Site icon მოიისფრო

გავაჩეროთ დედამიწა.

ამდენმა კითხვებმა თავგზა ამირია. როგორ მინდა, ბევრი რამ გითხრა, მაგრამ სიტყვები იქამდე ქრებიან, სანამ წარმოვთქვამ.
ჩემში რჩება ყველაფერი და ისევ კითხვებად იქცევა – უპასუხოდ.
თავხედები, ვინ თხოვს, რომ მოვიდნენ.
ჩვენ კი, რა. ისევ დავდევთ ოცნების ჰორიზონტებს და ისევ იმდენად გვშორდება, რამდენადაც ახლოს მივალთ მასთან.
ზოგჯერ რომ მგონია, ვარსკვლავს მივწვდი, მაშინ მეღვიძება ზუსტად.
მაპატიე ზოგჯერ ნერვებს თუ ვერ ვთოკავ ხოლმე.
ეგოისტები ვართ, ხომ იცი.

როცა გვტკივა, მხოლოდ ჩვენ ტკივილს ვგრძნობთ და სამწუხაროდ სულ ფეხზე გვკიდია იმ წამს სხვისი ოცნებაც თუ დაიმსხვრა პატარა ნამცეცებად.
ასეა. ადამიანები ვართ.
სულ არ ვამაყობ ადამიანობით, რომ იცოდე.
ადამიანებზე მეტად ცხოველები მიყვარს – არც გამემტყუნება.
ჩვენი დედამიწა კი ბრუნავს და ბრუნავს, აქტიურად ატრიალებს ჩემი, შენი, დომენიკოს სიყვარული.

ზოგჯერ გვინდება, რომ გავაჩეროთ და ჩავიდეთ, სწორედ ამ დროს იყინება წამი და ვრჩებით მხოლოდ მე და შენ.
მენატრება ასეთი “მე და შენ”.
წამოდი, გავაჩეროთ დედამიწა.
ცოტა ხნით მაინც, თავბრუ არ დაგეხვა? მე – კი.
გააჩერეთ დედამიწა.

Exit mobile version