ალბათ,
მის თმას ისევ მოთიბული
ბალახის სუნი ჰქონდა, გარეთ კი მაშინდელივით კოკისპირულად წვიმდა,
პირველად რომ შეხვდნენ ერთმანეთს.
ბავშობიდან იცოდა, რომ ახალგაზრდა მოკვდებოდა.
ეს ჯერ კიდევ მაშინ, როცა მხოლოდ სახლებს და მზეებს ხატავდა.
ხშირად უფიქრია, დედამისს რომ მასში ხატვის ნიჭი არ აღმოეჩინა და
მისი ცხოვრება ამ საბედისწერო ნახატს არ დაკავშირებოდა, გადარჩებოდა?

**

დიდ ხანს იბოდიალეს ნახატებით სავსე სახელოსნოში. ალექსი ვერც კი
წარმოიდგენდა ასე თუ ხატავდა გოგო.
– ეს ქაღალდის ნავებია?
– ჰო, ამ ქაღალდის ნავებით მინდა შემოვუარო დედამიწას გარშემო.
ამ ქაღალდის ყვავილებს კი იმ ფრად გავაფერადებ, რა ფრადაც მომინდება.
– გიჟი ხარ.
– ვიცი..
– რა გინდა?
– ანუ?
– ანუ… შენი ნება რომ იყოს, როგორ მოაწყობდი სამყაროს?
– ხომ გითხარი, ქაღალდის ნავებით ვიმოგზაურებდი.
– კიდევ?
– კიდევ… კიდევ, გუბეებში ვიცეკვებდი ბალეტს, მერე რა, რომ არ ვიცი.
წვიმის წვეთებს შევაგროვებდი ხელში, ერთს, ორს, სამს..
ცოტა ხნით ჩემთან მეყოლებოდნენ, ჩურჩულით გავანდობდი უდიდეს საიდუმლოს,
ლურჯი სევდით სავსე
ლამაზ ლექსებს დამაწერინებდნენ იმაზე,
თუ როგორ მითხარი ერთხელ დავიკარგოთო და ამ დროს დროც აგვცდა..
მოგვიანებით როგორ შეეტყო უშენობა ქალაქს და როგორ დაკარგა ყოველმა ნივთმა შენი ანაბეჭდი.
მერე კი ავდგებოდი და ხელისგულში მომწყვდეულ წვიმის წვეთებს წვიმას დავუბრუნებდი, არ მიყვარს ვალები.
– ჩემი ადგილი შენს სამყაროში არ არის, არა?
– როგორ არა.. შენ ყველაზე ლამაზ ადგილას ხარ.
– მაინც?
– ქალაქის განაპირას, ნახატებით სავსე სახლში ვიქნებოდით მე და შენ.
ჩამოცვენილი ფოთლების საწოლზე, გაშლილ თმაზე მომეფერებოდი და მეტყოდი,
რომ ჩემ წარმოსახვას
განცდის ფერი აღარასოდეს ექნება, რადგან ახლა შენ ხარ ამ განცდის შემოქმედი
და არც ჩემ ფრთებზე აქერცლილი საღებავი მოგაგონებს წარსულის ტკივილს.
ყველაფერი თბილი შემოდგომის ფრად იქნებოდა შეღებილი
და მე და შენ კიბის გავლით ავიდოდით მთვარეზე.
დიდ ხანს ვიჯდებოდით იქ, გადმოვხედავდით დედამიწას,
მერე კვლავ უჰაეროდ დამტოვებდა შენი სიახლოვე და სიცოცხლე აივსებოდა შენით.
ფანჯრის რაფაზე ვიჯდებოდით მე, შენ და ჩვენი სიყვარული.
დაორთქლილ მინაზე დაწერილი სიტყვებით ვისაუბრებდით,
ხელისგულში მომწყვდეული ბგერებითაც შეიძლება საუბარი, ისე.

**

„ – ძალიან ლამაზია, თუმცა ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ დაუმთავრებელია.
– ასეცაა და იმიტომ.“
იღიმის და ცხვირზე კოცნის.
„ – და რატომ არ ამთავრებ?
– გაგეცინება რომ გითხრა..
– მითხარი.“
მუცელზე ხვევს ხელებს და კისერში კოცნის ქალს.
„ – იმიტომ, რომ, როგორ გითხრა, მგონია, რომ ეს ნახატი ჩემი სიცოცხლის გზაა..
ერთი დეტალიღაა დასამატებელი, მხოლოდ მე ვიცი როგორ მიიღებს დასრულებულ სახეს.
როცა ეს ნახატი დასრულდება, მაშინ დასრულდება ჩემი სიცოცხლეც.
თითქოს ჩემი სიცოცხლის გარანტია, სანამ დასამთავრებელია,
მანამ არც ჩემი სიცოცხლე დასრულდება.. ვიცი, რომ უცნაურია..“
ვერ იტანს, როცა ქალი სიკვდილს ახსენებს, ვერ წარმოუდგენია სამყარო მის გარეშე.
„ – ეს იცი რას ნიშნავს? – ეკითხება ძალიან ხმადაბლა.
– არა..“
გოგონა ტრიალდება, ხელებს კისერზე ხვევს და იღიმის.
„ – ეს ნიშნავს იმას, რომ კდევ დიდი ხანი არ უწერია ამ ნახატს დასრულებული სახის მიღება.“
ისევ ღიმილი.
„ – ჰო, შენ ძალიან, ძალიან დიდ ხანს იცოცხლებ, ელ.
– მხოლოდ მე?
– ჩვენ.“
თითის წვერებზე იწევა, რომ კაცის ტუჩებს მისწვდეს.

**

არ იცოდა რამდენი ხნის მანძილზე იდგა მათი კაფის შესასვლელთან.
შუშის კარიდან ხედავდა მათ აგილზე მჯდომ წყვილს და ეღიმებოდა.
ახლაღა მიხვდა, რას გულისხმობდა ალექსი ტკბილ-მწარე მოგონებებში,
ის ხომ ამდენი ხნის მერეც ვერ აცალკევებდა „ჩვენ“ – ს.
მათი გაცნობა გაახსენდა.
მისი მორცხვი და ალექსის თამამი ღიმილი, პირველი შეხება..
ყველაფერი ხომ აქ, ამ კაფეში, ამ ადგილზე დაიწყო..
ხედავდა ძალიან ბედნიერ გოგოს და ბიჭს და უნდოდა მისულიყო მათთან.
მისულიყო და ეთქვა რომ სიყვარული ერთადერთი რამაა,
რის გამოც ყველაფერი უნდა დაეთმოთ.. დაეთმოთ სიამაყე, პრინციპები..
რომ ეს ერთადერთია, რასაც მართლა შეეძლო დედამიწა ებრუნებინა,
რომ როცა გიყვარს, სისულელეა სხვა ყველაფერი, რომ ნებისმიერი
წვრილმანისთვის არ უნდა მიეცათ უფლება, მათი დედამიწის ბრუნვა შეეჩერებინათ,
რომ სხვაგვარად ვერ გადარჩებოდნენ, ისევე, როგორც ის.. ისინი ვერ გადარჩნენ.
თუმცა არაფერს აკეთებდა.. ადამიანს ხომ საოცარი უნარი აქვს უყვარდეს, ზრუნავდეს..
სად წაიღეს, რა უყვეს თავიანთ სიყვარულს, სად გააქრეს,
ისე სად ჩამარხეს, რომ თავად ვეღარ იპოვეს, მათი დედამიწა როგორ გააჩერეს,
მათ ხომ ყველაფერი ჰქონდათ, ღმერთო..
ფიქრობდა ალექსზე, ბავშვზე, იმ ყველაფერზე რაც მათში მოხდა და მიხვდა, რომ დროა..

**

ადამიანს თვითშთაგონების იმდენად დიდი უნარი აქვს, რომ არაფერია შეუძლებელი მისთვის..
ახლა, როცა ჯერ ისევ დაუსრულებელი ნახატის წინ დგას ფუნჯით ხელში, უნებურად ებადება კითხვა:
ასეთივე დიდი რწმენა რომ ჰქონოდა მათი სიყვარულის, გადაარჩენდა მას?
წამით დედა გაახსენდა და იგრძნო, როგორ ჩასწყდა შიგნით რაღაც..
იქნებ სხვამ ეგოიზმიც დასწამოს, იქნებ ისიც თქვან, რომ არავინ უყვარდა რეალურად,
რადგან გაბედა და ასეთი განაჩენი გამოუტანა თავის თავსაც და სხვასაც,
თუმცა ისინი გაუგებენ, ვინც მასსავით სწრაფად იცხოვრა, ვინც ყველაფერი ნახა ცხოვრებაში,
ვინც ფრთები დაუხატა თავის სიყვარულს, ვინც ცაშიც იფრინა და
მიწაზეც მტკივნეულად დაენარცხა, ვინც ღმერთი თავად შექმნა და ბოლოს
სალოცავიც კი აღარაფერი დარჩა, რადგან თავისივე შექმნილი ღმერთიც
თვითმკვლელმა თევზებმა წაართვეს და მოკვდნენ მასთან ერთად.
როცა მხატვარს ფერები გამოელევა, მაშინ ეკარგება მის სიცოცხლეს აზრი,
თუ მხატვარმა ფერები დაკარგა, ის ყველაფერს კარგავს. ისინი გაუგებენ,
ვინც ყველაფერი, ყველა ფერი დაკარგა და საოცნებოც აღარაფერი დარჩა.

**
არც კი იცოდა თვითმკვლელობა იყო ეს თუ მისი სიცოცხლის ნახატის
დამთავრების დაუოკებელი სურვილი. ბოლო ჭიქაც გადაკრა და პალიტრაზე საღებავების შერევა დაიწყო.
ფუნჯი საღებავში ამოავლო, ღრმად ჩაისუნთქა და მოლბერტს მიუახლოვდა.
თქვენ იცით სიკვდილი რა ფერია?
მისი სიკვდილი მისივე ნახატის ფერებში წარმოედგინა, მოლურჯო-მოიისფრო..
ფუნჯის წვერი ტილოს ეხება და.

Exit mobile version