Site icon მოიისფრო

ამ ქარიან ღამეს..


ღამეა.
ძლიერი ქარია გარეთ.
ისეთი ქარი, რომ ხვალ გარეთ გასვლის მეშინია.. მეშინია არ წამიღოს ქარმა.. თუმცა ფრენა ძალიან მინდა, მაგრამ ვიცი ბოლოს სადმე გადავიჩეხები.
ჩემი წინააღმდეგობის მიუხედავადაც გამაფრენს ქარი, მე ხომ წონა არასოდეს მყოფნის წინააღმდეგობის გასაწევად.
ჰოო..
შემოგვაღამდა.. ძააალიან ძალიან ძლიერად ქრის ქარი გარეთ და სულ უფრო მეტად ეტყობა უშენობა ჩემს არსებას.
არ ვარქმევ ამ გრძნობას არაფერს.. არ ვარქმევ მონატრებას.. უბრალოდ უშენობა მეტყობა.
მეტყობა ყველაფერზე.
მეტყობა გამოხედვაზე.
მეტყობა ღიმილზე.
მეტყობა საუბარზე.
მეტყობა სიარულის მანერაზე.
ყველაფერზე მეტყობა.
ჯერ ახლა დაიწყო ეს წელი და რამდენი რამ მოხდა უკვე..
თითქოს სულ, სულ ახლიდან ვიწყებ ცხოვრებას..
ახლიდან ვიწყებ სამყაროს აღმოჩენას.. იმის აღმოჩენას, რომ ადამიანები ნელ-ნელა ივიწყებენ თავიანთ ადამიანობას, გრძნობებს, თუნდაც იმას, რომ დილაობით ბალახზე ცვარია-ხოლმე.
რეი ბრედბერის “451º ფარენჰეიტით” – ს არ იყოს, ვერც კი ვხვდებით თანდათან რა ცუდად ვექცევით ადამიანები ერთმანეთს..
როგორ გვავიწყდება ის, რომ ოდესღაც ვგრძნობდით, ვფიქრობდით..
ალბათ იმაზე მალე მივალთ აქამდე, ვიდრე გვგონია.
ერთადერთი, რაც არ იცვლება ისაა, რომ ისევ ისე მიყვარხარ..
იქნებ მეტადაც.. და იქნებ ვერ ვაცნობიერებ ამ მეტისმეტ სიყვარულს..
იქნებ იმდენად შემიყვარდი, რომ ვეღარც ვხვდები.. იქნებ საზღვრებსაც გავცდი უკვე..
ვხვდები, რომ ცვლილებების დროა.
ოღონდ ერთი ეგაა, არ ვიცი საიდან დავიწყო.
მგონი, იმდენად გავიზარდე 1 თვეში, იმდენ რამეზე დავიწყე ფიქრი, იმდენად ვეღარ ვიტევ თავისუფლების წყურვილს, რომ პატარ-პატარა ნაწილებად დავიშალე თითქოს.
საშინლად დავიბენი და ვერც ვერავის ვხედავ ისეთს, ვინც ამ ყველაფერში გამარკვევს.
აღარავინ მინდა.
თან ყველას ვსაჭიროებ.
იმდენი ბრძოლა მიხდება ჩემ თავთან, ვეღარ ვხვდები ადამიანი ვარ თუ ბრძოლის ველი.
ცუდი დღეებია.. უშენო დღეებია..
მძულს გაჩერებები.
საიდანაც ან შენ მიდიხარ სახლში, ან მე.
მაგრამ მაინც, მაინც ეს კაკტუსი, გულში რომ მჩხვლეტს და ტკივილნარევ სიყვარულს მჩუქნის, მაინც სულ ჩემთანაა..
შენი თბილი სუნთქვა მინდა ჩემ ყურთან და შენ თბილ თითებში ჩამალული ჩემი თითები.
მეტი არაფერი.
მაწუხებს ქარის ზუზუნი..
მინდა ჩემთან იყო..
მაშინ უშენობა აღარ დამეტყობოდა და ქარიც ვეღარ შემაშინებდა ასე ძალიან..
“როგორმე ზამთარს თუ გადავურჩით, როგორმე ქარმა თუ მიგვატოვა..”
მალე გაზაფხულდება საყვარელო..
მალე..
შეხვედრამდე..

სიყვარულით “მე”.

Exit mobile version