Site icon მოიისფრო

თქვენზე

და ასეთია ყოველთვის ბოლო ნამდვილი გრძნობის, განცდის და ვნების.
და მეც, ამ დიდი კანონის ნებით – მიყვარხარ.

 

შენ – ელფების ტყის პრინცესა.
ის – გრძნობების ქურდი.

სად შენ და სად ის, მაგრამ განსხვავებები აახლოებს ადამიანებს ერთმანეთთან. პლიუსი იზიდავს მინუსს.

ყოველ ღამე მოდიოდა შენთან, მთვარის შუქს მოყვებოდა თითქოს. დილას, მზის ამოსვლასთან ერთად გტოვებდა და მხოლოდ მის სურნელს გიტოვებდა დაწნულ საწოლზე, მთვარის ამოსვლამდე რომ უნდა გყოფნოდა.

ყველაზე ბანალურად გიყვარდათ ერთმანეთი და სულ არ გრცხვენოდათ ამ ბანალურობის, ამ რომანტიკის, მთვარის შუქზე წაკითხული ლექსების, ღია ცის ქვეშ, შენს დაწნულ საწოლზე გატარებული ღამეების, ვარსკვლავებისთვის თქვენი სახელების დარქმევის, შენს ტუჩებზე სურვილების დაგროვების და მისთვის განაწილების, არაფრის გრცხვენოდათ.

როგორც ხდება ხოლმე, არავისთვის გიკითხავს, ისე გაიქეცი მასთან ერთად. შენ, ელფების ტყის პრინცესა, ის – უბრალო ქურდი.

გაღმერთებდა.
შენც აღმერთებდი.
აღმერთებდი იმდენად, რომ ისე იქეცი მის სათამაშოდ, ვერც მიხვდი.
გაღმერთებდა, მერე კი ისე დაიწყო შენი მზრუნველობის, შენი სიყვარულის, შენი ემოციის მიღება, თითქოს ეკუთვნოდა, თითქოს ასეც უნდა ყოფილიყო, თითქოს და გიმსახურებდა.
აღარსად იყო ერთმანეთის სახელების მქონე ვარსკვლავები, მთვარის შუქიც მხოლოდ მის ზურგს ანათებდა, ბოლო დროს ხომ სულ ზურგშექცევით ეძინა. მისი სურნელი დაკარგეს დღეებმა, ფოთლებმა დაკარგეს მზის ფერი.

ერთ დღეს შემთხვევით დაინახე შენი ანარეკლი პატარა, სარკესავით ტბაში.
მართლაც სათამაშოს დამსგავსებოდი. უსულო თოჯინას, გამოფიტული სხეულით და ცარიელი თვალებით. შენს მუდამ ცეცხლივით წითელ თმასაც კი დაეკარგა ფერი. უყურებდი შენს უსიცოცხლო თვალებს და მიხვდი, რომ შენმა ქურდმა მოგპარა ყველა გრძნობა. სიცოცხლეც კი შეისრუტა შენი ლავიწის ჩაღრმავებიდან და იმდენი ძალაც კი არ დაგიტოვა, რომ გეარსება. უცრემლოდ იტირე შენი არსებობაც, შენი თმასავით გახუნებული სიყვარულიც და იქვე, სამუდამოდ ჩამარხე შენი გრძნობების ქურდი შენში.

როგორც ხდება ხოლმე, ისე გაიპარე, არაფერი გითქვამს მისთვის.
დაუბრუნდი შენი მუდმივი წვიმების მხარეს და განაგრძე ცხოვრება გაძლებაზე, გაგაზაფხულების იმედით.

ხშირად მიდიოდი იმ ადგილას, სადაც ჩუმად ხვდებოდით-ხოლმე ერთმანეთს. ნიავს მოქონდა ამბავი, დარდობსო – ამბობდნენ ფიფქები.

რა მოხდებოდა, დაგეჯერებინა მოხუცი ტირიფისთვის და ერთი ნამცეცი მაინც დაგეტოვებინა შენთვის – შენი ოქროსფერი სულიდან. მაშინ ეცოდინებოდა, რომ “მისი ვარდი ერთადერთია ამქვეყნად” და რომ “შენ ვალდებული ხარ იზრუნო მასზე, ვინც მოიშინაურე”.

ეცოდინებოდა, კი?

 

რა დავაშავეთ ჩვენ, როცა ქურდულად გადავძვერით
მავთულხლართებზე

და შევიპარეთ აკრძალულ მინდორში,
რათა მოგვეწყვიტა ორი-სამი თბილი ყვავილი
ისე, ყოველი შემთხვევისთვის.

 

რა დავაშავეთ ჩვენ, როცა ყველაფერს ვიჯერებდით,
რასაც ვერ ვგრძნობდით?

Exit mobile version