Site icon მოიისფრო

მოდი.

“ამ შეშლილ სამყაროს შევეშვათ მე და შენ”, სიჩუმე ჩავრთოთ და ვუსმინოთ.
ჩაის სურნელით ავივსოთ არსება და ფანჯრიდან შემოჭრილი მზის სხივებით გამთბარი აზრები გავუზიაროთ ერთმანეთს.
წვიმის წვეთები და მზის სხივები ერთმანეთს შევახვედროთ ისე, როგორც ჩვენ შევხვდით ოდესღაც და ცისარტყელა დავხატოთ ცაზე, ოღონდ ერთი ფერიც რომ არ აკლდეს, ისეთი.
ავიღოთ ფანქრები და ცხოვრება გავაფერადოთ.
ჩვენ ერთმანეთს ვაფერადებთ…
ჩვენ ერთმანეთს ვაფერადებთ…
მე სიამოვნებით გამოგიცხობ ვაშლის ნამცხვარს და გულაჩქარებული დაველოდები, როდის გასინჯავ და მეტყვი, რომ ეს მსოფლიოში საუკეთესო ნამცხვარია.
მე კი გამეღიმება და ლოყაზე გაკოცებ.
მოდი, ჟირაფებზე ვისაუბროთ.
ვისაუბროთ ათას სისულელეზე, ოღონდ გავთბეთ, ოღონდ არ გვტკიოდეს, მოდი, ვიცინოთ.
მოდი ერთი დღე არ შეგვეშინდეს ემოციების, ერთი დღე ვიგრძნოთ, ვაღიაროთ, სიამაყეს ვძლიოთ, დრო ისევ დაგვიცდის სცენაზე,
დრო გაჩერდება, მას ხომ ჩვენ ვმართავთ.
ნახე, ცისარტყელაა ცაზე.
მე კი ნამცხვარი გამოვაცხვე.
ახლა სიჩუმეს ჩავრთავ და..
მოდი, ვუსმინოთ.

Exit mobile version