Site icon მოიისფრო

თავი მე-7… <3

მე ვეხები შენს ბაგეს, თითს შემოვავლებ მის კიდეს ისე, თითქოს ჩემი დახატული და ჩემი ხელით შექმნილი იყოს… ვითომ პირველად გაიპო შენი ბაგე და თუ ერთი წამით მაინც მოვხუჭავ თვალს, გაქრება, აღარ იქნება და მე ისევ თავიდან დავიწყებ მის ხატვას, ისეთს შევქმნი, როგორიც მე მინდა, ჩემი არჩეული და ჩემი სასურველი, ჩემი ხელით დახატული, შენი ბაგე უმაღლესი თავისუფლების ნებით ჩემი არჩეული, ჩემი ხელით დახატული შენს სახეზე, წმინდა შემთხვევის წყალობით (და მე ვცდილობ გავიგო როგორ მოხდა ეს ), ზუსტად ისეთი აღმოჩნდა როგორიც არის შენი ბაგე, რომელიც მიღიმის ჩემი ხელით დახატული პირის მიღმა…
შენ მიყურებ მე, ახლოდან მიყურებ და უფრო და უფრო მიახლოვდები, ჩვენ თითქოს ციკლოპობანას ვთამაშობთ, ვუყურებთ ერთიმეორეს, ვუახლოვებთ სახეებს და თვალებიც ფართოვდება და ფართოვდება, უახლოვდება ერთმანეთს და თითქოს იხრახნებიან ერთმანეთში, ციკლოპები თვალს თვალში უყრიან, სუნთქვა ეკვრით და მაშინ ჩვენი ბაგეები ერთდებიან, ეკვრიან, კბენენ, კბილებით ეხებიან, ეთამაშებიან ალერსით, სუნთქვა ხშირდება და იგრძნობა ძველი, ნაცნობი სუნი და დუმილი.
ჩემი ხელები ეძებენ შენს თმას, მასში იფლობიან და ეალერსებიან, ჩვენ ვკოცნით ერთმანეთს და ჩვენი პირები თითქოს სავსეა ყვავილებით, გაურკვეველი სურნელება რომ დაკრავთ და ცოცხალი თევზებით…  და უნებურად ვკბენთ ერთმანეთს და ეს ტკივილიც ტკბილია და თუ ამ კოცნაში სული შეგვიგუბდება, თუ ერთდროულად შევისუნთქავთ ერთიმეორის ჰაერს, მაშინ ეს წუთიერი სიკვდილიც უმშვენიერესია…

ხულიო კორტასარი – “კლასობანა”

Exit mobile version