Site icon მოიისფრო

ამ შემოდგომის საღამოს..

image

წვიმს.
ამინდიც ისეთი ცივი და არეულია, როგორც ჩემი ფიქრები ახლა.
უკვე 2 კვირაა ოქტომბერმა თავის მელოდიის დაკვრა დაიწყო და… ვსუნთქავ.
ჩვენი ტბის პირას ვზივარ. ტანსაცმელი სულ დამისველდა, მაგრამ თითქოს ესეც სულ ერთია ახლა. 
როგორ ველოდი ყვითელი ფოთლების თოვას, ნაცრისფერ შეპარულ ცას და სუსხნარევ სითბოს.
ახლა ყველაფერი ოქროსფერია..
ნელა მივდივარ, ბილიკის ორივე მხარეს ფოთლები დაყვება.

სახლში, სადაც მე და შენ უნდა გვეცხოვრა, უკვე რამდენიმე დღეა დაიწყო ცხოვრება გაძლებაზე.
სანამ ყველაფერს შენი სუნი აქვს, ვძლებ… მერე არ ვიცი.
კარადას ვაღებ, შენი კუბოკრული პერანგები ისევ ხელუხლებლად კიდია. ახლაღა ვხვდები, როგორ გავიყინე, სულ მაკანკალებს.
ვიღებ შენს მაისურს და პერანგს. მშრალია, შენი სუნი აქვს.. ვიცვამ და ბუხრის წინ ვჯდები.
ვინ.. ვის.. რატომ.. როდის.. როგორ..
ახლა რაღა მნიშვნელობა აქვს.
მიზეზი ბევრია, შედეგი ერთი.
ეს შედეგი კი ბუხრის წინ ზის და ისევ მიზეზებზე ფიქრობს.
სიტყვები…
სწორედ ის სიტყვა არ დაბრუნდება, რომელიც ალბათ არ უნდა გვეთქვა.
პატარა, რბილი თათის შეხებას ვგრძნობ ფეხზე.. ვიხედები და..
მზერა მებინდება.
ხელში ვიყვან კნუტს და ვეფერები. ახლა მე და ფისო ჩაის ავადუღებთ და წიგნს წავიკითხავთ, როგორც გუშინ.

რამდენიმე ფურცელიღა რჩება.. თვალები დამეღალა, ალბათ ფისოსაც.
ვიხუტებ, იქვე ვწვებით.
ვფიქრობ და ვასკვნი, რომ სულიერ სიკვდილს ყველაფერი ჯობს.
ჯობს ფიზიკურად მოკვდე, გაქრე, ვიდრე ყოველ ღამეს კვდებოდე და დილას, გაცოცხლებულს, ყველა ტკივილი მეტი სიმძაფრით არ გტკიოდეს.
“იცი, მე დღესაც იოლად მომკლეს და ამას მკვლელიც ვერ მიხვდა თვითონ”.
გათენდა.
ისევ მოღრუბლულია.
ამ შემოდგომის საღამოსაც ერთად გადავიტანთ მე და ფისო.
სანამ ყველაფერს შენი სუნი აქვს, ვძლებ…
მერე… არ ვიცი.

Exit mobile version