Site icon მოიისფრო

მივწვდებით ვარსკვლავს .. წერილი რამდენიმეს.

ჩვენ ყველა, ვისაც დღეს ცინიკოსებად გვნათლავენ, წარსულის ფრთებდამტვრეული მეოცნებეები ვართ.

იცი, არ მაინტერესებს ახლა კითხულობ თუ არა ამ პოსტს, თუნდაც შენ.
არა, პრინციპში ზუსტად შენ, რადგან ამ წამს ერთადერთი ადამიანი ხარ, ვინც მახსოვს.
უბრალოდ საინტერესო ფაქტია, რომ გოგო, რომელიც ერთ დროს ყველაზე ლამაზ, კეთილ არსებად მიგაჩნდა,
ახლა ყველაზე ცუდ ადამიანად მიგაჩნივარ – ალბათ.
მომენტებში გხედავ, როგორ შეიცვალე, რა ცივი გახდი…
არა, მართლა სხვანაირი იყავი მაშინ.
იყო პერიოდი, როცა ფეხებზე გეკიდა ყველა, მარტო შენთვის ცხოვრობდი.
მერე უცებ ბედნიერებით გაბრწყინდი, ახლიდან დაიწყე ცხოვრება.
გარეშე თვალით ჩანს, რომ მე, ამ ბედნიერების საწყისმა, თავად დავასრულე შენი ეს პერიოდი.
შეუძლებელია ისე ვიცხოვროთ, რომ არასდროს არაფერი გვეტკინოს.
ალბათ უინტერესოც იქნებოდა მთელი ცხოვრება ცისარტყელის ფერებში.
სისულელეა იმაზე წუწუნი, რომ ბევრი გადავიტანეთ.
ჩვენ ყველა დაგვტოვეს ოდესღაც.
ყველას მოგვიკვდა ვიღაც.
ყველას გვეტკინა.
კი, მე გატკინე. გატკინე ძალიან.
შეიძლება ხვდები კიდეც რა და რატომ გავაკეთე.
ადრე, მაშინ გითხარი, რომ შენთვისვე ვიქცეოდი ასე და ოდესმე აუცილებლად მიხვდებოდი ამას.
შეიძლება მიხვდი კიდეც, შეიძლება – ვერც.
ან იქნებ სულაც ვერ მიხვდე ვერასდროს.

თქვენ ყველა, ვისთვისაც რამე მიტკენია, მიწყენინებია – ერთმნიშვნელოვნად საშინელ ადამიანად მნათლავთ.
საინტერესოა, სად იყო ამ დროს ჩემი გრძნობები, განცდები, ემოციები?
მე – არ მტკიოდა?
კი 🙂 და თქვენზე მეტადაც.
წერტილი.

ჩვენი სიყვარულია ჩვენი პირველი შვილი.

ჩვენი შვილი წელიწად ნახევრისაა.
1 წელი და კიდევ ნახევარია იზრდება, იღიმის, სწავლობს სიარულს, პირველ სიტყვებს..
ჩვენ ერთად ვზრდით ჩვენს შვილს – სიყვარულს.
ჩვენს სიყვარულს ბევრი კრიტიკული პერიოდი აქვს, ისევე როგორც ყველა ბავშვს.
პირველი კბილის ამოსვლა, პირველი გაციება – სიცხე.
გარდატეხის ასაკი, პირველი – ზუსტად ამ დროს, როცა ბავშვი ცდილობს თავისით გააკეთოს ყველაფერი.
მალე ჩვენ სიყვარულს თავის “მე”-ც ჩამოუყალიბდება, რისთვისაც მზად უნდა ვიყოთ.
ჩვენ უნდა ვიყოთ კარგი მშობლები, რომ ჩვენი სიყვარული კარგად გავზარდოთ – აღვზარდოთ და მერე, როცა ბევრზე ბევრი წელი გავა ისე ვიამაყოთ მისით,
როგორც მშობლები ამაყობენ კარგი შვილით.
მე შენ მიყვარხარ და სწორედ ეს სიყვარული მიყვარს ჩვენში.

იმისთვის, რომ ვარსკვლავებს მისწვდე, ჯერ სხეული უნდა დატოვო.

და ოდესმე.. ო დეს მე,
ალბათ დავტოვებთ ჩვენ – ჩვენს სხეულებს და მივწვდებით ვარსკვლავს.

და ალბათ, ოდესმე ისევ გავიხსენებთ, როგორ გესვენა ხელზე ისეთი პატარა ჩიტის უსულო სხეული, რომელიც ხელისგულზე ეტეოდა და რომელსაც
თითქოს გული გახეთქვოდა იმდენად გრძნობდა ჩვენს ტკივილს.

ზოგჯერ მგონია, რომ დედამიწა ხალხის ტკივილს ვეღარ გაუძლებს და მასაც იმ ჩიტივით გაუსკდება გული.

 

Exit mobile version