დავრჩები ოქტომბრის სევდიან ფიქრებად, ან პირველ ფიფქებად ნოემბრის მიწურულს..
იცი, ალბათ ქუჩის ნაპირებში აქა-იქ შემორჩენილი ფოთლები თუ მოგაგონებენ ჩემი მზით გამთბარი თმის ფერს.
იქნებ და ნოტებზეც შემეძლო დარჩენა, ან იქნებ კოსმოსში გაფრენაც შემეძლო..
მე ხომ არასდროს მყოფნიდა სიტყვები გრძნობების გამოსახატად.
შევძლებდი შენს ფიქრში გრძნობებად დარჩენას? ან ამ სამყაროში სუნთქვას თუ შევძლებდი.. არ ვიცი.
სცენის მტვერს კოსმოსის ფერადი მტვერიც ერევა და ვგრძნობ, როგორ მწამლავს.
დავრჩები წვიმისთვის ფიქრების განდობად, ან ყვითელ ფოთლებად ნაწვიმარ მიწაზე..
იქნებ შენს გარშემო ნისლის ღრუბლებად დარჩენაც შემეძლო,
ანდა ნაზ სურნელად კუბოკრულ პერანგზე..
“შენ არასოდეს იცოდი ზღვარი. მუდამ იმაზე მეტად გიყვარდა, ვიდრე შეიძლება
და იმაზე მეტად გტკიოდა, ვიდრე აიტანდი.” ჩამჩიჩინებს მეორე მე.
მე კი გაზზე შემოდგმულ ჩაიდანს ვუყურებ და ვხვდები,
შემეძლო მოიისფრო გრძნობად დავრჩენილიყავი, ან ლურჯ საიდუმლოდ, წვიმას რომ გაანდობდი.
დავრჩები ზღვის სანაპიროზე დადებულ ფიცად..
ანდა ზღვის სურნელად ჩვენს თმებზე და ვარსკვლავიან ცად – ჩვენი ფიცის ერთადერთ მოწმედ.. ჰო.
წითელი პომადა სულ არ უხდება სევდისფერ სამოსს,
მაგრამ რამემ ხომ უნდა გამაფერადოს. მე კი ამ პომადის კვალს გიტოვებ ტუჩებზე და…
ალბათ ოქტომბრის სევდიან ფიქრებად, ან თოვლის უბრალო სიმართლედ დავრჩები.
Read Next
მიყვარს ჰაერში დატრიალებული სიცივის სუნი, ჩემი შემოდგომა მიყვარს. მიყვარს, როდესაც გარეთ წვიმს, მე და შენ კი ვსხედვართ ოთახში, ცხელ შოკოლადს ვსვამთ და ვხვდებით, რა უბრალო და დიდი ბედნიერებაა ასე ერთად ჯდომა მაშინ, როცა გარეთ ძალიან ცივა, ცხვირს და ხელებს შოკოლადით …
ყველაზე ცუდი სიცარიელის შეგრძნებაა, დილას პირველ გრძნობად რომ მოდის და ახლად თვალგახელილს უცებ რომ შეგახსენებს მომავალი დღის უაზრობას.რა გინდა რომ ქნა?მეგობრები …
სიტყვების უაზრო რახარუხი.. და მაინც რამდენი რამ ვერ ვთქვით. ნუთუ მხოლოდ სიყვარულიდან სიძულვილამდე გადადგმულ ნაბიჯშია გამოსავალი? ნუთუ მხოლოდ ასე შეიძლება ყველაფრის თავიდან დაწყება იისფერი დილის, იასამნის სურნელის და ვერშეგრძნებული გაზაფხულის გარეშე? და თუ ასეა, მაშინ ამ ნაბიჯსაც გადავდგამ ოდესმე ალბათ. …
ბოლო დროს ძალიან ბევრს ვფიქრობ… ყველაფერზე, ამავე დროს არაფერზე, მაგრამ ეს „არაფერი“ რეალურად ისე ბევრია… ვფიქრობ შენზე და ჩემზე… ვერშემდგარ სიყვარულზე, ჩემს შენდამი დამოკიდებულებაზე, წვიმაზე, ყვავილებზე, მზეზე, შენს ახალ ცხოვრებაზე სხვა სივრცესა და განზომილებაში, ჩემს მოჩვენებით ცინიზმზე – სახეზე ფარივით …