Site icon მოიისფრო

მომავლისთვის.

მაშინ, როცა მხოლოდ შენი სუნთქვა არღვევს ჩვენს შორის წარმოსახვით საზღვარს
და როცა შენი ასე ახლოს ყოფნა უკვე თავგზას მირევს.
ან მაშინ, როცა დაღლილი მოდიხარ ჩემთან სახლში, რომელიც ჩემია მხოლოდ და არა “ჩვენი” – იმ იმედით, რომ სულ მალე უკვე “ჩვენს” სახლში მოხვალ
და ასეთივე სიხარულით გკითხავ გშია თუ არა, რას დალევ, ყავა ცივი თუ ცხელი..
შენ კი უბრალოდ მომეხვევი და მეტყვი, რომ ჩემთან ყოფნის გარდა არაფერი, სულ არაფერი გინდა.
შენ ჭამ.
მე კი უბრალოდ ვზივარ და გიყურებ..
გიყურებ და ვიღიმი..
არა, მაინც როგორ, რა უცნაურად მიყვარხარ.
ყოველთვის ღიმილით აღნიშნავ, რომ გრძნობებს არ გამოვხატავ და სამაგიეროდ შენ ხარ ორმაგად თბილი – ჩემ მაგივრადაც.
ალბათ, ასეა..
ან, რაღა ალბათ. ასეა, ვიცი.
მაგრამ იცი რა არის… როგორ გინდა გამოხატო ის, რასაც უბრალოდ ვერ იტევ..
ვერ გამოხატავ სიტყვით, ქმედებით..
მხოლოდ მზერაში შეიძლება დაიჭირო, ნაზ კოცნაში ან…
თავზე მზრუნველად გადასმულ ხელში.
და ვიცი, ვიცი იჭერ ამ მომენტს.
ვიცი – ხვდები, რომ მაშინ, როცა ნაყინით გითხუპნი ცხვირს, ან ვცდილობ ნუტელათი სავსე კოვზი სახეზე მოგისვა – სიცელქის გარდა დიდი სიყვარულიც მამოძრავებს.

გაივლის კიდევ მრავალი წელი.
სავარაუდოდ ერთად ვიქნებით, ან შეიძლება – არც, ვინ იცის.
თუმცა რაც არ უნდა იყოს, ზუსტად ვიცი, ყოველთვის გეცოდინება, რომ
2013 წლის 17 ივლისს, შუაღამის 2-ს წუთებზე, ერთ პატარა, სპილენძისფერთმიან გოგოს ძალიან უყვარდი.

<3

Exit mobile version