Site icon მოიისფრო

შენ ხომ ჩემი სველი თმის სუნი გიყვარდა…

გაწვიმდა… ვერცხლისფრად აელვარდა წვიმის წვეთები ხეებზე… ფოთლებზე… ქუხს… წვიმს მხოლოდ ჩემთვის და შენთვის… მე მიყვარს წვიმა… წვიმა, მუსიკა და შენ…
წვიმა მიყვარს, რადგან შენი სურნელი მოაქვს ჩემამდე და ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ისევ ჩემთან იყო… თითქოს ისევ ჩემი ხარ… არ მეჩვენება, ვიცი რასაც ნიშნავ ჩემთვის…
წვიმაა ის, რამაც შენი თავი უნდა გამახსენოს და შენი არსება მანატრებინოს…
ნეტავ სულ ასეთი ამინდი იყოს… მეტი არაფერი მინდა… წვიმაში ხომ უფრო მეტად ვგრძნობ შენს სიახლოვეს, შენს არსებობას…
მერე რა, რომ გვაშორებს დრო, მანძილი, განზომილება… სამაგიეროდ ჩემში არსებობ… ეს ყველანაირ დროსა და სივრცეზე მეტია…
არ მენატრები… არც უშენობა მტკივა… რადგან არასდროს დაგიტოვებივარ… სულ ჩემთან იყავი, ხარ და იქნები სანამ წვიმა იარსებებს…
ისევ დაიქუხა… სადღაც ელვაც გაკრთა… მე კი ვზივარ, ვუსმენ წვიმის მუსიკას და ვწერ… ვწერ დაუსრულებლად… ვწერ შენზე… ვწერ მოგონებებზე, რომლებიც ერთი წამითაც არ მაყენებენ ტკივილს…
ვიხსენებ ყველაფერს და მეღიმება…
იცი ახლა რას ვიზამ?
გარეთ გავალ… წვიმას სახეს შევუშვერ და ფართოდ გავუღიმებ…

შენ ხომ ჩემი სველი თმის სუნი გიყვარდა…

 

Exit mobile version