Site icon მოიისფრო

სანამ შემოდგომა იარსებებს.

tumblr_mb4xo5TnVv1rgajfdo1_500
წვიმს, შავი ქოლგებია ყველგან. ხალხს ეშინია წვიმის, მუქ ფერებს აფარებენ თავს,
მუქი სახეებით დადიან და მუქი ფიქრები აქვთ.
მე და შენ არ გვეშინია წვიმის, შავი ქოლგების ნაცვლად ფერადი ბუშტები გვიჭირავს,
ცისარტყელას ვხატავთ და ფერადად ვიღიმით.
მოდი, სანამ ზამთარი თავის ფიფქებს დაგვათოვდეს, მანამ შემოდგომის ყვითელმა ფოთლებმა გვათოვოს.
მოდი, სანამ თოვლში გავაკეთებდეთ ანგელოზებს, მანამ ჩამოცვენილ ფოთლებში გავაკეთოთ.
მოდი, ბევრი ვიაროთ და ბევრი ვიცინოთ და ხელები გავუთბოთ ერთმანეთს და…
უბრალოდ გვეყოს ამდენი სევდა, რა.
შენ იღიმი, მეც ვიღიმი.

შენ თბილი ხელები გაქვს და მეც მათბობ, იმიტომ, რომ შენ ჩემი ახლო მეგობარი ხარ და
შენი არსებობითაც კი მაფერადებ მაშინ, როცა მეც იმ შავქოლგიანი ადამიანებივით
მუქი ფიქრები მაწვება.
შენ შემოდგომისფერი პოსტები წერე, მე წავიკითხავ და აღვფრთოვანდები.
ჰო, მალე მოვა შემოდგომა <3
შენ ფოთლებს აყრი მაღლა, მე კი ხელებს გავშლი და ტრიალით შევეგებები დედამიწაზე დაბრუნებულ ფოთლებს.
მერე, როგორც შენ თქვი, ყველაზე ყვითლებს შენთვის დაიტოვებ, მე კი ყველაზე ლამაზფორმიანებს მაჩუქებ.
და იცი რა? მე მართლა ჩავაკრავ ამ ფოთლებს წიგნში და ყოველი გადაშლისას გამახსენდება, როგორ შემოვიარეთ მთელი თბილისი
ფეხით, შემოდგომისფერ თოვაში და როგორ გვიხაროდა.
როგორ გვასველებდა წვიმა და როგორ ვანათებდით ამდენ მუქ ფერში მხოლოდ ჩვენ ორნი.
ჩვენ ერთმანეთს ვაფერადებთ, ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით.
ჩვენ კარგად ვიქნებით, სანამ ერთმანეთი გვეყოლება.
სანამ შემოდგომა იარსებებს.

Exit mobile version