Site icon მოიისფრო

7 დღის შემდეგ. დასასრული

ეს არის რეალური ისტორია, ჩემი მეგობრის.
არ ვიცი რატომ გადავწყვიტე დაწერა, თითქოს ისეთი არაფერი.
უბრალოდ იმ ემოციამ გადამაწყვეტინა, რაც მაშინ მარიტაში დავინახე.

დღე VII

ისევ ნაძვები.
ჰორიზონტზე.
მუქი, მუქი მწვანე.
მინდა გავიქცე, თუმცა ადგილიდან ვერ ვიძვრი.
მეშინია, თუმცა ხმა არ ამომდის, რომ ვიყვირო.
გული საშინლად მიცემს, საცაა გამისკდება.
გულგახეთქილი ვიღვიძებ. მძიმედ ვსუნთქავ.
ვტრიალდები და საათს ვუყურებ.

06:00

სულ რაღაც 2 საათი მეძინა.. დღეს გიოს უნდა შევხვდე, როგორც შევპირდი.
საშინელი ღამე იყო..
ახლა ვხვდები რა შეიძლება იგრძნოს ადამიანმა, რომელსაც მეორე ადამიანისთვის განაჩენი გამოაქვს.
ნეტავ როგორ ცოცხლობენ მოსამართლეები..

07:00

წოლას აზრი აღარ აქვს. ჯობს ავდგე, ვიბანაო და რამე წავიკითხო სანამ გიოსთან გავალ.
ცხელი შხაპი.
უშაქრო ყავა.
ფანჯრის რაფა.

ძალიან ცივა გარეთ. ზამთრის მიწურულისთვის დამახასიათებელი, ძვალ-რბილ-გამყინავი სიცივეა.
ფანჯრის მინას ვადებ შუბლს. ცივია. მსიამოვნებს

13:00

ვზივარ ტაქსში.
დანიშნულების ადგილზე ვაჩერებ.
გიო დგას და მიღიმის. როგორი ბედნიერია, რა გულწრფელი ღიმილი აქვს..
საგულდაგულოდ გამზადებული ტექსტი ტუჩებზე მეყინება, სიტყვას ვერ ვძრავ.
უბრალოდ ვეხუტები და ძალიან, ძალიან მინდა ვიტირო.

გუშინაც მინდოდა, გუშინწინაც.
ერთი წვეთი ცრემლიც კი არ მომდის.
როგორ მინდა, რომ არაფრის თქმა მჭირდებოდეს.
როგორ მინდა, რომ ესმოდეს, გრძნობდეს..

მე..
მე არასოდეს მყოფნიდა სიტყვები.
ვერ გამოვხატავდი ემოციას – სიტყვით.
ან როგორ უნდა გადმოსცე ის, რასაც გრძნობ.
ეს მხოლოდ ქმედებით, მზერით შეიძლება.. ასეც – ცოტათი..
სიტყვა ხომ ასეთი ღარიბია.

ვსხედვართ კაფეში.
ყავას ვსვამთ.
უგემრიელესი ნამცხვარია, მაგრამ ლუკმა არ გადამდის ყელში.
გიო იმდენს ლაპარაკობს თავის დამტვრეული ქართულით, თან ისე მხიარულად…
სამომავლო გეგმები.
ოღონდ ეს არა…

– …და მერე ვაბშე სხვა სამსახურს რო მექნება, უფრო მაგარი, ჩემთან წამოდი
– შენთან სად?
– სახლში, სად აბა?
– გიო, მისმინე.
– კი გისმინე.

თვალებში მიყურებს. აშკარად ეტყობა, რომ ყურადღებით მისმენს.
– გიო, მე და შენ..
– ..კარგებია ერთად!
– ჰო, მაგრამ..
– მაგრამ?

სათქმელს თავს ვერ ვუყრი.
გაოცებული მიყურებს. ხვდება, რომ კარგს არაფერს ვამბობ.
ნეტავ იცოდე მე რას ვგრძნობ ახლა..
ნეტავ ერთი სიტყვით მაინც შემეძლოს მიგახვედრო, რომ შენივე კეთილდღეობისთვის ვიქცევი ასე.
როგორ მინდა ვიტირო, ღმერთო.
ღრმად ჩავისუნთქავ და ვაგრძელებ.

– გიო. მე არასოდეს გამოვირჩეოდი ღრმა ურთიერთობებით.
როგორ გითხრა, როგორღაც არავინ გამოჩნდა ისეთი, ვინც მომხიბლავდა, თავს შემაყვარებდა,
იმ ემოციებს გამახსენებდა რაც ოდესღაც მართლა იყო ჩემში.
არ მიყვარს გოგოები წარსულზე რომ საუბრობენ, როგორ ატკინეს გული, როგორ მიატოვეს, რა ცოდოები არიან და ა.შ.
არც მე ვისაუბრებ ამაზე.
ჩვენ ყველამ ვიღაც დავკარგეთ, ოდესღაც ყველას გვტკენია.
ამაში არაფერია საოცარი…
უბრალოდ მე.. მე ემოციები არ მახსოვს.
არ მახსოვს როგორ უნდა გიყვარდეს.
შენ ამ ემოციებს მახსენებ, მე კი არ მინდა ეს მოხდეს და გეტყვი რატომ.
ძალიან განვსხვავდებით…
მე და შენ..
შენ.. როგორ გითხრა, მართლა უკეთესს იმსახურებ. არ ვამბობ ამას იმიტომ, რომ განშორების სევდიანი სცენა უფრო მსუბუქი გავხადო და
განახო როგორ ვერ ვაფასებ ჩემ თავს სათანადოდ, როგორი კარგი გოგო ვარ, რომ თავი შენ ღირსად არ მიმაჩნია.
არა, ჩემი თავი ძალიან მიყვარს. ამას არასდროს უარვყოფ, მაგრამ მართლა იმსახურებ უკეთესს, რადგან ჩემი ღირსებების გარდა, ჩემ ნაკლოვანებებსაც კარგად ვიცნობ.
შენ ისეთი ადამიანი გჭირდება, ვინც მუდამ დაგელოდება, მუდამ შენთან იქნება, მოგეფერება, სითბოს და სიყვარულს გაჩუქებს.
მე ასეთი არ ვარ… არ შემიძლია მთელი ღამეები და დღეები გელოდო როდის გათავისუფლდები სამსახურიდან და მოიცლი ჩემთვის.
ხვდები რას ვამბობ?
– ხვდები! და მართალი ხარ! მაგრამ, მარ. მე არ მინდა უკეთესი გოგოსთან. მე შენთან მინდა.
ლამის მსოფლიო მოვლილი მაქვს და შენნაირი არავინ მინახავს, მე შენთან მინდა, სხვა არავინ.
ჩემთან გადმოდი საცხოვრებლად, აი, ახლავე წამოდი.
– გიო, გიო, დაიცადე. მოიცა…

ვუყურებ.
ვუყურებ როგორ ეცვლება გამომეტყველება. როგორ ხდება აბსოლუტურად ცარიელი, თითქოს ჩემ მიღმა იყურება – შუშის თვალებით.
ვხედავ როგორ ევსება ნელ-ნელა ორი შუშა ცრემლით და ისევ მეჩხირება ბურთი ყელში.
ერთი წვეთი, ორი.
ნელ-ნელა გრძნობებს ცრემლების სახით მიეცა გზა, როგორც იქნა.
არ მინდა ჩემი ცრემლები ნახოს, თუმცა დამალვასაც არ აქვს აზრი.

– მე ახლა არ ვარ ისეთი დამოუკიდებელი, რომ შენთან გამოვიქცე.. ამას ალბათ გიჟური სიყვარული სჭირდება.
მე რომ მქონდეს ჩემი სამსახური, არ ვიყო დამოკიდებული ოჯახზე, კიდევ შეიძლებოდა მეფიქრა ამაზე..
მაგრამ ასე ვერც მათ მოვექცევი, ვერც შენ და ვერც ჩემ თავს.
ჩვენ არ გამოგვივა ურთიერთობა, დამიჯერე. და ჯობს ეს ყველაფერი ახლა დასრულდეს, სანამ უფრო შორს არ წავსულვართ და ერთმანეთი არ შეგვყვარებია.

– რა იცი… შენ რა იცი მე რამდენად შორს წავედი…
რა იცი, რომ არ მიყვარხარ. – ხმა ჩაუწყდა.

– არ გინდა..
ვეუბნები და ვდგები.
რამდენიმე წუთს ადგილიდან ვერ ვიძვრი. არ ვიცი რა ვქნა. წავიდე? მივიდე? ჩავეხუტო?

ერთი ნაბიჯი… ორი… სამი.
თითქოს ახლა ვსწავლობ სიარულს.
მის გვერდით სკამზე ვჯდები.
ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ საერთოდ ვეღარ შევძლებ სიარულს.
წაშლილი აქვს სახე.
ვუახლოვდები.
ნაზი ტუჩები აქვს – როგორც ყოველთვის.

***

აბსოლუტურად ცარიელი ვარ.
ვწევარ ლოგინზე და ჭერს ვუყურებ.
ალბათ ვძულვარ.
თუმცა მისთვის იმედი არასოდეს მიმიცია.
არ მომიტყუებია – ეს ერთადერთია რაც მამშვიდებს.
იმედია ოდესმე მიხვდება, რომ ორივესთვის ასე აჯობებდა.
ტირილში მეძინება.

7 დღის შემდეგ.

დღე I

საუბარი დავასრულე და გავჩუმდი.
ველოდები თათოს რეაქციას.
ჩემ პირდაპირ ზის.
შოკოლადის მაფინი ყავასთან ერთად უცივდება.
არაფერს ამბობს, უბრალოდ ვხედავ, როგორ ევსება თვალები ცრემლით.
სულელურად ჟღერს, მაგრამ ცრემლიც უხდება.
ზოგჯერ მაგიჟებს მისი დაბალი თვითშეფასება.
მიყურებს ამღვრეული თვალებით.
ამიტომ მიყვარს ასე ძალიან, ყოველთვის ზუსტად გრძნობს იმას, რასაც მე.
ისიც ვიცი, სიმართლეს მეტყვის.
შეირხა, ე.ი. ცოცხალია.

– შემეცოდა… – გაბზარული ხმით ამბობს. – მაგრამ სწორად მოიქეცი. მეც ასე მოვიქცეოდი..
ძნელია აღიარო, მაგრამ არ გქონდათ მომავალი.
– გულზე მომეშვა. მართლა მომეშვა..
– რაც მთავარია არ მოგიტყუებია.. ახლა როგორ ხარ?
– შენზე უკეთ, მგონი :/ არ მეგონა ასე თუ განიცდიდი, თორემ ცოტა ლაითად მოგიყვებოდი.
– არაუშავს… უბრალოდ გამახსენდა, რომ მე უარესად მოვქცევივარ ადამიანებს და.. მოკლედ. შეიძლება დავწერო? – მანიაკია ეს გოგო, თუმცა კარგი ისტორია გამოვიდოდა, რატომაც არა.
– დაწერე.
მოდის და მეხუტება.
ყველაფრის მიუხედავად ბედნიერი ვარ, რომ არსებობს ადამიანი, რომელიც ყოველთვის ისეთს მიმიღებს, როგორიც ვარ.

Exit mobile version