Site icon მოიისფრო

გაზაფხულამდე.

ზოგჯერ, როცა ძალიან მენატრები, შენით სავსე წუთების გახსენებით ვცდილობ შევივსო უშენო დღეები.
ვიხსენებ ხოლმე პირველ შეხვედრას, იმ შეგრძნებას, რომ სულის ადამიანი ვიპოვე.
ვიხსენებ რეი ჩარლზს, წვიმას და ჩუმად მეღიმება – ბედნიერად.
არა, მაინც რა ლამაზი იყო ყველაფერი.
ბრძოლა ჩემს თავთან და ყოველი დამარცხებით კიდევ უფრო მეტად მოახლოება შენთან.
გაფერადებული არსებობა და წვიმაში, ყოყმანით გამხელილი გრძნობები.
შენი აივანი, საიდანაც ცა ყოველთვის განსაკუთრებულად ლამაზად ჩანს.
შენი ოთახი, სადაც ბევრი სურათი და წიგნია. და ყველაზე მთავარი – შენი სურნელი, რომელიც ახლაც ჩემთანაა.
ვიხსენებ ზაფხულს, ზღვის სანაპიროზე დაუსრულებელ სეირნობას, გაყინულ წუთებს – როცა ჩვენს გარდა არავინ და არაფერი არსებობს – ხოლმე.
ვიხსენებ ოქროსფერ შემოდგომას, უამრავ ფოტოს, ვნებისფერ სიმორცხვეს თვალებში და ჩემს თავს ვეკითხები. მეტი რა შეიძლება, რომ გვინდოდეს?
ახლა ზამთარია.
ცივი, ვრცელი ზამთარი.
სულ ცოტა დარჩა, მალე ზამთარსაც გადავაგორებთ და გაზაფხულის უცნაური, ნაცნობი სურნელი რომ შეგვიღიტინებს ცხვირში, სუნთქვას დავიწყებთ ისევ თავიდან და ვიცი, ბედნიერებით სავსე თვალებით რომ შემომხედავ, გაიფიქრებ, რომ ჩვენი დრო დაიწყო.
“ჩვენ” ხომ გაზაფხულზე დავიწყეთ.
და მართლაც რომ მკვდრეთით აღდგომას დაემსგავსება ეს ყველაფერი.

Exit mobile version