Site icon მოიისფრო

ყველაზე დიდი კანუდოსელი.


ძალიან მიჭირს წერის დაწყება..
იქნებ “დაბადებიდან” დამეწყო?
მაშინ გეტყვით, რომ 1939 წლის 26 მარტს, საქართველოში, ქ.თბილსში დაიბადა უდიდესი შემოქმედი, ქართველი კლასიკოსი, ყველაზე დიდი კანუდოსელი – ბატონი გურამ დოჩანაშვილი.
თამამად ვიტყვი, რომ ამ კაცმა მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება..
თავადაც სჯერა და მეც დამაჯერა, რომ “დედამიწას სიყვარული ატრიალებს, ასე რომ არა, დაიქცეოდა.. ვეღარ შეძლებდა ბრუნვას..”
მან მაპოვნინა ჩემი ქალაქი… ქალაქი, რომელიც ყველას გვაქვს, “ოღონდ ხანდახან არ ვიცით ხოლმე…”
გუშინდელი დღესავით მახსოვს როგორ ავიღე პირველად ხელში მისი მოთხრობების კრებული და გადავეშვი “დოჩანას” სამყაროში..
მაშინ პატარა ვიყავი, ალბათ 12-13 წლის..
შემდეგ წამოვიდა უფრო სერიოზული ნაწარმოებები, კეჟერაძეების სერია, “ვატერპოლო, ანუ აღდგენითი სამუშაოები” და ბოლოს წიგნი, რომელმაც თავდაყირა
დააყენა ჩემი მსოფლმხედველობა..
მახსოვს, როგორ წავედი სოფლად..
როგორ გავიცანი მამა, კოჭლი ყმა და მგზავრი დომენიკო, რომელიც ცომი იყო.. იქნებ კიდეც გამომცხვარიყო ერთი დრაჰკანი რომ დაეტოვებინა სოფლად..
“ბალღსაც კი, საკუთარი წარმოსახული სამყარო ჰქონდა დომენიკოს, რეალურისაგან განსხვავებული. განსხვავება, განსაკუთრებით, ბინდისას მკვეთრდებოდა: ლოდი აღარ იყო ლოდი, ხე აღარ იყო ხე… მთვარის ფარფატა შუქზე ცვალებად საგნებს დიდხანს შესცქეროდა… სიჩუმე, ჭრიჭინათი სუსტად გაბზარული, ვიღაცის უხილავი თვალი, კეფაზე ჯიუტად მიბჯენილი და სხეულში ჟღრიალით დარწეული სუსხი…”
თქვენ მხრებზე შემდგარმა, ბატონო გურამ, შევიხედე ლამაზ ქალაქის ფანჯრებში..
გავიცანი კუმეო, ტულიო, მამიდა არიადნა…
ახალგაზრდა გიჟი – უგო…
გავიგე, რომ თურმე ადამიანს შეიძლება გაოცებამდე მშვენიერი თვალები ჰქონდეს..
მე ნამდვილი ქალიც ვიყავი, ქალი – ტერეზა, რომელიც სიჩუმის დროსაც კი რაღაცას ამბობს..
მე უმეგობრო ედმონდოც ვიყავი, რომელიც არავის უნდოდა მთელი ცხოვრება, მაგრამ ამაყად მოკვდა..
ჰეე, მე ხომ ალექსანდრო გავიცანი… გულში კაქტუსის ტკბილი ჩხვლეტა ვიგრძენი და….
შემიყვარდა..
და ანნა… ანნა-მარია… “რომელიც ქალი იყო, მაგრამ შველს ჰგავდა..”..
აანნა მარიაა..
მე ხომ ამ ნაწარმოებიდან გავიგე, რომ თურმე ჭეშმარიტი გლოვა სულ სხვა ყოფილა… თანხმოვნები არ ერია მას..
მე კამორაში ვიყავი..
ათასი ავაზაკით გარშემორტყმულმა ოთო ექიმი და მიჩინიო ვიპოვე..
ცოცხალმა გამოვაღწიე იქედან და…
ჰეჰ.. სული ვიპოვე…
თიხის ქალაქი კანუდოსი..
თურმე შესაძლებელი ყოფილა, თვითმკვლელობა ძმათა ხათრით სიკვდილი იყოს.. ეჰ, დონ დიეგო.. დონ..
ერთცხენიანი მეფე მანუელო კოსტა!!! – მანუელო კოსტა – თვალს გაახელდა თუ არა, იღიმებოდა…. ყველაფერი მისი იყო.. ო როგორ
ამოგთხარა ეგ ლამაზი თვალი ბეტანკურმა..
დიადი ზე-მორეირა.. “ხელი რომ აუკრა!!!”
ჟოაო აბადო.. არადა გულის სიღრმეში გიყვარდათ მანუელო..
მოხუცი სანტოსი.. “დაე ისევ მორმა ზღოს”.. “ყველაზე ავი სიცივით სციოდა ანატკივარ სულში მოხუც სანტოსს.ახლოს, ბორცვებქვეშ სოველ მიწაში ცოლ-შვილი სტკიოდა… ”
და მაინც, მაინც გაუშვა მასიმო.. გაუშვა, როგორც ნაბიჭვარი..
მგზავრები ვართ ყველა..
ვტოვებთ მშობლიურ კერას..
წინ გრძელი და ეკლიანი გზა გვაქვს..
ამ გზაზე ყველა ჩვენ-ჩვენ ლამაზ-ქალაქს, კამორას, კანუდოსს გავივლით..
შევხვდებით ანა-მარიას, ტერეზას..
ბოლოს კი მაინც სოფელს დავუბრუნდებით.. მამას..
მიუხედავად იმისა, რომ დრაჰკანი არ დავტოვეთ და ყველა გზა მოვიჭერით, მაინც დავბრუნდებით უძღები შვილები..
მამა კი მიგვიღებს..
თავზე ხელს გადაგვისვამს.. ჭუჭყს გაგვაცლის, თეთრ ტანსაცმელში გამოგვაწყობს და დიდ ამეთვისტოს დაგვკიდებს გულზე, ცეცხლმოუდებელს, ანა-მარიას მოციაგე ქვას…
“ეს ქვა ლოდზე მძიმე იქნება, შვილო..”
ბატონო გურამ, მე თქვენგან ვისწავლე, რომ “თავისუფლება, სულის ყვავილი, სულზე ტკბილია”, რომ “მნიშვნელობა არა აქვს, ადრე მოკვდები თუ შედარებით გვიან, რადგანაც ბოლო მაინც ეგ არის. მთავარია თუ, როგორ მოკვდები, და რის ჩადენას მოასწრებ”…
73 წლის გახდა ეს დიადი ადამიანი..
მან ჩვენ თაობას მოგვცა საშუალება, რომ სიბინძურეში ავმაღლებულიყავით..
მან გვასწავლა, “რომ არ არსებობს ქვეყნად ამბავი, რომ ჰქონებოდეს ოდესმე ბოლო..”
დიდი მადლობა ბატონო გურამ, რომ არსებობთ..
ყველაზე დიდო კანუდოსელო, კაქტუსოვანო 🙂
და ახლა, როცა ამ პოსტს ვასრულებ, ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს მეც მარადახალი მდინარის პირას ვიჯდე..
ნუთუ ყოველივე ეს…

Exit mobile version