Site icon მოიისფრო

The last song.

გესმის?
რას გახსენებს?
უცნაურია, თუმცა ყველას თავის ასოციაციები აქვს.
ერთი ჭიქაც დავლიოთ.
მე? მე მოთიბული ბალახის სუნს.
მზით გამთბარ თმას, სხივებს თვალებში.
გულწრფელ ღიმილს და იმ დროს, სანამ ისეთები ვარსებობდით, როგორებიც
წესით ახლაც უნდა ვყოფილიყავით.
არა, არ გესმის.
ეს ნოსტალგიაზე მეტია.
აი, ისევ გეშლება. არც გლოვაა, წარსულს არ მივტირი.
ვერასდროს მიხვდები, თუ არ დალოდებიხარ ტელეფონის ზარს
და სულის გაყინვამდე არ შეგშინებია იმის, რომ ყოველ წამს შეიძლება მისი გაქრობა გაუწყონ.
ხომ შევთანხმდით, რომ სადღეგრძელოები არ გვინდა?
უბრალოდ დავლიოთ.
რა სისულელეს ამბობ.
შენ რა, გგონია ადამიანის საფლავზე სიარულით გამოიხატება მისდამი პატივისცემა?
და თუ არ გინდა მისი გაქრობა დაიჯერო, მაშინ?
ადამიანები არ ქრებიან მანამ, სანამ ჩვენ არ გავაქრობთ ჩვენში.
ფარდა გადაწიე.
მეც მიყვარს ეს სუნი.
სველი ფოთლების, მიწის, გაზაფხულის.
ვგრძნობ, რომ ვსუნთქავ. ვარსებობ. ვცოცხლობ.
აი, ახლა მართლა გამეცინა.
მახსოვს, როგორ არა.
ბავშვობიდან ასეთი ხიფათიანი ვიყავი.
მუხლები სულ გადატყავებული მქონდა, მუდამ ძირს ვეცემოდი.
და ჩვენი შტაბი?
რამდენჯერ დაგვინგრიეს და მაინც ვაშენებდით.
ასე არ შეიძლება, შენთვის ცოტას ისხამ.
მე უკვე მომეკიდა.
როდის?
აა, ტყეში რომ გავიპარეთ?
არა, არ შეგვშინებია ჭინკების. ჩვენზე უარესი ვინ უნდა შეგვხვედროდა.
ახლა შემეშინდება ალბათ, მაშინ არაფრის გვეშინოდა.
ამ მუსიკას ბალახის სუნთან ერთად ტყის ის ვიწრო ბილიკებიც მოაქვს ჩემამდე.
კიდევ მოპარული, ნაკვერჩხალზე შემწვარი სიმინდის ტაროების და კარტოფილის სუნი.
ბავშვობაში ძლის წინ მოსმენილი ზღაპარივით.
ოდესღაც რომ იყო და იქვე დარჩა.
ერთხელ ძაღლები გამოგვეკიდნენ.
მაშინ რომ ვირბინეთ, ახლა რომ ვირბინო მაგდენი, ალბათ ვერც გადავრჩები.
ყნოსვითი ჰალუცინაციები შენ თვითონ გაქვს, გგონია ვაფრენ?
თუმცა შეიძლება, ცოტათი.
ეგ ბოთლიც გახსენი.
მუსიკას ვუსმინოთ.
მელოდიურად გავაფრინოთ.
წარსულის სურნელი გავიხსენოთ.
სიძველის და იმ დროის, როცა ჩვენი თავი ყველამ ვიცოდით.

Exit mobile version