Site icon მოიისფრო

1 New Message From ..

თვალს ვახელ.
ოთახს მკრთალი სინათლე ავსებს, აშკარად ღრუბლიანი დღეა.
ნელ-ნელა ვეჩვევი გარემოს და უკვე ფანჯრის მინებზე წვიმის წკაპუნის ხმაც მესმის.
“ოღონდ ეს არა..”
არანაირი სურვილი არ მაქვს ლოგინიდან ავდგე, გაღვიძება არ მინდოდა საერთოდ, ამიტომ მხარს ვიცვლი და ისევ ვიძინებ..

დღის 12 საათია.
ისევ მოღრუბლულია.
შედარებით გამოფხიზლებული ვიგებ, რომ ეს წვიმა კი არა თოვლი იყო.
“WTF??? მე ხომ გაზაფხულს ველოდი” – ვფიქრობ და ისევ არ მინდა ადგომა, მაგრამ არც მეძინება..
რა შეიძლება გავაკეთო?

2 საათის შემდეგ:

1 New Message From Gio <3
ვხსნი.

– რას შვები, ბარტყო <3
მეღიმება და პასუხს ვწერ.
– ვსვამ. და ვწერ. ტიპიური ლოთის პასუხია, ვიცი, შენ??
– ჩემი ლოთი <3 მენატრები.
– მეც მენატრები. სახლში ყოფნის გარდა არაფერი მინდა. მგონი ზამთრის დეპრესია ახლა დამეწყო.
– ჩემი დეპრესიული ლოთი 🙂 დღეს დაგადგები და როგორ არ გამოხვალ ვნახავთ.
– ღადაობ? ასეთ ფორმაში და ასეთი სასოწარკვეთილი არსად გამოვალ.
– რა სულელი ხარ.. აირჩიე სად წავიდეთ.

სანამ მე ვფიქრობ, მეორე მესიჯი მოდის.
– კინოში რა გადის ნახე.

შტერივით ვიღიმი.

საღამო. 7 საათი.
1 New Message From Gio <3
“30 წთ-ში მანდ ვარ”

სანამ მე სულელივით გაკრეჭილი დავდივარ სახლში ყავის ჭიქით ხელში, 20 წუთი გადის.
SHIT!
ფაცხაფუცხით ვიწყებ ჩაცმას.
ჰაჰ, ეს მე ვარ, დეპრესიული ლოთი, რომელსაც დღეს გარეთ გასვლა არ უნდოდა, ჰო?

1 New Message From Gio <3
“მოვედი, ჩამო”
თავპირისმტვრევით ჩავრბივარ კიბეზე. ფეხი მიბრუნდება, ვეკონწიალები მოაჯირს. “ყოჩაღ, ფაო.”
გავდივარ გარეთ. საშინელი სიბნელე და წვიმა. ლამპიონებს რაღა ეტაკა, მევიდა შევარდნაძის დრო?
მანქანის სიგნალი გულს მიხეთქავს, მივყვები ხმას და ვხედავ გადმოხრილ გიოს, რომელიც კარს მიღებს.
სასწრაფოდ ვხტები მანქანაში. სითბო, უჰ.
კინოში ვაგვიანებთ..

ღამე. 10 საათი.

ვდგავართ ჩემ კორპუსთან ახლოს და ვბჭობთ იმაზე კიდევ სად შეიძლება წავიდეთ და რა შეიძლება ვჭამოთ.
ბოლოს ორივე ვასკვნით, რომ ჯობს სასუსნავები ვიყიდოთ და ვილაპარაკოთ.
ვყიდულობთ უამრავ ტკბილეულს.
არა, ეს მე არ ვარ, როდის იყო ტკბილს ვჭამდი??
ვაცხადებ, რომ მინდა ბარნი.
აი, ის ბარნი, პატარების მეგობარი.
იღებს ბარნის. კიდევ რა მინდა?
იოგურტი.
კიდევ?
კიდევ იოგურტი, ოღონდ სხვა.
და კიდევ შოკოლადი. ოღონდ ჩუდოსი. კოქტეილი.
ვსხდებით მანქანაში სასუსნავებით გატენილი პარკით.
მე მაშინვე ვიწყებ ჩემი შოკოლადიან, ალუბლიანი იოგურტის განადგურებას.
რამენაირად ვცდილობ გიოს ჩავთხარო კოვზი პირში, ხათრით მიღებს პირს, მაგრამ არ მოსწონს ეს ჩემი იოგურტი და რა ქნას.
არ ვასვენებ, 1 კოვზი მე, 1 – შენ.
– არ მომწონს, ძალით ნუ მაჭმევ.
– აბა რა უნდა ჭამო?
– ნახე რამდენი რამეა, ჭამე ეგ შენი იოგურტი შენ.
– ოოო, არა!
ვაგრძელებ იერიშს.
ითხუპნება.
ვიცინი ხმამაღლა და ვკოცნი.
– საოცარი გოგო ხარ შენ.
– ვიცი ;;>
– არა, მართლა. თან შეიცვალე კიდევ. უკეთესობისკენ.
– მიყვარს რომ მაქებენ. ჰოდა, რაო?
ახლოს ვუჩოჩდები და ვუსმენ.
ვხუმრობთ ძალიან ბევრს, ვიცინით ხმამაღლა.
– ამბობენ, ტკბილეული დეპრესიას შველისო.
ბედნიერი ვარ, ასეთი ბიჭი რომ მყავს.
რეკავს დედა.
– აღარ მოდიხარ სახლში დე? 12 დაიწყო, პატრონი ჰო გყავს? – იცინის.
– არა დე, სად მყავს, აბა? – მეც ვიცინი.
– რას შვებით?
– ვჭამთ.
– თქვენ სულ როგორ ჭამთ – იცინის.
– მალე მოვალ.
– კარგი, დე. – ამბობს სითბოთი სავსე ხმით.
ვთიშავ. ჰოდა, რას ამბობდი?
ვლაპარაკობთ. ბევრს, ძალიან. გულახდილად. ეს კარგია.
უცებ ელვისებურად მეცვლება განწყობა.
საშინლად მინდა ტირილი.
იმდენად, რომ სული მეხუთება.
ნებისმიერ მის ნათქვამზე ვღიზიანდები.
ვიწყებ ტირილს, გაბრაზებული, რატომღაც.
სრული ისტერიკა.
ცოტა გაკვირვებული მიყურებს, მერე მეხუტება.
– გიო – ვჩურჩულებ.
– ჰო.
– მითხარი რამე..
– ახლა რომ გითხრა, წადი მეთქი, გითხრა, რომ გიშვებ, დაფიქრდი, იქნებ უკეთ იქნები უჩემოდ?
ვშტერდები.
ვუყურებ ჩუმად. უსიტყვოდ. ვფიქრობ. იქნებ მართალია?
ვცდილობ წარმოვიდგინო როგორ ვიქნები მის გარეშე.
არ მინდა წასვლა.. – ვამბობ ისე ჩუმად, რომ თვითონ ძლივს მესმის.. ხმა მებზარება და ვეხუტები.
– მიყვარხარ. არასოდეს წავალ, არც შენ წახვიდე, არასდროს! – ვამბობ ჩუმად.
– სად უნდა წავიდე.. სხვაგან სად უნდა ვიყო, თუ არა შენთან. – ჩუმადვე მპასუხობს.
– არ მინდა უშენოდ. არც მინდა და ვერც შევძლებ.
– არასოდეს იქნები უჩემოდ.
ამბობს და მეხუტება.
და აი, უკვე კარგად ვარ.
სახლთან ვართ.
ვუყურებთ ერთმანეთს და ისტერიულად გვეცინება ორივეს.
– გამაგიჟებ. სინათლის სისწრაფით გეცვლება ხასიათები. – მეუბნება სიყვარულით სავსე ხმით.
– ასეთი არ გიყვარვარ? – ვუყურებ და ვუცინი.
– უზომოდ. – თმას მიჩეჩავს და მკოცნის.
– მომწერე რომ მიხვალ.
გადმოვდივარ მანქანიდან.

ღამე. 12:47.
1 New Message From Gio <3

Exit mobile version