რა მოხდებოდა, ფერადი ზეწრები რომ არ გვქონოდა?
ნაცრისფერი ყოველდღიურობა ჩაგვყლაპავდა?
თუ გვეყოფოდა გამბედაობა, ფერადი ფანქრები აგვეღო და შავ-თეთრი ზეწრები თავად გაგვეფერადებინა?
აქ ხომ თოვლიც კი არ მოდის ზამთარში, ან რა აზრი აქვს თოვას, როცა ყოველ ფიფქს
რომელიღაც მომაკვდავის ბოლო სუნთქვა მოყვება?
ხედავ? არც თოვლი ყოფილა ისეთი ლამაზი, როგორც გვეგონა.
დღეები ერთმანეთს მისდევს.
ახლა შემოდგომაა, ოქტომბერი დაიწყო უკვე.
წესით ყველაფერი ოქროსფერში უნდა იყოს გახვეული, მაგრამ ფოთლებიც თითქოს
ჯინაზე არ ცვივა ხიდან.
ვზივარ სახლში, პლედში გახვეული და ვუყურებ კნუტს, რომელიც აქვე, გვერდით მიზის და ბეწვს ილოკავს.
გარშემო ვიყურები.
ფერადი პლედი, ფერადი ფოტოებით სავსე კედლები, ფერადი ყვავილები, ყველაფერი ფერადია ჩვენს სახლში.
ფერადი და ლამაზი, მაგრამ საკმარისია გაიხედო გარეთ და…
კორპუსი. ნაცრისფერი. მდუმარე.
ერთი, ორი, სამი, ათი ასეთი კორპუსი.
სადღაც, იმ კორპუსებს მიღმა განათებული მთაწმინდაა.
მთები.
სადღაც თავისუფლად სუნთქავენ, სინათლეა, თოვლსაც თავის ხიბლი აქვს, ალბათ.
აქ მუდამ ასე იყო.
ჩვენ ქვეყანაში, ან მხოლოდ ფასადებია ფერადი, ან ამ ფასადებს მიღმა არსებული სივრცე.
ორივე ერთად – არასდროს.
კიდევ ბევრ ახლად გახსნილ “პლეხანოვს” აავსებს ჩუმად ნათქვამი “დამეხმარე, ბავშვი მყავს ავად”.
საშინელებაა, როცა მხოლოდ ცუდსა და უარესს შორის გვაქვს არჩევანი და ალბათ კიდევ უფრო ცუდია,
როცა არც ერთს არ ვირჩევთ.
ვსხედვართ ამერიკული ოცნებებით სავსე, მიუხედავად იმისა, რომ “ოცნებები” არასოდეს ხდება.
კიდევ ერთ ჭიქა მწვანე ჩაის დავლევ, კნუტს მოვეფერები, მერე მე და სანდრო ერთად დავაწყობთ გეგმებს, როგორ მოვახერხოთ, რომ ჩვენი ფერადი ზეწრები არასოდეს გახუნდეს ამ ნაცრისფერ რეალობაში.
Read Next
ჩვენი სახლი სიყვარულის ყველაზე ლამაზ ქუჩაზე იდგება. მუდამ საკურას სუნით გაჟღენთილ ქუჩაზე, მთვარისფერი სინაზით სავსე. რეპეტიციიდან მოსულს შენს სიმშვიდეში გამახვევ და შუბლზე კოცნით გააქრობ დაღლილობას. მერე ერთად ვუყურებთ ფილმს და შენი სურნელით სავსე დილამდე ვიძინებ იმ ძილით, რომლის სიზმრებშიც ვერასდროს …
სიყვარულია, როცა დილას იმ ფიქრით ვიღვიძებ, რომ შენ ჩემ ცხოვრებაში არსებობ. რომ დღეს უნდა გნახო, ან ვერ გნახო და განწყობაც შესაბამისია. როცა დილას აუცილებლად მხვდება შენი SMS, ვკითხულობ რამდენჯერმე, თუნდაც ერთი სიტყვა ეწეროს და ბედნიერს მეღიმება. სიყვარულია, როცა ღამით შენთან …
“და დღე, რომელიც უშენოდ მოვა, მხოლოდ გარედან იქნება მშვიდი.” ბევრჯერ გამღვიძებია ღამით სიზმრით შეშინებულს. დამსიზმრებია, რომ დავშორდით, ან რამე დაგემართა, ერთი სიტყვით უშენობა – ყველაზე დიდი კოშმარი იყო. ცნობიერად თუ არაცნობიერად ყველაზე მეტად ამის მეშინოდა. მერე გირეკავდი – ხშირად ატირებული, …
ადრე, როცა მე და ჩემი და პატარები ვიყავით, ერთი ტრადიცია გვქონდა. ნაძვის ხეს ყოველთვის 24 დეკემბერს ვაწყობდით, მამაჩემის დაბადების დღეს. ჩვენს დაბადებამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო ეს ტრადიცია,მამაჩემის დაბადებიდან. ჰოდა, ასე, 24 დეკემბერს ყველა ერთად, საზეიმოდ ვრთავდით ნაძვის ხეს, რომელიც იმ დროისთვის უკვე საკმაოდ ძველი იყო. სათამაშოებიც ძალიან ძველი ქონდა, მაგრამ ეგ ძველისძველი სათამაშოები დღემდე სიგიჟემდე მიყვარს. დროთა განმავლობაში ძველი ნაძვის ხე შეიცვალა ახლით, სათამაშოებიც ახალმა, უფრო თანამედროვე და სხვადასხვანაირი დიზაინის სათამაშოებმა ჩაანაცვლა. მხოლოდ ერთი რამ არ იცვლებოდა – პატარა ზეიმი, რომლის მონაწილეებიც ყველა ერთად ვიყავით. დრომ პირველი ბებო გამოაკლო ამ ტრადიციას. დღეს კი პირველი წელია, როცა მამას დაბადების დღეზე, მამასთან ერთად არ ვაწყობთ ნაძვის ხეს. არ ვიცი, რამ უნდა გააქროს 24 დეკემბრის სევდა, ან რა დრო უნდა გავიდეს, რომ ჩვენი ეს პატარა ტრადიცია ცრემლების გარეშე, მხოლოდ ღიმილით გავიხსენო, ან როგორ უნდა დავიჯერო, რომ აღარ ხარ და აწი მხოლოდ შენთან დაკავშირებული მოგონებებით მოგვიწევს ცხოვრება. არც იმის მჯერა მაინცდამაინც, რომ დრო რამეს განკურნავს, ვერასდროს მივეჩვევი იმ ფაქტს, რომ შენ არ ხარ. ჩვეულებრივად მიდის თითქოს ცხოვრება, ნაძვის ხეც დავდგით, ეს წელიც წავა და ახალიც მოვა, მაგრამ ვეღარასოდეს, ვეღარაფერი იქნება ისე, როგორც იყო. ყველაფერი შეიცვალა და არ ვიცი, როგორ შევეგუო ამ რეალობას. გილოცავ მა დაბადების დღეს. მიყვარხარ.