Site icon მოიისფრო

წავედი.

თვალებში მიყურებს.
ისე, თითქოს ჩემს სულში შეღწევა 
და ყველაზე დაფარული საიდუმლოებების გაგება აქვს გადაწყვეტილი.
უხერხულობისგან ვიშმუშნები და თვალს ვარიდებ. 
რატომ მიყურებს ასე? 
რისი გაგება სურს? 

სიგარეტის ღერს თითებს შორის ვიქცევ და ვუკიდებ. 
იისფერ კვამლში ეხვევა ყველაფერი და ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ნისლში ვხედავ მის სახეს. 
ისევ ჩემი შესწავლითაა დაკავებული. 
სიტუაცია უკვე აუტანელი ხდება და ის ისაა გამალებული ვიწყებ ფიქრს, როგორ დავარღვიო ეს ხმამაღალი სიჩუმე, რომ სავარძელში სწორდება და ამბობს: 

მეღიმება. 
რა გონია ახლა ამას, მატყუარა და ყალბი მიწოდა და რა? მაწყენინა? რეალობა დამანახა? 
გულით მეცინება. 
გაოგნებულია.
ძალიან დიდ ხანს ვიცინი და ოდნავ დამშვიდებული, სიცილისგან წამოსული ცრემლების წმენდით ვპასუხობ: 

ჩუმადაა. 
ისევ თვალებში მიყურებს, მაგრამ ამჯერად ყოველგვარი უხერხულობის გარეშე ვდგები და ვუახლოვდები.
ჩვენს შორის მანძილი ისე მცირდება, მისი სუნთქვის შეგრძნებაც კი შემიძლია. 

ისეთი სიჩუმეა, ჩემი ჩურჩულით ნათქვამი სიტყვებიც კი ძალიან მკვეთრად ისმის. 

ახლა მე ვუყურებ თვალებში. 
ვუყურებ ისე, თითქოს მის სულში შეღწევა და ყველაზე დაფარული საიდუმლოებების გაგება მაქვს გადაწყვეტილი. 
უამრავ რამეს ვხედავ მის თვალებში. 
ჩემი სახის ანარეკლიდან დაწყებული, იმ ყველაფრით დამთავრებული, რისი თქმაც ყოველთვის სურდა ჩემთვის. 
ახლა ის იშმუშნება უხერხულობისგან და თვალს მარიდებს. 
გვიანია, ისედაც ყველაფერი გავიგე. საწყენია, რომ ამ ყველაფრიდან არაფერს აქვს აზრი.
პირს აღებს, თითქოს რაღაცის თქმას აპირებს, მაგრამ უცებ ისეთი შიში მიპყრობს იმის, რომ მართლა ყველაფერს მეტყვის, რასაც ამდენი ხნის მანძილზე ველოდი, რომ ვდგები და მივდივარ. 

მივდივარ ჩემი ფიქრებიანად, მას კი თავის ფიქრებთან და უთქმელ სიტყვებთან ერთად ვტოვებ. 
თოვს. 
ოდესღაც, როცა პატარა და ნამდვილად ფერადი ვიყავი, ძალიან მიყვარდა თოვლი.
ეს ოდესღაც კი ძალიან დიდი ხნის წინ იყო, ახლა აღარც თოვლი მიყვარს, აღარც ადამიანები და აღარც საკუთარი თავი. 

საინტერესოა, იტყოდა თუ არა რამეს, რომ დამეცადა, რომ არ შემშინებოდა და საპასუხო ცინიზმის ნიღაბს ამოფარებული თავქუდმოგლეჯილი არ გამოვქცეულიყავი. 
რაღა აზრი აქვს, არც არაფერი, 
როგორც ყოველთვის, როგორც ყველაფერს. 

წავედი. 

Exit mobile version