Site icon მოიისფრო

Two words In your hands, In your hearts.

image

მე შენს წინ ვდგავარ.
ვდგავარ და თითებს ვისრეს.. იცი, მე ძალიან ბევრი რამ მაქვს სათქმელი შენთვის, უბრალოდ არ ვიცი საიდან დავიწყო.
მინდა გიამბო მზის ჩასვლებზე, მასთან ერთად ჩასვენებულ იმედებზე, გრძნობებზე, რომლებიც ბოლოს მუდამ იმედგაცრუებაში ერთიანდება..
დამჭკნარ ყვავილებზე მინდა გიამბო, მოთიბული ბალახის სუნზე, ასე რომ მენატრება, მზით გამთბარ თმაზე, თვალებზე.. ხელისგულებში შეგროვილ წვიმის წვეთებზე, ტუჩებზე დაღვრილ სურვილებზე..
მინდა გითხრა, რა სიამოვნებით მოგიყვებოდი, ჭიქა ჩაის და ჩემი გამომცხვარი კექსის თანხლებით,  რა ვიგრძენი როცა პირველად მივხვდი, რომ აღარაფერი იქნება ისე..
მინდა გიამბო, როგორ მტკიოდა და მტკივა, როგორ არ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ სხვები ისეთებად მიიღონ, როგორებიც არიან.. არც მე შემიძლია ეს, არც მას, არც არავის… უბრალოდ შეუძლებელია და მორჩა.
მინდა გიამბო როგორ ვიარე იმ დღეს წვიმაში მანამ, სანამ სიცივისგან ძვლებიც არ გამეყინა, როგორ ვითბობდი მერე გაყინულ თითებს და ცხვირს ჩაის ჭიქიდან ამომავალ ორთქლზე.
მინდა მოგიყვე, რა ცოტა მყოფნის ხოლმე ბედნიერებისთვის, ათასჯერ ჩაკლულ სულზე, თვითმკვლელ თევზებზე მინდა მოგიყვე.
მინდა გიამბო ოცნების ჰორიზონტებზე, ვერაფრით რომ ვერ დავეწიე..
მინდა, მაგრამ არაფერს ვამბობ..
მხოლოდ ვდგავარ შენს წინ, თითებს ვისრეს და გიყურებ..
წამით კარგად დავიწყებული წარსული შემომცინებს..
ყვავილებს ვაწყობ შენს საფლავზე და სიმწრით მეღიმება..
ყველაზე მეტად ის გვანადგურებს, როცა წარმოვიდგენთ, როგორ შეიძლებოდა ყოფილიყო ყველაფერი და…
მივდივარ.

Exit mobile version