როცა თმაში უკვე წვიმადქცეული ფიფქები გიბრწყინავს, სიგარეტის ბოლო ღერიც დიდი ხანია ჩაიწვა და გაყინულ თითებსაც ვეღარაფერი გითბობს, ხვდები, რომ უჩვეულოდ, უცებ შეიცვალა ყველაფერი.
ზიხარ ოთახში, სადაც დიდი ხანია არავინ ყოფილა. ერთი ნათურა ბჟუტავს, მაგრამ მისი სინათლე არაა საკმარისი. ამ მბჟუტავ სინათლეზე ძლივს არჩევ საგანთა კონტურებს. ძველისძველ კარადას, სადაც გახუნებული, ჩრჩილნაჭამი პალტო ინახება… და შენი მოგონებები. სხვა არაფერი. იქვე მორყეული საწერი მაგიდაც დგას, რომელთანაც კაცმა არ იცის როდის იჯდა ბოლოს ვინმე.
ფრთხილად ჯდები სკამზე. მისი ჭრიალი ერთადერთი ხმაა, რაც ამ სულის გამყინავ სიჩუმეში ისმის.
მაგიდაზე რამდენიმე წერილია. მართალია ამ სიბნელეში კითხვა გაჭირდება, მაგრამ ოჰ, ეს ადამიანური ცნობისმოყვარეობა… მაინც ხსნი.
აი, თურმე რას წერდა ომში წასული ბაბუაშენი ბებოს.
ტყვიების ზუზუნი, ახალგაზრდა, ლამაზი ბაბუაშენი სანგარში ჩაწოლილა და წერილს სწერს 22 წლის ბებიაშენს, რომლის მუცელშიც მათი სიყვარულის პირველ და ერთადერთ ნაყოფს დაუდია ბინა. რა დროს წერილებია, როცა ირგვლივ ყველაფერი ფეთქდება? მაგრამ სიყვარული… ეს მჩხვლეტავი კაქტუსი…
ფურცლები ძველი და გახუნებულია. ომის, სიყვარულის და სიძველის სუნი აქვს. კიდევ აუხდენელი ოცნებების და შვილის, რომელიც ბაბუას არასდროს უნახავს.
ზიხარ და არ იცი როგორ გათიშო ფიქრი. როგორ მოახერხო, რომ ჭკუიდან არ შეგშალოს. სიყვარულის არსებობის გჯეროდა, მისი მარადიულობის – არა.
მაგრამ ყოველთვის, როცა ბაბუს გახსენებაზე ბებოს თვალებზე მომდგარ ცრემლს ხედავდი, ხვდებოდი, რომ თურმე სიყვარული მარადიულადაც შეიძლება გაგრძელდეს.
ზიხარ ოთახში, სადაც შენი ბოლო ემოციაც გარეთ ამ წამს დამდნარი ფიფქივით მოკვდა. ირგვლივ ყველაფერს სევდის ფერი აქვს.
Read Next
სპეციალურად ვწერ ამ პოსტს 15 თებერვალს. ანუ მაშინ, როცა ე.წ. “სიყვარულის დღე” აღარაა. ყოველთვის აღვნიშნავდი ამ დღეს. მნიშვნელობა არ ქონდა მეგობრებთან, თუ შეყვარებულთან ერთად და ყოველთვის მეცინებოდა იმ ტიპებზე, რომლებიც ამბობდნენ, ყოველი დღე სიყვარულისაა და თარიღები საჭირო არ არისო. მეგონა …
ჩუმი ფრთხიალი. სიფრიფანა ფრთების ბოლო დაქნევა და… დაეცა პირველი პეპელა. ტკაც. მსუბუქი სიკვდილის სუნია ჰერში, არა – ფიზიკურის. ჩვენი ოთახი საოცრად ნაზი ფერი იყო.. ჩვენი სიყვარულის ფერი. მოიისფრო შეგრძნებებმა შემიპყრო ისევ. ყავის არომატმა ის დღე გამახსენა პირველად რომ დაგინახე. ისეთი …
ჩვენი სახლი სიყვარულის ყველაზე ლამაზ ქუჩაზე იდგება. მუდამ საკურას სუნით გაჟღენთილ ქუჩაზე, მთვარისფერი სინაზით სავსე. რეპეტიციიდან მოსულს შენს სიმშვიდეში გამახვევ და შუბლზე კოცნით გააქრობ დაღლილობას. მერე ერთად ვუყურებთ ფილმს და შენი სურნელით სავსე დილამდე ვიძინებ იმ ძილით, რომლის სიზმრებშიც ვერასდროს …