ბევრი იასამანი მაქვს სახლში.
ვუყურებ და ვფიქრობ, რამდენი ხუთფურცლიანი ყვავილი შეიძლება ქონდეს.
არ ვიცი როდიდან დამჩემდა ასე ძალიან იასამნის სიყვარული.
ფაქტია, უხსოვარი დროიდან იასამნებზე ვგიჟდები.
ბავშვობაში დედაჩემმა მითხრა ერთხელ,
ხუთფურცლიან იასამნის ყვავილს თუ იპოვი,
ყველა სურვილი აგიხდებაო.
ასე მჯეროდა მუდამ.
მახსოვს, გაფართოებული თვალებით, გაფაციცებით ვეძებდი ხუთ ფურცელს
ათასობით იასამნის ყვავილში.
მეგონა თუ ვიპოვიდი, ნატვრისთვალივით იმოქმედებდა და
ერთბაშად ამიხდენდა ყველა ოცნებას.
გადიოდა დრო და ნელ-ნელა ვხვდებოდი, რომ ოცნებები ასე ადვილად
არ ხდება და იასამნის ხუთფურცლიანი ყვავილიც მხოლოდ ერთით მეტი ფურცლით
განსხვავდებოდა დანარჩენებისგან.
ვხვდებოდი ერთია, მინდოდა თუ არა დაჯერება – მეორე.
ალბათ ამიტომაც, დღემდე, როცა ხუთფურცლიან იასამანს ვხედავ,
რაღაც უცნაური გრძნობა მეუფლება, თითქოს ძალაუნებურად
ვიწყებ ფიქრს იმაზე, რაც მინდოდა და არ ამიხდა.
ვუყურებ.
ვუყურებ და ცრემლებით მევსება თვალები ზოგჯერ, ნუთუ ასეთი შეუძლებელია
იასამანი ოცნებებს ახდენდეს?
რას ვისურვებდი?
არ ვიცი.
ალბათ იასამნების ბაღს, სადაც ვიჯდებოდი და
დავწერდი იასამნის სურნელით სავსე, იისფერ დღეებზე.
ჩემზე და შენზე, ყვითელ ფოთლებზე,
ვაშლის ნამცხვარზე და ლიმონის ჩაიზე.
მოიისფრო შეგრძნებებზე, ახდენილ, ან ვერახდენილ ოცნებებზე,
ლურჯ სიზმრებზე, ქარზე, წვიმაზე,
გვირილებით სავსე ველზე, ჩაკიდებულ ხელებზე,
შენი ყელიდან გამოყოლილ სურნელზე,
იასამნეთზე,
იასამნეთზე დავწერდი ბევრს, იასამნების ბაღში.
ახლაც, ბევრი იასამანი მაქვს სახლში.
ვუყურებ და ვფიქრობ, რამდენი ხუთფურცლიანი ყვავილი შეიძლება ქონდეს.
Read Next
ასეც ხდება. ამინდი უეცრად, რადიკალურად იცვლება – ხოლმე. ალბათ ამაზე ამბობენ “მოწმენდილ ცაზე მეხი გავარდაო”. მეხი არ ვიცი, მაგრამ ქარი …
რამდენიმე საათიც და გათენდება. ჰო, რამდენიმე საათში ძალიან იწვიმებს, მე კი ეს ესაა სახლში შემოსული უნარების კონსპექტებს ჩავუჯდები. მერე რა, რომ რეპეტიციაზე ძალიან დავიღლები, მაინც სრული შემართებით დავაპირებ მაგისტრატურაში ჩაბარებას. მერე რა, რომ მალევე გადავიფიქრებ. მთავარია, რომ 28 თებერვლის საღამოს წვიმისგან …
რთულია საკუთარ თავს სისუსტის გამოვლენის უფლება მისცე. ალბათ სიძლიერეც ყველაზე დიდ სისუსტედ იქცევა რაღაც მომენტში და ისე გაგტეხავს, შეიძლება ვეღარც შეძლო გამრთელება. როცა ყველაფერი სულს გიხუთავს, ამაოდ ცდილობ სუფთა ჰაერი იპოვო ამდენ სიბინძურეში და საბოლოოდ ხმელეთზე უწყლოდ დარჩენილ თევზს ემსგავსები. …
ამჯერად ტრადიციას დავარღვევ და პოსტს დაბადების დღემდე რამდენიმე წუთით ადრე კი არა, უშუალოდ ამ დღეს დავწერ. როცა შენ დაბადების დღემდე …